“თუ ვაქცინა არ იქნება, ზუსტად ამ გახსნის მომენტში ვეღარ შევაკავებთ შემთხვევებს” – მაია ბუწაშვილი კორონავირუსზე

„მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მესიჯების იდეა ის არის, რომ თუ კოვიდისაფეთქება მოხდება, ეს იქნება რიგითი ადამიანების ბრალი, თორემ შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერი გააკეთეს.

ცოტა არ იყოს, არ მომწონს ეს პათოსი და ამ პასუხისმგებლობის სრულად დაკისრება მოსახლეობაზე. საქმე ისაა, რომ ტაქტიკა და პრევენციული ღონისძიებები მაშინ შეიძლება, ჩაითვალოს სწორად და ეფექტურად, თუ ისინი ზუსტად იმ კონტექსტსა და რეალობაზეა მორგებული, რომელიც არსებობს.

ისედაც ხომ მოსალოდნელი იყო და მეც ხშირად ვიმეორებდი ხოლმე, რომ შეუძლებელია, ადამიანებმა განუსაზღვრელად დიდხანს დაიცვან რეგულაციები.

ამიტომ, იმდენად მოზომილი უნდა იყოს, რომ რაღაც მომენტში ყელში არ ამოუვიდეს ხალხს, სრულად არ თქვან უარი წესების დაცვაზე ზუსტად ყველაზე საჭირო მომენტში და მერე არ გაგვიხდეს საძახებელი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა თავში ქვა გიხლიათ, რაც დაგემართებათ, თქვენი ბრალიაო.

ნამდვილად გვქონდა შესანიშნავი სტატისტიკა, იმედია – ასეც გაგრძელდება, მაგრამ თუ შემთხვევათა აღმავლობა იქნება, ეს ხალხის ბრალი არ იქნება. უბრალოდ, ეს დაამტკიცებს იმას, რომ რაც  უნდა ჩავკეტოთ ყველაფერი, ადრე თუ გვიან, გახსნა მოგვიწევს და თუ ამ დროისთვის ვაქცინა არ იქნება, ზუსტად ამ გახსნის მომენტში ვეღარ შევაკავებთ შემთხვევებს.

ასევე, როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს ვაჯობეთ ინფექციის მართვაში, იქნებ იმაზეც ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე ბევრჯერ უკეთესი ჯანდაცვა აქვთ, ცოტა ნაფიქრი ექნებოდათ, ასეთი ტოტალური ჩაკეტვა ღირს თუ არა და რისკები და სარგებელიც ცოტა აწონილ-დაწონილი.

როგორ დავიჯერო,  ჩვენ ექსკლუზიურად მივხვდით, რომ მკაცრი კარანტინი კარგია და იმათ გაუჭირდათ ამის მიხვედრა და რაც დაემართათ, ამიტომ დაემართათ. თუმცა, რა თქმა უნდა, იქაც ბევრი პრობლემა აქვთ და ჩაკეტვა-გახსნის გადაწყვეტილებები არამარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, განვითარებულ სამყაროში, ხშირად ცოტა ქაოსურად და სპონტანურად მიიღება.

როდესაც რეგულაციებს ვასუსტებთ, ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ადამიანები ამით ისარგებლებენ. სახლში თვეობით ჩაკეტილმა ადამიანმა ზაფხულში დასვენება და კაფეში შესვლა თუ გადაწყვიტა, როგორ უნდა დათვალოს, ამ სივრცეში უკვე 99 ადამიანია და მე-100 არ ვიყოო, არ ვიცი.

ამიტომ, ცოტა გამაღიზიანებელია “ფეისბუქზე” იმ ხალხის შეჩვენება, ვინც ამ ადგილებში დადის. სპეციალისტები (ჩემი ჩათვლით) მოვუწოდებთ ხალხს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და ეს სწორი მოწოდებაა, მაგრამ, ისევ და ისევ, გაურკვევლობას და ორაზროვნებას ქმნის, სად და ვისთვის შეიძლება თავშეყრა და ვისთვის – არა?

ეს, სხვათა შორის, იმ ექიმებსაც ეხება, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ ჩაქვში წასვლით და რატომღაც ახლა ყველა მათ ეჩხუბება ‘ფეისბუქზე”. თუ არ უნდა წასულიყვნენ, მაშინ შესაბამის რეგულაციას ამისი უფლება არ უნდა მიეცა.

ისე, არ მგონია, ოთხასივე ექიმი ერთად შეკრებილიყო, კონფერენციას ცალკეული სექციები აქვს ხოლმე (მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ, მე ან ჩემი რომელიმე თანამშრომელი ჩაქვში არ ვყოფილვართ, უბრალოდ, მგონია, რომ იქ მყოფ ექიმებს უსამართლოდ აკრიტიკებენ და ექიმებსაც აქვთ მოდუნების უფლება).

მოკლე შინაარსი ის არის, რომ საერთო და კონკრეტული ხაზი უნდა გვქონდეს, მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაციებით, სადაც ადამიანური სისუსტეებიც გათვალისწინებული იქნება და – ეკონომიკაც.

რაღაც გაურკვეველი და შუალედური ვარიანტები და ადამიანების თვითშეგნების იმედად დარჩენა არ გამოდის. ან ისევ ყველაფრის ჩაკეტვისა და იზოლაციის ტაქტიკას ვირჩევთ (პირადად მე ამ არჩევანს არ ვემხრობი) ან – შესუსტებულ რეგულაციებს, ოღონდ ვაი-ვიშისა და ცალკეული ადამიანების შეჩვენებისა და ნამუსზე შეგდების გარეშე და, ბოლოსდაბოლოს, ვეგუებით გაზრდილ სტატისტიკასაც“, – წერს მაია ბუწაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები