თბილისში, ჩინელების საკვებად გამზადებული ლეკვი გადაარჩინეს

თბილისში, ლილოს დასახლებაში მდებარე ჩინელების ბაზრობაზე, ცხოველთა მოყვარულმა ადამიანმა უსუსური ლეკვი პატარა გალიაში შეამჩნია. იგი შეშინებული თვალებით გამვლელებს აკვირდებოდა. მან ცხოველს ფოტოები გადაუღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამასთან ერთად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბაზრობაზე მომუშავე ჩინელები ძაღლებს ასუქებდნენ, ხოლო შემდეგ ჭამდნენ.
ტასიკოც მომდევნო სადილი გახდებოდა, რომ არა ეკა ქართველიშვილი, რომელიც ინფორმაციის გავრცელებისთანავე მის გადასარჩენად ჩინელების ბაზრობაზე მივიდა.
“როგორც ამბობენ, იქ, სადაც ლეკვი ვიპოვეთ, ჩინელები ძაღლებს ასუქებდნენ და ჭამდნენ. ტასიკო დროულად ვიპოვე და წამოვიყვანე. მას ენტერიტი და კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები აღმოაჩნდა. კეთილი
ადამიანების დახმარებით, ყველაფერი დაძლია და ახლა კარგად არის”, – ამბობს ეკა ქართველიშვილი.
არავინ იცის, რა დღეები გამოიარა პატარა ლეკვმა, მაგრამ ნათლად ჩანდა, რომ მან ძალიან დიდი სტრესი მიიღო.
“2-3 დღე საერთოდ არ მეკარებოდა, საკვებს რომ დავუდებდი, სანამ სხვა ოთახში არ გავიდოდი, არ ჭამდა. დღემდე, ოთახში თუ ვინმე მოულოდნელად შემოდის, ძალიან ეშინია და კივილს იწყებს”, – ამბობს ეკა.
ტასიკო ეკასთან ორი თვე ცხოვრობდა და ამ ხნის განმავლობაში არა მარტო ოჯახის წევრებს, არამედ ათობით ადამიანს თავი შეაყვარა. შეუძლებელია, ემოციის გარეშე შეხედო ლეკვს, რომლის თვალებშიც მთელი სამყაროა.
ეკამ ლეკვს Facebook-ზე გვერდიც გაუხსნა, სადაც ცხოველთა მოყვარულებს ყოველდღე ანებივრებს ტასიკოს ფოტო თუ ვიდეო მასალებით.
ეკას თქმით, ტასო არაჩვეულებრივი, მოწესრიგებული და ამასთანავე მორცხვი გოგოა, დიდი კეთილი გულით, რომელსაც ადამიანების ნდობა, მზრუნველობამ და სიყვარულმა დაუბრუნა.
ტასომ დაიმსახურა მზრუნველი ოჯახი და მართლაც, 2 თვის შემდეგ იგი მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში მოხვდა.
ეკამ ლეკვის აყვანის მსურველებს შორის საუკეთესო პატრონი შეარჩია – თინა ქარელი. დღეს ტასიკო ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, რომელზეც ზრუნავენ, უყვართ და ანებივრებენ. და მართლაც, მან ეს დაიმსახურა.
საბედნიეროდ, საქართველოშიც არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც ცხოველებზე უანგაროდ ზრუნავენ, ხოლო შემდეგ საიმედო ოჯახებში აბინავებენ. მათი წყალობით, არაერთი კომპანიონი ცხოველი ბედნიერი განაგრძობს ცხოვრებას კეთილი ადამიანების გარემოცვაში, თუმცა, არაერთი დაუცველი ძაღლი თუ კატა დადის ქალაქის ქუჩებში. მათ, ტასიკოს მსგავსად, სიყვარული და სითბო სჭირდებათ.

წყარო:https://zooclub.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები