ვინ იყო ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი, რომელმაც პირველმა შემოუფრინა ეიფელს

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორის, ბესარიონ ქებურიას მფრინავის ლიცენზია, რომელიც მან საფრანგეთის სპორტული ავიაციის კომისიისაგან 1910 წელს მიიღო. 

ბესარიონ ქებურია საქართველოში, ჩხუროწყუში, 1870 წლის 15 თებერვალს დაიბადა. მის სახელს უკავშირდება საქართველოში სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბება. 1908 წელს, ქებურიამ საკუთარი ხელით ააგო პლანერი და აფრენის ცდები ჩაატარა საბურთალოს მთებიდან. 1909 წელს, როდესაც მსოფლიო სენსაციამ მოიცვა, რომ ფრანგი ავიატორი, ლუი ბლერიო, საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანით გადაფრინდა საფრანგეთიდან ინგლისს, ბესარიონმა გაყიდა ყველაფერი, თუ რამე ებადა და, შეგროვილი თანხით, პარიზს გაემგზავრა. ულამაზესი მეუღლე და სამი ვაჟი მარტო დაუტოვებია. 1909 წელს, საავიაციო სკოლა სულ 16-მა კაცმა დაამთავრა და, 1910 წლის აგვისტოს, ბესარიონ ქებურია გახდა 209-ე მფრინავი ავიატორი.

1913 წლის დამდეგს, ქებურიამ უკანასკნელად მოაწყო საჩვენებელი ფრენა ბათუმში. დიდ სიმაღლეზე ძრავა გაჩერდა და ბესარიონი პლანირებით ზღვაში დაეშვა. როცა მეზღვაურებმა მიუსწრეს, ქებურია უკვე იხრჩობოდა, მაგრამ თვითმფრინავს ხელს არ უშვებდა. მისთვის მთავარი იყო ძრავის გადარჩენა. მას სიცოცხლე ფრენის გარეშე ვერ წარმოედგინა, მაგრამ ომის დაწყებამ მისი გეგმები ჩაშალა. არსებობს ვერსია, რომ ბესარიონ ქებურიამ, გამოცდის ჩაბარების დროს, პირველმა შემოუფრინა ეიფელის კოშკს… 20-იან წლებში, ქებურია ეიფელის ფირმას უკავშირდება და მათგან რკინის ასაკრეფი ხიდის კონსტრუქციას ყიდულობს. ცემსა და ლიკანში რკინის ხიდები, საფრანგეთიდან გამოგზავნილი კონსტრუქციით, ქებურიას დამსახურებით აიგო. ბესარიონ ქებურიას შემდეგ, ლუი ბლერიოს საფრენოსნო სკოლა კიდევ რამდენიმე ქართველმა დაამთავრა.

1923 წელს, ქებურია საჰაერო ფლოტის თავმჯდომარედ აირჩიეს. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. მოგვიანებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი უწოდეს. ქებურიას ძეგლები დგას ჩხოროწყუსა და თბილისის აეროპორტში. ბესარიონ ქებურია გარდაიცვალა 1958 წელს 88 წლის ასაკში, თბილისში. დაკრძალულია მშობლიურ რაიონში.

კომენტარები

სხვა სიახლეები