ვინ არის გოგონა, რომელმაც ავსტრიაში უცხოელ სტუდენტებს საქართველო ქართული ჩოხით გააცნო (ვიდეო)

22 წლის მართა გაბაძე ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ტურიზმისა და მასპინძლობის სკოლაში სწავლობს. ერთ-ერთი საგნის ფარგლებში, გადაწყვიტა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კურსელებისთვის საქართველო ორიგინალური გზით, ნაციონალურ სამოსში გამოწყობილს გაეცნო. როგორ მოხვდა ავსტრიაში და რატომ გაუჩნდა იდეა, რომ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია მოემზადებინა, მართა გაბაძე „კვირა+”-ს გაესაუბრა.

„აქ ჩამოსვლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ახლა ზალცბურგში ტურიზმისა და მასპინძლობის სკოლაში ვსწავლობ. ყოველ წელს იღებენ 30 სტუდენტს სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა ასევე აქვთ პრიორიტეტული ქვეყნების სიაც, მათ შორის არის საქართველო. ქართველ სტუდენტებს ყველაფერს უფინანსებენ, ფრენას, სწავლას, საცხოვრებელს და კვებას. როცა ვნახე, რომ მიღება დაწყებული იყო სასწრაფოდ გავაგზავნე აპლიკაცია. 1 თვის შემდეგ კი დადებითი პასუხი მომივიდა და სექტემბერში აქ ჩამოვედი. ეს პროგრამა 8-თვიანია. 17 სხვადსხვა ეროვნების სტუდენტთან ერთად ვსწავლობ და ვცხოვრობ“, – ამბობს მართა.

მართას თქმით, მისი კურსელების უმრავლესობამ არაფერი იცოდა საქართველოს შესახებ და დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლოზე ვრცელი ინფორმაცია მიეწოდებინა. განსაკუთრებით კი ოკუპაციაზე სურდა საუბარი.

“ერთ-ერთი საგნის ფარგლებში ყველა სტუდენტს თავის ქვეყანაზე პრეზენტაცია უნდა მოგვემზადებინა. ეს კი საუკეთესო გზა იყო სტუდენტებს საქართველოს შესახებ გაეგოთ. ჩამოსვლის დღიდან ყველა მეკითხებოდა საიდან ვიყავი და როცა ვპასუხობდი ყველაზე გამაღიზიანებელი იყო ის, რომ ეგონათ საქართველოში რუსულად ვლაპარაკობდით. როცა გავიგე, რომ პრეზენტაცია მექნებოდა, ზუსტად ვიცოდი, რაზეც უნდა მელაპარაკა, მაგრამ ძალიან რთული იყო 10-წუთიან ლიმიტში ყველაფერი მომეყოლა საქართველოზე.
ყველაზე მეტად რაზეც მინდოდა ლაპარაკი, ეს იყო ოკუპაცია, ასე რომ, მსოფლიო რუკაზე საქართველოს ჩვენების შემდეგ, ყველას ავუხსენი და ვაჩვენე, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული იყო” – ამბობს მართა და აღნიშნავს, რომ 10-წუთიან პრეზენტაციაში რთული იყო ყველაფრის ჩატევა, რისი თქმაც სურდა, თუმცა მაინც მოახერხა ესაუბრა ქართულ ღვინოზე, მუსიკაზე, პირველ ევროპელებზე, ქართულ დამწერლობაზე და ყველაფერზე, რითიც ძალიან ამაყობს.

ავუხსენი და დავუმტკიცე, რომ საქართველო ევროპის ყველაზე კარგად შენახული საიდუმლო იყო“, – ამბობს მართა.  სპეციალურად ამ დღისთვის მართას დედამ ნაციონალური სამოსი შეუკერა და ავსტრიაში გაუგზავნა, რათა პრეზენტაცია უფრო ეფექტური და დასამახსოვრებელი გამოსულიყო.
ავსტრიაში უცხოელი კურსელებისთვის გამართულმა პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა, მართამ აუდიტორიის მხურვალე ოვაციები და ლექტორისგან მაღალი შეფასება მიიღო.

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები