ემოციური პოსტი უსაფრთხო მშენებლობაზე საქართველოში – “წაბორძიკება და… მიფრინავ…”

„ფეისბუქმომხმარებელი“ შაკო ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში მშენებლობაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ქვეყანაში არსებულ სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დაბალ დონეზე საუბრობს.
„ესაა რეალობა და ამაზე ბევრად უარესი და ექსტრემალური სურათები, რომლებიც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ჩემთვის უახლოესი და უსაყვარლესი ადამიანების შესრულებით…
მეც ვმდგარვარ ასე და შემიკრია “აბალოვკა”, მომიქსოვია “ვიაზანი” და ჩამისხია ბეტონი კოლონებში… ყველა ასე იყო და ჩვეულებრივი და ბუნებრივია ეს მათ საქმეში…
დამკვეთები კი ჩქარობენ, გაჩქარებენ, გსაყვედურობენ რომ ნელა მუშაობ, დროში ვერ ეტევი, აგერ (პირობითად) ჯემალის ბრიგადა გჯობია, უფრო სწრაფები არიან და გადარბიან კორპუსებს შორის გადებულ ფიცრებზე… შენც გადარბიხარ, აბა ხომ არ ჩამორჩები ჯემალის ბრიგადას? მერე ხელფასს დაგაკლებენ, სახლში მშიერი ცოლ-შვილი, ვალები… ფეხიც გიცდება და ვარდები…
არა უშავს ჯემალის ბრიგადაშიც დამარცხდა რამდენიმე კაცი, მთავარია მშენებლობა სწრაფი ტემპით მიდის…
ისევ შენი ბრალია… შენი ახალგაზრდობის და გამოუცდელობის, ან ასაკის და დაუძლურების, ან წინდაუხედავობის…
ან… სხვა რამის… ათასი მიზეზი შეიძლება მოიფიქრონ…
1209 კაცი ბოლო 7 წელიწადში… ოფიციალური სტატისტიკაა… ეს იცით რას ნიშნავს? უხეშად რომ დათვალო ყოველ მესამე დღეს ერთი ოჯახი უბედურდებოდა, ერთი ბავშვი ობლდებოდა, ახალმოყვანილი ცოლი ან შეყვარებული ქვრივდებოდა და დედა შავს იცმევდა… უმეტესობა ახალგაზრდა ჯან-ღონით სავსე მხიარული ბიჭები… 18-დან 35 წლამდე… ერთი ნაბახუსევი, ერთი გადაღლით წაბორძიკება და ვსიო…
მიფრინავ…
ზემოდან ქვევით და ამავდროულად ქვემოდან ზევით… სულ ზევით… დაკოჟრილი ხელებით, ოფლით დაცვარული სახით და გადაღლილი თვალებით…“,- წერს ვებმომხმარებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები