ეკა გულუა „უკან ბავშვობაში“

“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია პარლამენტის კომუნიკაციების სპეციალისტი, ეკა გულუა:

– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?

-ველოსიპედის ტარება ვიცი. როცა კარგი ამინდია, ლისზე ავდივარ ჩემს ტყუპებთან ერთად და დიდი სიამოვნებით „ვკატაობ“. ტარება დაახლოებით 10 წლის ასაკში სამეგრელოში ვისწავლე. ბაბუამ მასწავლა. თუმცა სწავლის პროცესს ჩემი მუხლები და ხელები არაერთხელ შეეწირა. იმდენად მერთულებოდა, ვინც ველოსიპედს დააქროლებდა, მეგონა, არაამქვეყნიური იყო. სისწრაფის შიში ახლაც მაქვს. შარშან ველოსიპედი ვიქირავე, დაღმართიდან დავეშვი, მეგონა, ფეხის მუხრუჭი ჰქონდა, თუმცა, ხელის ჰქონია და სანამ ამ ყველაფერში გავერკვიე, ხეს შევასკდი.

-ცურვა თუ იცით და როდის და სად ისწავლეთ?

-რაც მე ვიცი,იმას ცურვა არ ჰქვია. ეს არის წვალება. წყალზე ვჩერდები, ვცურავ მოკლე მანძილზე, აუზშიც ვცურავ და ზღვაშიც, თუმცა შორს ვერ გავდივარ. მეშინია. დაახლოებით მეოთხე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა სამეგრელოში, მდინარე ტეხურში ვიხრჩობოდი. მე და ჩემი ორი მეზობელი გოგონა ვცურავდით და დიდ ორმოში ჩავცვივდით. რამდენჯერმე ამოვყვინთე და მორჩა, წავედი ფსკერისკენ, გონება დავკარგე და როცა გავიღვიძე, წყლით გაჭყეპილი ნაპირზე ვიწექი. ვიღაც ბიჭებმა შეგვნიშნეს და ამოგვათრიეს.

-რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი – დენდი, სონი, სეგა თუ პანასონიკი?..

-თუ არ ვცდები, ეს იყო სეგა, სახელი ზუსტად არ მახსოვს, თუმცა, იყო დიდი, სტანდარტული, რუხი ფერის და რომ ჩავრთავდი, მის მოქოქვას დაახლოებით 10 წუთი სჭირდებოდა. ისეთ ხმას უშვებდა, მაგიდა ზანზარებდა. პირველად კომპიუტერი სკოლაში ვნახე. ბავშვები ინფორმატიკის ოთახში შეგვიყვანეს, რომელიც ახლად გახსნილი და საჩვენებელი იყო და შორიდან გვაჩვენეს – აი, ბავშვებო, ეს არის კომპიუტერიო და მორჩა. თითიც კი არ დაგვაკარებინეს. შემდეგ, მხოლოდ ჩართვა-გამორთვა გვასწავლეს. მგონი, მე-10 კლასში ვიყავი, პირველად რომ შევეხე კომპიუტერს. რუხი, ძველებური, დისკზე მომუშავე კომპიუტერი იყო, რომელიც დღეს ანტიკვარად ითვლება. კომპიუტერთან პირველად რომ დავჯექი, ძალიან სასაცილო იყო, კლავიატურაზე ასოებს საათობით ვეძებდი და ერთი წინადადების ასაკრეფად დიდი დრო მჭირდებოდა.

-მუსიკას რითი უსმენდით?

-მუსიკა და კარგი ცხოვრება სად იყო? ვუსმენდი, რაც  ტელევიზორში გადიოდა. მამაჩემს დაბადების დღეზე რაღაც მაგნიტოფონი აჩუქეს, ფირმა არ მახსოვს, რომელიც კასეტებზე მუშაობდა. რასაც მამა  ჩართავდა და რა კასეტაც ჰქონდა, იმას ვუსმენდი.

-გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?

-ვერ ვიტყვი, რომ მაშინდელი ბავშვები სათამაშოებით განებივრებულები ვიყავით და დიდი არჩევანი გვქონდა. ე.წ. მოსკოველი თოჯინა მყავდა, ქერა, ოქროსთმიანი და რას არ ვუშვრებოდი იმ საცოდავს. „კეკა“ დავარქვი და კეკა და ეკა ვერთობოდით ჩვენებურად. ვაჭმევდი საჭმელებს, ვუკერავდი კაბებს, ვუღებავდი თმასმანიკიურით და დღემდე მახსოვს მისი დატანჯული სახე. სხვათა შორის, „კეკა“ დღემდე ცოცხალია, თუმცა ცალი ფეხი და ცალი თვალი აკლია.

-ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ?

-ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი იყო მეზობელი ლალისგაკეთებული ბრინჯის ფაფა. სასაცილო ის იყო, რომ, თუ მეტყოდნენ, ეს ფაფა ლალის გაკეთებულიაო, ვთხვლეპდი და ვთხვლეპდი. თუ დედაჩემი აკეთებდა, პირს არ ვაკარებდი. მერე მატყუებდნენ, ლალიმ მოიტანაო და ლალის ფაფას გადასარევად მივირთმევდი. სხვათა შორის, გემრიელად მომზადებულ ბრინჯის ფაფას ახლაც სიამოვნებით შევექცევი.

-რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს?

-ძალიან ბევრ რამეს მიკრძალავდნენ მშობლები, თითქმის ყველაფერს. მკაცრ ჩარჩოებში მოქცეული ბავშვი ვიყავი. სამეგრელოში, კერძოდ კი სენაკში, სადაც ვცხოვრობდი, სათამაშოდ ქუჩაში და მეზობლებშიც კი არ მიშვებდნენ. ერთადერთი, რასაც არ მიკრძალავდნენ, ეს იყო წიგნები და მეცადინეობა. ისე მშურდა ხოლმე მოთხუპნული და ჭუჭყიანი ბავშვების, ეზოში რომ კოტრიალობდნენ, ბინძურ გუბეში ხელებით რომ თამაშობდნენ და ბაყაყებს დასდევდნენ. ასევე, მიშლიდნენ ბევრი შოკოლადის ჭამას, თუმცა, სადაც კი დამალავდნენ, ყველგან ვაგნებდი და ვახვედრებდი ყუთს, სადაც შოკოლადის ნაცვლად პლასტილინი იყო გახვეული. ჩემს პატარებს ჭუჭყიან წყალში ჭყუმპალაობას და ბაყაყების დაჭერას მეც ვუშლი, თუმცა, ჩემს ბავშვობასთან შედარებით, გაცილებით მეტი თავისუფლება აქვთ.

-რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?

– „სამი კაკალი კონკიასათვის“. ვგიჟდებოდი ამ ფილმზე ბავშვობაში და ვგიჟდები ახლაც. დიდი სიამოვნებით ვუყურებ. მიყვარს „ზოლუშკა“.

-რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?

-როგორც მახსოვს, ეს იყო მსოფლიო ხალხთა ზღაპრებიდან იუგოსლავიური ზღაპრები, რომელსაც დღემდე ვინახავ.

-წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?

-„ჩხიკვთა ქორწილზე“ ვიტირე. ქეთო რომ გაიტაცეს,მოვთქვამდი: ქორწილი ჩაიშალა, ქორწილი ჩაიშალა-მეთქი.

-ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?

-პლაკატები მქონდა და ეს იყო მაშინ მოდურად ჩაცმული ქალების ფოტოები, რომლებიც ამოხეული იყო ჟურნალებიდან. თუ სწორად მახსოვს, ეს იყო ჟურნალი „ბურდა“.

-რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?

-საკუთარი თავი პირველი კლასიდან მახსოვს. თეთრი წინსაფრით, დიდი თეთრი ბაბთით, თეთრი „ლაკის ტუფლებით“ და სკოლაში პირველი დღით. მახსოვს, ბავშვები ტიროდნენ. მასწავლებელმა იკითხა, ვის შეუძლია, ზღაპარი მოყვესო. ავწიე ხელი და უცებ, ისეთი ზღაპარი მოვიგონე, ყველა ხარხარებდა. ზღაპარი არარსებულ ცხოველებსა და ფრინველებს ეხებოდა, მე კი ვამტკიცებდი, ისინი არსებობენ და მეც მყავდა-მეთქი.

ასევე, ჩემს ბავშვობაში წაღვერში დასვენება იყო ძალიან მოდური თუ ერთადერთი წაღვერი იყო, ვერ გეტყვით. წაგვიყვანდნენ მშობლები ასე ჯგუფურად წაღვერში და მახსოვს, ჩაგვამწკრივებდნენ, მიგვაღებინებდნენ „პოზებს“ და „ხაჩიკა“გვიღებდა ფოტოებს. ზუსტად ის „პოზა“ უნდა მიგეღო, რასაც გეტყოდა, სხვა შემთხვევაში, გვარწმუნებდნენ, რომ ფოტო არ გამოვიდოდა. ხელში ხანჯალს გვაკავებინებდნენ და ვიყავი საბრძოლოდ გამზადებული.

ძალიან მწარედ მახსენდება სკოლის საპირფარეშოები, ისეთი სიბინძურე იყო, მერჩია,ბოლო მომენტამდე თავი შემეკავებინა, ვიდრე იქ შევსულიყავი.

-რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?

-ჩემი საყვარელი თამაში იყო „ჩაჭრობანა“, თანამედროვე „წრეში ბურთი“. ძალიან სწრაფად დავრბოდი და ვერავინ მჭრიდა,ამიტომ ჭინკას მეძახდნენ.

-სკოლაში სიარული გიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?

-სკოლაში სიარული მიყვარდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო რეჟიმი, ჩვეულებრივი ნორმა და აუცილებელი დღის წესრიგი. სკოლა არასოდეს გამიცდენია, თუ ჯანმრთელობის პრობლემა არ მქონდა. ყოველთვის მოწესრიგებული მოსწავლე ვიყავი. სახლში ვინ დამტოვებდა, რაც არ უნდა სურვილი მქონოდა.

-ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული?

-არ მახსენდება, რომ დავალება არ მქონოდა დაწერილი და ამისთვის მიზეზი დამჭირვებოდა. მშობლები მყავდა ისეთი მკაცრი, ვაი შენს თავს, თუ რამე წესრიგში არ გექნებოდა ან 5-იანის ნაცვლად 4-იანს მიიღებდი.

-ამოჩემებული კაბა ან ტანსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?

იყო ასეთი შარვალი – ჯინსი „პირამიდა“. ჩემს ბავშვობაში ძალიან მოდური იყო და ვისაც „პირამიდა“ ეცვა, მაგარი იყო. ცეკვის სტუდიიდან პოლონეთში ვიყავი გასტროლებზე და იქ ვიყიდე „პირამიდა“, რომელიც მხოლოდ საწოლში არ მეცვა.

-დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულები ხშირად მოგირგიათ?

-დიდების ტანსაცმელი იყო ჩემი სისუსტე. ფუფალასავით გამოვეწყობოდი, რაც ძალიან მაბედნიერებდა. განსაკუთრებით მომწონდა დედაჩემის ქოშები „პროპკის“ ძირზე. პომადა, მძივები სულ განადგურებული მქონდა. მაშინ ამდენი სუნამო სად იყო და „კლიმა“ გახლდათ არაამქვეყნიური სუნამო. ვისაც „კლიმა“ ჰქონდა, ისე იყო ქალი. ჰოდა, იყიდა დედაჩემმა ეს „კლიმა“. მაშინ სუნამოს მოხმარების არაფერი გამეგებოდა და თავიდან ფეხებამდე „კლიმაში“ ვიბანავე. ისე დავისაჯე, მწარედ მახსოვს ეს დღე, სუნამოსკენ გახედვა აღარ მინდოდა.

-რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ყვებოდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?

-მხატვრულ კითხვაზე დავდიოდი და აბა, გამოთქმით არ მეთქვა ლექსები… ვინ მაპატიებდა. დიახ, ვიყავი იმ ტიპის ბავშვი, ვისაც გამოთქმა, ინტონაცია, პაუზა, ყველაფერი თავის ადგილზე უნდა ჰქონოდა.

-ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?

-ცეკვაზეც დავდიოდი, მუსიკაზეც, სიმღერაზეც, მუსიკალურ სკოლაშიც, მხატვრულ კითხვაზეც… მოკლედ, რაც კი არსებობდა, ყველაფერზე დავდოდი. როგორ ვასწრებდი, ნეტა. მუსიკალური შვიდწლედიც დავამთავრე, სულ ძალადობით, თუმცა სიმღერა და ცეკვა ძალიან მიყვარდა. ანსამბლში ვცეკვავდი და თუ სადმე რამე ღონისძიება იყო, ყველგან გამოვდიოდი. ქართული ცეკვები და სიმღერები დღესაც ჩემი სუსტი წერტილია.

-დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?

-ორივე ვიყავი, დამჯერეც და ბუნტისთავიც. ცელქი ვიყავი, „ეშმაკის ფეხი“. პუტკუნა ბავშვების წვალება მიყვარდა. ჩემი ძმა პუტკუნა იყო და მახსოვს, ერთხელ მახათით გამოვეკიდე და რაც ვუქენი, არ დავასრულებ. ერთი პერიოდი აჩემებული მქონდა თუ რა იყო, არ ვიცი, მომწონდა გოგონებისთვის კაბის აწევა და თავზე დაფარება. ბიჭები მეუბნებოდნენ ხოლმე, მიდი, ამას აუწიე კაბა, იმას აუწიეო და მეც გავრბოდი და ვასრულებდი. ერთხელ ისეთი საშინელებაც კი ჩავიდინე, რომ პატარძალს საკუთარ ქორწილში ავუწიე კაბა. ჩემს დანახვაზე გოგონები კაბებს ჰკიდებდნენ ხელს.

კომენტარები

სხვა სიახლეები