“დე, რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ ბევრმა გამიცნოსო”- ლევან დადუნაშვილის დედის ინტერვიუ

ხორავას ქუჩაზე  მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა  ტრაგედიის შემდეგ   “სარკესთან” პირველად საუბრობს.
“სულ ვფიქრობდი, ხომ არ გამომრჩა-მეთქი მისი სევდა. 9 წელი მისი კლასის კარებთან გავატარე. ძალიან კარგი კლასი ჰყავდა, სიბოროტე არცერთს ჰქონია. არც ის მოგვისმენია, რომ ამ ბავშვებს შორის კონფლიქტი ყოფილიყო. მეშინოდა, თამაშ-თამაშში ვინმეს არ დაერტყა და მერე ამასაც იგივე არ გაეკეთებინა. ჩხუბში შუაში დგებოდა. ამბობდა, ყველაზე მეტი მე მომხვდა, შუაში რომ ჩავდექიო… ხმაურიანი და ქოთქოთა იყო, მაგრამ გულჩვილი. ფოტოებზე რომ ვუყურებ ახლა, როგორი სევდიანია. ეს სევდა როგორ გამომრჩა.?!”
“იმ დღეს (მკვლელობის დღეს) და, საერთოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში არანაირი შეგრძნება არ მქონია. პირიქით, ვამბობდი, მგონი ახლა ცოტას დავისვენებ-მეთქი… საოცრად გულწრფელი იყო. ვთვლი, თავისმა გულწრფელობამ დაღუპა”-ამბობს ნათია საყვარელიძე.
“ლევანი როგორც კი შევიდა იმ თაღში, სადაც სარალიძეს ურტყეს, მაშინვე დამნაშავეებს შეეჯახა. სავარაუდოდ, გაქცეული მობრუნდა ლევანისკენ. დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილს მკვლელთან არავითარი კონფლიქტი არ ჰქონია. 6 თვე ვიჯექი სასამართლოზე და სწორედ ამის გარკვევას ვცდილობდი, რატომ მობრუნდა დამნაშავე და რატომ ჩაარტყა ჩემს შვილს”.
დადუნაშვილის დეიდა “სარკესთან” აღნიშნავს, რომ “ლევანი ცოტა გულუბრყვილო იყო, სხვამ ზუსტად იგრძნო სად დადგა კრიტიკულ მომენტში ამან – ვერ”.
“ჩემსავით ემოციური იყო, როცა ადამიანი გონებით ფიქრობს, ის ყოველთვის მოგებული რჩება. როცა ემოციით მიდიხარ… ხომ ვიცი, დაინახა, არ მოეწონა, გაგიჟდა და… თუ მან დაინახა სარალიძე რა მდგომარეობაში იყო – ბავშვი იდგა და სისხლი სდიოდა, დამნაშავეები თუ გარბოდნენ და ვინმემ დაიძახა, არ გაუშვათ, ლევანი აუცილებლად დასტაცებდა ვინმეს ხელს, შეიძლება ამიტომაც მობრუნდა მისი მკვლელი….
მამამისი ამბობს, სულ ჰქონდა ლევანის დაკარგვის შიში. მე არ მქონდა. საავადმყოფოში რომ შევედით და კივილი გავიგონე, მაშინაც არ მჯეროდა, რომ ეს მე მეხებოდა”.
“ლევანი ერთხელ მეუბნება, დე, რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ ბევრმა ადამიანმა გამიცნოსო. მაშინ ძალიან დავიბენი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კითხვას თავად გასცა პასუხი…”
“მე ნაკლებად ვეფერებოდი, სულ მეშინოდა თავს არ გაუვიდეს-მეთქი და როცა ეძინა, მაშინ ვეფერებოდი. იმ დილას სამზარეულოდან გამოვიხედე და ისეთი ლამაზი იყო… ვერ მოვითმინე და ლოყაზე მივეფერე. რა გჭირსო, მითხრა. არაფერი დე, მოგეფერე-მეთქი. მითხრა, მაშინ მეორე ლოყაზეც მომეფერეო. მივეფერე და ასე გაუშვი”- განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

ჟურნალი სარკე

კომენტარები

სხვა სიახლეები