“ბავშვი კაციჭამია, ვამპირმა შეაშინა” – გურიაში გარდაცვლილი გოგონას დედის ემოციური პოსტი

„ნატას უბედური დედა გპასუხობთ ხალხო…“ – ამ სიტყვებით მიმართავს საზოგადოებას გურიაში, 16 წლის გოგონას დედა, რომლის შვილმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თამუნა ძნელაძე საზოგადოებას სთხოვს, მასსა და შვილის ურთიერთობაზე ნაკლებად იმსჯელონ და თუ მისი დახმარება სურთ, ლოცვებში გარდაცვლილი გოგონას სული მოიხსენიონ.
„ნატას უბედური დედა გპასუხობთ ხალხო. მე არც გული, არც ენერგია მაქვს ყველას გიპასუხოთ, მაგრამ ყველა თქვენთაგანის კომენტარს ვკითხულობ მაშინ, როცა ყველას ტკბილი ძილით გძინავთ! დიდი მადლობა მათ, ვინც ჩემი უსაზღვრო ტკივილი გაიზიარა, ასეთი ძალიან ბევრი ხართ. არ გაბედოთ ვინმემ და ნატას სული მცდარი აზრებით არ შეაწუხოთ, ის უკიდურესად სუფთა სულის ბავშვი იყო, ბავშვი იყო გამოუცდელი და კაციჭამია, სისხლისმსმელმა ვამპირმა შეაშინა… არ ვიცი რატომ არ გამენდო მე მის დედას, მე მის მეგობარს, მე მის სათაყვანოს… რატომ არ უთხრა მისი გასაჭირი მის უბედურ მამას, რომელსაც არაფერს უმალავდა არასოდეს…. მას ხალხის აზრის შეეშინდა ალბათ თორემ,არ არსებობდა საქციელი, რომელსაც მისი ოჯახი ვერ გაუგებდა… ის ჩემი სიცოცხლე, ჩემი სუნთქვა და ჩემი ცხოვრების აზრი იყო და ეს კარგად იცოდა… ნუ ილაპარაკებთ ჩვენს დედაშვილობაზე, თუკი არ გვიცნობთ! მე თქვენთან ბრძოლის თავი არ მაქვს, ვისაც შეგწევთ ძალა დამეხმარეთ და ნატას სულის გადარჩენაზე ლოცვაში დამეხმარეთ. ის ჩემი ანგელოზი იყო და იცოდეთ უამრავი ადამიანი იხსნა მსგავსი გასაჭირიდან. “ – წერს თამუნა ძნელაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გურიაში, 16 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თვითმკვლელობამდე ოჯახში წერილი დატოვა.
სამართალდამცველებმა 16 წლის გოგოს თვიმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით სამართალდამცავებმა ოზურგეთში 22 წლის მ.თ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაულის უმაღლესი სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის – „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, ასევე, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები