ათშვილიანი ოჯახის რესტორანი და 22 წლის გენერალური მენეჯერი

22 წლის არის და უკვე ქალაქში ყველაზე ორიგინალური და განსხვავებული რესტორნის მთავარი მენეჯერი და მმართველია. ეს საოჯახო ბიზნესია, რომელიც ქურასბედიანების 10 შვილიან ოჯახს ეკუთვნის. 22 წლის ანდრია ამ ოჯახის მეორე შვილია.
რესტორანშიც მყუდრო, ოჯახური გარემოა შექმნილი, უჩვეულო ქართული სამზარეულოთი, უმაღლესი სერვისითა და მეცხრამეტე საუკუნის უნიკალური კერძებით, ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების წიგნიდან, რომელიც ანდრიას მამამ, ზვიად ქურასბედიანმა, შემთხვევით მშრალ ხიდზე აღმოაჩინა. ამ აღმოჩენამ რესტორნის სახელიც განაპირობა და მას შემდეგ  „ბარბარესთან“ ადგილობრივთა და უცხოელთა საყვარელ ადგილად იქცა. დღეს ამ რესტორანში ბარბარე ჯორჯაძის წიგნიდან 115 უნიკალურ კერძს დააგემოვნებთ.
„ამ ქალაქში ეს არის ერთადერთი რესტორანი, სადაც უამრავ და გამაოგნებელ ახალ გემოს აღმოაჩენთ, შოკირებული ვარ“ —  ამბობს ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც შინდის წვნიანს შემდეგი სიტყვებით აგემოვნებს — ეს მესამე კერძია, რაც გავსინჯე და ყოველ ჯერზე ვამბობ — უგემრიელესია, ასეთი არაფერი გამისინჯავს… ალბათ შემდეგზეც ამას ვიტყვი…
ანდრიას ამ სიტყვებზე უბრალოდ ეღიმება, მსგავს შეფასებებს შეჩვეულია …
ბიზნესის პირველი გაკვეთილები ანდრიამ ოჯახში მიიღო. მერე ცოდნა მრავალმხრივ გაიღრმავა, გამოცდილებას შეუზავა და  თავისი საქმის პროფესიონალი გახდა. თუმცა, საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნებამდე იყო გრძელი გზა …
ანდრია ქურასბედიანი: სარესტორნო ბიზნესსა და ოჯახის საქმეში  15 წლიდან ვარ ჩართული. სანამ „ბარბარესთან“ გავხსნიდით, მანამდე გვქონდა ტიპური ქართული რესტორანი „გენაცვალე“, ასევე, საოჯახო სასტუმრო.  ჩართული ვიყავი როგორც სასტუმროში, ასევე რესტორანშიც, — მომსახურეობა, ბუღალტერია, შესყიდვები, ადმინისტრატორობა  —  ყველა ფუნქცია მოვირგე და ამით საკმაოდ კარგი გამოცდილებაც მივიღე.
ოჯახმაც ძალიან შემიწყო ხელი. დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ჩემი მშობლები კარგი მენეჯერები არიან.  შეცდომების დაშვების, შეცდომებზე სწავლისა  და პასუხისმგებლობის გააზრების სრული თავისუფლება მქონდა. ეს ძალიან მეხმარება დღესაც… არ მეშინია, როცა რაღაცას ვაშავებ, როგორც ამბობენ, „დაუკრეფავში არ უნდა გადახვიდე“, თორემ სხვა   ყველაფერი მოგვარებადია.
ძალიან მაგარია მრავალშვილიან ოჯახში ყოფნა. ადრე უფრო ვერ ვაფასებდი ამას… სხვა მუხტია, სხვა დამატებითი ენერგია, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. იცი, რომ მარტო შენს თავთან არ ხარ პასუხისმგებელი და ძალიან ბევრი ადამიანია შენ უკან, ამიტომ უფრო მეტი უნდა გააკეთო, ვიდრე მარტო გააკეთებდი.
ერთადერთი პრობლემა, რაც ჩემს ოჯახთან მაქვს,  დროის უკმარისობაა.
ბავშვობის სურვილი
პატარა როცა ვიყავი, ვიცოდი, რომ ბევრი ფული უნდა მეშოვა.
ბაბუაჩემი თავისი  კერძო ბიზნესით იყო დაკავებული, სამწუხაროდ, საქართველოში არ ცხოვრობდა, მოსკოვში იყო, მაგრამ სულ იმის განცდა მქონდა, რომ მეც ბაბუას მსგავსად ბიზნესით დავკავდებოდი.
არ მიზიდავდა საჯარო სამსახური… არც სკოლა მიზიდავდა, არც სწავლა …
როდესაც მსაყვედურობდნენ, — რატომ არ სწავლობ, გამოგაგდებენ სკოლიდანო. ვპასუხობდი — მერე რა, გამომაგდონ! არ მინდა სკოლა, არ მინდა თქვენი სწავლა! რესტორანს გავხსნი და ვიმუშავებ, ჩემთვის განვვითარდები!
ეს იყო ჩემი იმდროინდელი აზროვნება. შემდეგ 18 წლის ასაკში გადავწყვიტე ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ შევძლებდი სწავლას…  ვისწავლე, ჩავაბარე და დაფინანსებაც მივიღე.
პარალელურად ყოველთვის ვმუშაობდი, არ ყოფილა წუთი,  რომ არ მემუშაოს. არასოდეს ვყოფილვარ  მშობლებზე დამოკიდებული, მიუხედავად იმისა,  რომ შემეძლო …
 თბს  ბანკი და არჩევანი
მერე საზღვარგარეთ მაგისტრატურაში გადავწყვიტე სწავლა და სამუშაო გამოცდილებაში რომ დამატებითი სამსახური მქონოდა აღნიშნული,   თბს ბანკში დავიწყე მუშაობა. ჯერ პრაქტიკანტად, მერე გუნდში გადამიყვანეს, გუნდიდან ფილიალში, მერე ექსპერტი ვიყავი, სესხებს გავცემდი, პირველი 3-5 თვე  საინტერესო იყო, ახალი ცოდნა შევიძინე, ხალხიც გავიცანი. მაგრამ დამატებითი 4 თვე იყო საშინელება, ვგრძნობდი, რომ რუტინულად ისეთ რაღაცას ვაკეთებდი, რაც მე არაფერში  მადგებოდა, ვიღაცისთვის ვმუშაობდი , სხვის გეგმას ვასრულებდი…
თბს-ში ყოფნის პარალელურად ოჯახურ საქმეშიც ვმონაწილეობდი.
როდესაც ოჯახში გადავწყვიტეთ, რომ ახალ პროექტზე გვემუშავა და აქ უკვე სხვა ძალები იყო საჭირო, სხვა ხარისხს ვქმნიდით და სხვა მოთხოვნილებები ჩნდებოდა,  თბს-დან წამოვედი და თავიდან ბოლომდე ჩავერთე იქ, სადაც მხოლოდ ოჯახის წევრები ვიყავით —  მე დედა, მამა და ჩემი ძმა.
ერთ თვეში მიღებული შედეგი
რესტორნის განვითარების კუთხით ძალიან სწორი რჩევა მოგვცა ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, დაგვაკავშირა 2L Gastronaut -თან, ლევანთან და ლალისთან, ძალიან საინტერესო ადამიანებთან, ჩვენი აზრები და ხედვა დაემთხვა, ერთად მოვიფიქრეთ აღგვედგინა ძველი ქართული რეცეპტები, დავიწყეთ რეცეპტების ძიება, ასაკოვან ადამიანებთან,  რაიონებში, ბიბლიოთეკებში… მერე მამამ მშრალ ხიდზე შემთხვევით აღმოაჩინა ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების წიგნი. ეს იყო იმ დროისთვის ჩვენთვის ყველაზე საჭირო ნივთი. როდესაც საღამოს შევიკრიბეთ,  უკვე მივხვდით,  რას ვაკეთებდით. იმ საღამოსვე გადაწყდა რესტორნის სახელიც.
მერე შეფმზარეულის ძიებაზეც გადავერთეთ, გვქონდა ლიდერი შეფების გრძელი სია, ბოლოს აღმოვაჩინეთ ლევან კობიაშვილი, რომელიც იყო ჩვენნაირად მოტივირებული. სამ თვეში მოამზადა პირველი მენიუ,  სადაც 36 კერძი გვქონდა.
გუნდი იმდენად შთაგონებული იყო ახლის შექმნით, რომ დღეს და ღამეს ვათენებდით ფიქრში თუ როგორ, რა და რანაირად გაკეთებულიყო. ეს იყო ძალიან საინტერესო, რთული და შრომატევადი პროცესი, რომელიც ახლაც გრძელდება…
ჩვენი დაუღალავი შრომისა და სწორი გათვლების შედეგად, ის შედეგი რაც 6 თვეში უნდა მიგვეღო,  ერთ თვეში დადგა. იმდენად  სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი,  რომ იმასაც ვერ ვაანალიზებდით,  როდის დაგვესვენა. ამან გამოიწვია ჩვენი სწრაფი განვითარება.
დღეს ისევ ვითარდებით,კიდევ უფრო გაფართოვდა ჩვენი ხედვითი არეალი, ჩვენი მოთხოვნები.
გვინდა გავხსნათ ახალი რესტორანი, ვფიქრობთ, შევქმნათ არა მეორე, არამედ, ახალი, სხვაგვარი „ბარბარესთან“.   უფრო მეტი სტანდარტით. ძალიან დიდი შედეგი გვინდა, ისეთი, რასაც აქ ვერ მივიღებთ, ვფიქრობთ, საკონდიტროს ხაზითაც განვითარდეთ. ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში ამ პროექტზე გადავინაცვლებთ.
გზა მთავარ მენეჯერობამდე
თავიდან  მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობდი, მაშინ  მხოლოდ სოციალური გვერდი გვქონდა, მომხმარებელთან ხმის მისაწვდენად.  მერე დავიწყეთ სასტუმროებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან გაცნობითი შეხვედრები.  ხალხთან ურთიერთობა კიდევ ერთი , ფასდაუდებელი გამოცდილება იყო ჩემთვის.
რესტორნის გახსნიდან მეექვსე თვეს ჩავერთე მენეჯმენტში. თავიდან უბრალოდ მენეჯერი ვიყავი, თან ვსწავლობდი…გურმანი ვარ და ძალიან ბევრს დავდიოდი სხვადასხვა რესტორანში, ვაგემოვნებდი კერძებს, ვაკვირდებოდი სერვისს და ზუსტად ვიცოდი, რა არ უნდა ყოფილიყო ჩვენთან.
ბოლოს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე გადავინაცვლე.  როგორც მენეჯერი და მმართველი, ასაკის გამო თავიდან უხერხულად ვგრძნობდი თავს გუნდთან, ამიტომ სულ კითხვის პროცესში ვიყავი. მალე ავუღე ალღო, ამ კუთხით ახლაც ყოველდღიურად ვსწავლობ.
გასაგებია, რომ ოჯახია და ოჯახის ბიზნესია, მაგრამ თუ ხარისხიან პროდუქტს ვერ ქმნი და საქმეს ვერ აკეთებ, ხარისხს დაკარგავ,  რითაც თავსაც დაღუპავ და ოჯახსაც, ამიტომ თუ გიყვარს, რასაც აკეთებ, ძალიან ბევრ რამეს ისწავლი.
როცა  აქ მუშაობა დავიწყე, მალევე გავაცნობიერე, რომ ეს საქმე ძალიან მიყვარდა. დიდ სიამოვნებას მანიჭებს თანამშრომლებთან ურთიერთობა. ხალხის პრობლემების მოგვარება, მართვა და პასუხისმგებლობის აღება, სხვა სფეროში ვერც წარმომიდგენია ჩემი თავი.
იმისთვის რომ იყო წარმატებული — მთავარი პირობა
დღევანდელი ცხოვრება მოითხოვს, რომ იყო წარმატებული. ამისთვის საჭიროა გიყვარდეს და გჯეროდეს საკუთარი საქმის, დაისახო მიზანი და მერე ყოველდღიური,  გაწერილი, რთული მუშაობით ნელ-ნელა მიაღწიო იმას, რაც გინდა.  გრძელვადიან შედეგებთან ერთად ყოველთვის უნდა გქონდეს მცირე, სწრაფი შედეგები. აუცილებელია პატარ-პატარა წახალისებები შენს თავთან, ორგანიზაციასთან… ამის გარეშე რთულია. ასევე, მთავარია დროის სწორი განაწილება…
„არ უნდა გაჩერდე, არ უნდა ელოდო“…
ყველა ადამიანმა უნდა იმუშაოს თავის თავზე, ვერავინ ვერავის ვერაფერს შეუცვლის და ვერც დააძალებს. აუცილებელია მოქმედება, არ უნდა გაჩერდე, არ უნდა ელოდო, ლოდინი  დროის გაყვანაა. უნდა აკეთო მაშინაც კი, როცა ბოლომდე არა გაქვს ჩამოყალიბებული. არ უნდა დაიზარო საქმის კეთება. რადგან რაღაც კუთხით აუცილებლად განვითარდები, გამოცდილებას მიიღებ, რომელსაც სამომავლოდ შენვე გამოიყენებ.
2 წლის წინ მეც არ ვიცოდი, ზუსტად რა მინდოდა და ყველაზე რთული და გამაღიზიანებელი სწორედ ეს იყო. ძალიან  ბევრ რაღაცას ვაკეთებდი და ვერსად  ვხედავდი ჩემს თავს…  არ ვიცოდი,  ჩემი რა იყო… მაგრამ უსაქმურად ვერ ვიქნებოდი, დღეში 12-13 საათს ვმუშაობდი… ეს იყო 5-6 წლიანი პერიოდი… დღეს კი ვთვლი. რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და ვაკეთებ იმას, რაც მინდა.
ჰობი და სამომავლო მიზნები
ძალიან მინდა მსოფლიო დონის უძლიერესი ტრენერი და სამოტივაციო სპიკერი გავხდე.
ეს არის ის,  რაც შეიძლება ჰობივით მქონდეს და რაშიც ძალიან დიდ ენერგიას და სიყვარულს ჩავდებ. შეუძლებელი არაფერია. თუ სწორად  დაწერ მიზანს და ეტაპობრივად მიჰყვები ამ ყველაფერს, 10 წელში ნებისმიერ რამეში გახდები პროფესიონალი.
ასევე, მომსახურება იმდენად  მიზიდავს , რომ ძალიან მინდა სასტუმროების ქსელი შევქმნა თავისივე რესტორნებით. მინდა „ქართული ოჯახი“ იყოს ამის განმავითარებელი, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც. მინდა, თანდათან მსოფლიო ბრენდად ვიქცეთ, მსოფლიომ გაგვიღოს კარი.

წყარო:ჟოლო

კომენტარები

სხვა სიახლეები