სარკის ისტორია და უძველესი გადმოცემები

სარკეს ყოველდღიურ ცხოვრებაში თავისი დანიშნულება აქვს და მას ადამიანები საკუთარი სილუეტის აღსაქმელად და შესაფასებლად იყენებენ,თუმცა უძველეს დროში  სარკეს  ჯადოსნურ ნივთად მიიჩნევდნენ, ვინაიდან ვერ უძებნიდნენ ახსნას იმას, თუ როგორ მიიღებოდა გამოსახულება. ისინი ფიქრობდნენ, რომ ხედავდნენ საკუთარ სულს და არა ფიზიკურ მონაცემებს.

პირველი შუშის სარკე  რომში გამოჩნდა.
ვენეციის რესპუბლიკაში „მესარკეები” დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ.   იმ დროში სარკე  ფუფუნებისა და სილამაზის საგნად ითვლებოდა და  სოლიდურ თანხად იყიდებოდა.
სარკის დამზადების წესი მრავალი წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, მეტიც, ვენეციის მთავრობის განკარგულებით სარკეების მაწარმოებელი ქარხნები   ხალხისგან იზოლირებულ კუნძულზე გადაიტანეს.
საფრანგეთში XVII საუკუნეში გამოჩნდა სარკის მწარმოებელი ქარხანა. პარიზთან ახლოს 73-მეტრიანი სარკის გალერეა აშენდა.
ბუკინგემის ჰერცოგმა – მოდურმა, ლამაზმა და ელეგანტურმა ინგლისის კავალერმა, საფრანგეთს კონკურენცია გაუწია და ფარულად შეიძინა სარკის დამზადების ტექნოლოგია. და უკვე  XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისიდან სარკე იშვიათობას აღარ წარმოადგენს.
უძველესი დროიდან  გაჩნდა სარკის გატეხვასთან დაკავშირებული უამრავი  ცრურწმენა. ძველი ადამიანები ფიქრობდნენ,რომ  თუ სარკეს გატეხავდი, უბედურება გელოდა. დღესაც საკმაოდ გავრცელებულია ეს ცრურწმენა, მიუხედავად იმისა, რომ დრო შეიცვალა და ჩვენთვის სავსებით ნათელია სარკის დამზადების ტექნოლოგიები.
არსებობს უამრავი რიტუალი,რომელშიც სარკე მაგიური დანიშნულების ნივთია. მრავალი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ სარკე, ისევე, როგორც ყოველი ნივთი, გარშემორტყმულია უხილავი ველით.
ზოგ სარკეს დადებითი ენერგია აქვს, ზოგს — უარყოფითი, განსაკუთრებით, თუ მათ წინ ხდებოდა ჩხუბი, ძალადობა და, მით უმეტეს, მკვლელობა.
ყველაზე ძველი და ფართოდ გავრცელებული ცრურწმენის მიხედვით, ძალიან ცუდია გატეხილი ან გაბზარული სარკე და ის სახლში არ უნდა გავაჩეროთ.

მაგალითად, ინგლისში სარკის გატეხვა საუკეთესო მეგობრის დაკარგვას ნიშნავს. ამის თავიდან ასაცილებლად ინგლისელები სარკის ნატეხებს გულმოდგინედ აგროვებენ და სწრაფ მდინარეში ყრიან, რაც ნიშნავს, რომ უსიამოვნებებს წყალს ატანენ.
ამერიკელებიც ავისმომასწავებლად აღიქვამენ სარკის გატეხვას, ამიტომ მაშინვე ხუთდოლარიანს იღებენ და თან პირჯვარს იწერენ. ამერიკაში მიიჩნევენ, რომ ხუთდოლარიანი ბანკნოტი წარმატების მომტანია.
პარაფსიქოლოგების აზრით, როდესაც სარკე ტყდება, მასში დაგროვილი უარყოფითი ენერგია გარეთ გამოდის და უხილავი ენერგეტიკული ნაკადების სახით ოთახებში დიდი სიჩქარით „დაჰქრის“. ამიტომ ისინი გვირჩევენ, სარკის გატეხვისთანავე ზომები მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უარყოფითი ენერგია სახლს არ დატოვებს, სახლის რომელიმე ბინადარში დაიბუდებს და ამას თავისი საშინელი შედეგები მოჰყვება.
სარკეს ასევე აქვს დადებითი მახასიათებლებიც.
ფსიქოლოგები თვლიან, რომ სარკე საუკეთესო ანტიდეპრესანტია. ისინი გვირჩევენ, რომ სარკესთან ყოველდღიური შეხება გვქონდეს. ყოველ დღე სარკესთან გატარებული რამდენიმე წუთიც კი ხსნის დაძაბულობას და შემოაქვს პოზიტივი ჩვენში.


არსებობს სარკის გამოყენების მედიტაციური სწავლებაც, კერძოდ, ინდოელი სულიერი მასწავლებელი და ფილოსოფოსი ოშო ამბობდა, რომ თუ ადამიანი დაჯდებოდა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ლამპის ან სათლის შუქზე და სარკეში დაიწყებდა საკუთარი თავისთვის 40 წუთის განმავლობაში თვალმოუცილებლად ყურებას,ის აუცილებლად დაიანხავდა სახეებს თავისი წინა ცხოვრებიდან.
დღეისთვისაც არსებობს უამრავი ადამიანი,რომელიც ადასტურებს ამ მედიტაციური მეთოდის სინამდვილეს. ისინი აღნიშნავენ,რომ მედიტაციის დროს სივრცე ბუნდოვანდება,რეალობის შეგრძნება იკარგება და საკუთარი სილუეტის დანახვაც შეუძლებელი ხდება.

სარკესთან დაკავშირებით არსებული გადმოცემები რამდენად შეესაბამება რეალობას, ან რამდენად არის ცრურწმენა, თავად გადაწყვიტეთ, თუმცა ფაქტია, ცხოვრებაში არსებული ყველა მოვლენა რწმენას ეფუძნება, რასაც ირწმუნებთ, ის აუცილებლად მოხდება და გაცხადდება რეალობაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები