ქალმა კაცს Linkin Park-ის სიმღერა უმღერა და თვითმკვლელობა გადააფიქრებინა (ვიდეო)

ამერიკელმა ქალმა კაცს, რომელიც თვითმკვლელობას ცდილობდა, Linkin Park-ის სიმღერა უმღერა და გადაარჩინა.

კრისტინა სეტანმა, რომელიც ორლანდოში, 408 გზატკეცილზე მანქანით მიდიოდა, ხიდზე მჯდომი კაცი დაინახა. ის მანქანიდან გადმოვიდა და კაცს მიუჯდა.

“მანქანა იმიტომ გავაჩერე, რომ ასეთ სიტუაციაში მეც ვყოფილვარ და ვიცი, თუ რა შეგრძნებაცაა, იდგე ხიდის კიდეზე და ფიქრობდე, რომ სხვა გამოსავალი არ გაქვს. ვინმეს უნდა ეჩვენებინა მისთვის, რომ სულერთი არაა და მისი ბედი აღელვებს. რაღაც მომენტში ის წინ გადაიხარა და მე ვაგრძნობინე, რომ, თუ გადახტებოდა, მეც იმავეს ვიზამდი; შემდეგ კი Linkin Park-ის სიმღერა – One More Light ვუმღერე, რომელშიც ასეთი სიტყვებია: “ვის აღელვებს, რომ კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩაქრება? მე მაღელვებს”. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ კაცმა ტირილი დაიწყო”, – ამბობს კრისტინა.

ადგილზე პოლიცია მალევე მივიდა და კაცი ხიდიდან გამოიყვანა. ის ამბობდა, რომ ოჯახს უღალატა და სიკვდილი ამიტომ გადაწყვიტა. კაცი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები