“ბიჭების მშობლებს საფენების გამოყენებისას მეტი სიფრთხილე მართებთ” – ყარამან ფაღავას რჩევები ძლიერი ორგანიზმის გამოსაწრთობად

მშობლებისთვის ყველაზე დიდი საზრუნავი უპირველეს ყოვლისა საკუთარი შვილების ჯანმრთელობაა, მითუმეტეს თუ საქმე უმცროსი ასაკის ბავშვებს ეხება. როგორ უნდა გავაკაჟოთ ბავშვები ისე, რომ მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ ავადობისგან. ამ და სხვა მნიშვნოლოვან კითხვებზე გვპასუხობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პედიატრი ყარამან ფაღავა.

– საუკეთესო წამალი იმუნიტეტის გასაძლიერებლად არის ბავშვის გაკაჟება. არაფერი რთული ამაში არ არის. პატარა ასაკიდან მოყოლებული, ნებისმიერ ასაკში შეიძლება ბავშვი გავაკაჟოთ. ამისთვის კი საჭიროა, პირველ რიგში ხელ-პირი და ფეხები დავბანოთ ცივი წყლით, თუ ამას დღეში ორჯერ გავაკეთებთ, უკეთესი იქნება. საერთოდ, პატარა ბავშვისთვის განკუთვნილი აბაზანის ტემპერატურა 37 გრადუსი უნდა იყოს, მაგრამ ნელ-ნელა, დაახლოებით ერთ თვეში ან ორ თვეში შეგვიძლია ჩამოვიდეთ 32 გრადუსამდე და შხაპის შემდეგ ოდნავ გრილი წყალი ფეხებზე გადავავლოთ, ორი წლიდან კი უკვე შეიძლება ცივი წყლის ტილოთი ტანის დაზელვა, ხოლო სამი წლიდან უნდა მივაღებინოთ ცივი შხაპი, რომელიც სულ რაღაც ათ წამს გასტანს. ამ პროცედურების გავლის შემდეგ დაგავიწყდებათ, რა არის გრიპი. შეიძლება ექიმებს ეწყინოთ, რადგან ნაკლებად დაგჭირდებათ მათთან სიარული. ცივი წყლის შხაპი ნებისმიერ ასაკში არის მიზანშეწონილი და გოგონებიც ნელნელა უნდა შევაჩვიოთ ჰიგიენურ მობანვას ცივი წყლით. თავიდან ნელთბილით, შემდეგ კი ცოტა უფრო გრილი წყლით. ამას წინათ მომიყვანეს12 წლის ბიჭი და მითხრეს, რომ თბილი წყლით ბანენ პირს, იმ მოტივით, რომ პატარაა და ეცოდებათ მშობლებს, არადა 12 წლის ბიჭი, როგორც იტყვიან, რკინას უნდა ღეჭავდეს.

რა საკვირველია, ექიმი ვარ და ჩემი პირველი იარაღი წამალია, მაგრამ ამავე დროს ძალიან მიყვარს მკურნალობის უწამლო მეთოდი. ცურვა, ყვინთვა, გაკაჟება, ბრონქული ასთმით, რომ მოდიან ჩემთან ავადმყოფები, ჩასაბერ სათამაშოებს ვურჩევ. სალამურები სუნთქვას აუმჯობესებს. მასაჟიც აუცილებელია, ბავშვს სულ სჭირდება შეხება და რაც მთავარია, დადებითი ემოციებით აავსეთ ბავშვები, ისინი ყველაფერს გრძნობენ. ბავშთან უნდა დაივიწყოთ, თუ რამეზე გაბრაზებული ხარ.

– საკვებზე რას გვირჩევთ?

– წესით, საკვებში ყველაფერი უნდა იყოს დაბალანსებული. კარგი საკვებით უნდა გამოვკვებოთ ბავშვები, რას ვგულისხმობ კარგ საკვებში? მე, მაგალითად, ცოცხალ ხილს ვანიჭებ უპირატესობას, ცოცხალ ხილს რა ჯობია. კომპოტების და მურაბების დიდად მომხრე არ ვარ. იმიტომ, რომ ხარშვის დროს ვიტამინები იშლება. ამიტომ ჯობია, ბავშვს ვაჭამოთ ხილი ხილი ან ცოცხალი, ან გაყინული, ან ჩირის სახით. დალოცვილი ტრადიცია გვაქვს ჩირის, გარგარის, ვაშლის, შავი ქლიავის. რძის ნაწარმიც და ხორციც უნდა მიიღოს ბავშვმა. ნატურალურ წვენებზეც მინდა გავამხვილო ყურადღება, ამ შემთხვევაში ცოტა ვფრთხილობ, რადგან რომ არ გაფუჭდეს, გარკვეულ ნივთიერებებს ამატებენ. მართალია წვენი არ ფუჭდება, მაგრამ ამ დანამატმა შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს. რაც შეეხება მაწონს, 7 თვემდე, 8 თვემდე მაწონი გინდა სოფლის, გინდა ქარხნული წესით დამზადებული, არ უნდა ჭამოს ჩვილმა. რა საკვირველია, სოფელში დამზადებულ რძის პროდუქტებში ინფექციების შანსი არსებობს, მაგრამ თუ სანდო პირისგან იძენთ და დარწმუნებული ხართ პროდუქტის ეკოლოგიურ მდგომარეობაში, ჩვენებურ სოფლის რძის პროდუქტებს რა სჯობია. ყველი, არაჟანი, ხაჭო, ნადუღი შესანიშნავი საკვებია ბავშვისთვის.

– ზაფხულის სიცხეში რამდენად რეკომენდებულია ბავშვებისთვის საფენების გამოყენება?

– სულერთია, გინდ ზამთარში, გინდ ზაფხულში, ბავშვი ჩახურებული არ უნდა იყოს. გამოკვლეულია, რომ საფენების ქვეშ ერთი, ორი გრადუსისთ მეტია ტემპერატურა. მისი გამოყენებისას ცოტა მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ბიჭების შემთხვევაში. იმიტომ, რომ ბიჭის ფიზიოლოგია ისეთია, რომ სათესლე და სასქესო ორგანოები უფრო სიგრილეში უნდა იყოს და არა ჩახურებულ მდგომარეობაში, რადგან შესაძლოა ამან მომწიფება შეაფერხოს. ამიტომაც, რაც უფრო მალე გადავაჩვევთ საფენს, მითუმეტეს, ბიჭებს, უკეთესი იქნება. სხვა მხრივ კი, რა თქმა უნდა, საფენი დიდებული საშუალებაა დედებისთვის.

– სად ჯობია ბავშვების ზაფხულში დასვენება?

– ერთხელ მკითხეს და ვუპასუხე, აღმოსავლეთ საქართველო ჯობია-მეთქი და ბატონო ყარამან, თქვენ ხო დავასალეთიდან ხართ, ამას რატომ ამბობთო. მერე ვთქვი ჰავა ჯობია – მეთქი. საქართველოში ყველგან კარგია დასვენება. მთა ძალიან კარგია. მაგრამ, რადგან ახლაგაზრდა მშობლებსაც უნდათ დსვენება, ამიტომაც უფრო ზღვის კურორტებს ირჩევენ. ისე კი, ყოველთვის ვამბობ, რომ შეძლებისდაგვარად სოფელში უნდა ვატაროთ ბავშვები. ჯერ ერთი ქართული ენის შესასწავლად სოფელი საუკეთესოა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოსი და ზემო იმერეთის. გარდა ამისა, სოფელში მეტი ცხოველია, მეტი ბაქტერიაა, რაც იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად და ალერგიის პროფილაქტიკისთვის არის საჭირო. თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქათმეში ბავშვი არ უნდა შევიდეს, რადგან იქ ვირუსების წყაროა. სოფელში ბევრად უფრო იშვიათია ბრონქული ასთმის შემთხვევები, ვიდრე ქალაქში. სოფელი ჩასვლა არის იმპრიტინგის ანუ ქვეცნობიერი ჩაბეჭდვის წინაპირობა, რაც შეიძლება პატრიოტოზმის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად ჩავთვალოთ. როგორც საკვების შეძენისას ადგილობრივ პროდუქტს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, ასევე ადგილობრივ კურორტებზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი -ესეც პატრიოტოზმია!

– სოფლის თემას შევეხეთ, ფეხშიშველმა უნდა იაროს თუ არა ბავშვმა?

– გალატიონის ლექსი გამახსენდა, „ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა. არ გავიარე – რაა მამული!“… ფეხშიშველა სიარული ძალიან კარგია, ბავშვის გაკაჟებისთვის, მაგრამ ზოგჯერს ეს ხელს უწყობს ალერგიას ჩვილებში და ჭიით ინფიცირებას. საერთოდ, ზაფხულში თითქმის ყველა ბავშვს ინფიცირდება ჭიით და ამიტომ, ამ სეზონის დასრულების შემდეგ უნდა შევამოწმოთ განავალი ჭიაზე. ზაფხულში სიცხის გამო ხშირია ნაწლავური ინფექცია და პირველ რიგში ჰიგიენის დაცვაა საჭირო.
სოფელში ყოფნისას უნდა გავითვალისწინოთ ფაღარათის ფაქტორი. თუ ფაღარათი განვითარდა, ფაღარათის/გამოშრობის საწინააღდეგო სითხეები უნდა დავალევინოთ. თან უნდა გვქონდეს დექსამეტაზონის ამპულა. თუ ვინიცობაა გამოკვეთილი ალერგია განვითარდა, მაშინვე ნემსი უნდა გავუკეთოთ ბავშვს და მერე საავადმყოფოში გადავიყვანოთ.

– როდესაც ტყვიის თემა ასე გვაწუხებს, როგორ უნდა მოვიქცეთ?

– ეს უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული. უნდა აიკრძალოს ტყვიის შემცველი საღებავები. რემონტის დროს ბავშვები არ უნდა იყვნენ სახლში. ტყვიის პრობლემის მოგვარების საკითხი უნდა გადაწყდეს სახელმწიფო დონეზე. მოზრდილებმაც ნიღბები უნდა გაიკეთონ სარემონტო სამუშაოების შესრულებისას. პირველ რიგში კონტროლია მთავარი.

– როგორი წყალი შეიძლება დავალევინოთ ბავშვს ზაფხულში?

– ფრთხილად უნდა ვიყოთ წყლის ხარისხთან ნაწლავური ინფექციების პრევენციის მიზნით. საქართველოში, როგორც წესი, წყლის ხარისხი კარგია და შეგვიძლია ბავშვს დვალევინოთ ონკანის წყალი, თუ რა საკვირველია ადგილობრივი დაბინძურება არ მოხდა. საერთოდ, ონკანის წყალს ვასმევთ ერთი წლის შემდეგ, მანამ კი გადადუღებულს. თან ზაფხული არის ფაღარათების პერიოდი და ძალიან ხშირად მშობლებიც აშავებენ ამ დროს. გაურეცხავ ხილს აძლევენ ბავშვებს. მაცივრის წყალიც შეიძლება, თუმცა თუ შეჩვეული არ არის ბავშვი, ერთბაშად ნუ დავალევინებთ. უნაყინობაც არ შეიძლება, თუმცა ძალიან ბევრიც არ უნდა მოგვივიდეს. ერთი ნაყინიც ეყოფა. უკონდიციონეროდ ძნელია, მაგრამ კონდიციონერის გამოც ხშირად ავად ხდებიან. მე, პირადად, არ მიყვარს კონდიციონერი.
საერთოდ ყველამ მინდა იცოდეს, რომ 38.5 გრადუსზე წამლები არ ინიშნება. ამას რომ გადააჭარბებს, მერე კი უნდა მივცეთ სიცხის დამწევი. თუმცა 6 საათის შუალედით. თუ 6 საათის შუალედში სიცხემ არ დაიწია, ოთახის ტემპერატურის წყლის აბაზანა უნდა მივაღებინოთ. ამასთანავე ინდვიდუალური მიდგომაა საჭირო. თუ ბავშვს კრუნჩხვა ჰქონდა, ან მძიმე მშობიარობის შედეგად დაიბადა 37.9 არის ზედა ზღვარი, მაშინათვე საჭიროა ზომების მიღება.

– შეცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ მშობლებს ემართებათ, თუნდაც გადამეტებული მზრუნველობის გამო…

– მე ვარ პროფესორი, ჩემთან უნდა მოდიოდეს და მოდის მძიმე ავადმყოფი, როდესაც გაურკვეველია მისი მდგომარეობა და ვერ დაუსვეს დიაგნოზი… ვხუმრობ კიდეც, სამჭკუაშვილი კი არ ვარ და ყველაფერი კი არ ვიცი, მაგრამ ხშირად არსებითად ვეხმარები.
რაც შეეხება ძირითად შეცდომებს, პირველი შეცდომა არის გაუკაჟებლობა, მეორე შეცდომა არის დიეტა, არ კვებავენ ბავშვებს სწორად, არ აძლევენ წესიერ საჭმელს. როგორ შეიძლება ბავშვს ვაჭამოთ სოსისი და მითუმეტეს, ზაფხულში. დაბალანსებული არ აქვთ კვების რაციონი, ძალიან ბევრს აჭმევენ და ასუქებენ ბავშვებს. ძალიან ბევრს აცმევენ ბავშვებს, რაც საშინელებაა. ძველებური მეთოდია, ორი თითი უბეში უნდა ჩავუყოთ ბავშვს, თუ ძალიან ცხელი აღმოჩნდება, ესე იგი ბევრი აცვია. ასევე შეცდომაა ზემზრუნველობა. ბავშვს უნდა მივცეთ უფლება, დაუშვას მცირე შეცდომები, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება.
საერთოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ სათანადო მტკიცეულებების გარეშე მოწოდებული წამლების, სამკურნალო დანამატების, საკვების გამოყენების დროს, რომელსაც თითქოსდა სამკურნალო ეფექტი აქვს. არადა უკეთს შემთხვევაში, არაფრის მაქნისია.

– რას დაამატებდით?

– მთავარი რჩევა,  ნუ შევჩერდებით ერთ ბავშვზე. ერთი ბავშვიც ცოდვაა და ორიც. ძალიან მიყვარს მრვალშვილიანი ოჯახების ბავშვები. ურთიერთდახმარება იციან, ერთმანეთზე ზრუნავენ, იერარქიაც არის, ეთიკაც. დიდებულია ჩვენი ეკლესიის საჭეთმყრობელის, საქართველოს პატრიარქის ინიციატივა მესამე შვილის მონათვლის თაობაზე. რამდენი ოჯახი ვიცით, რომ სწორედ ამიტომ გააჩინეს მესამე შვილი. ასევე უნდა აღვნიშნო რჩევის სახით, განვითარება აუცილებელია ბავშვისთვის. ადამიანი სულ განვითარების პროცესშია, მობილურს, კომპიუტერს, ტელივზორს თავის პლუსებიც აქვს, მაგრამ ზედმეტიც არ შეიძლება. ბევრი ჩივის ხოლმე, რომ ბავშვი სულ კომპიუტერშია, სულ ტელეფონშია, რას ვიზამთ, სიმართლე უნდა ვთქვათ, მშობლისთვის ეს უფრო იოლია, ამ აპარატებს რომ მიანდობენ ბავშვს. კი ეუბნებიან შვილებს, ასე ნუ მოიქცევიო, მაგრამ მეორე წუთს ავიწყდებათ. ბავშვს მშობელთან ურთიერთობა უნდა ერჩივნოს კომპიუტერთან ურთიერთობას. მშობელი შვილისთვის უნდა იყოს საინტერესო. უნდა მოუსმინო მას, გაიზიარო მისი პრობლემები. დედასა და ბავშვს შორის ყოველთვის უხილავი ძაფებია და რაც უნდა მოხდეს, დედა ყოველთვის დედაა. მამამ კი ყოველდღიურად უნდა დაამტკიცოს თავისი მამობა – ის, რომ გონიერია, ის, რომ გულადია და მისაბაძი უნდა იყოს შვილებისთვის. ბიჭისთვის მითუმეტეს. გოგონაც მომავალში ყველა მამაკაცს მამას ადარებს. აქვე უნდა აღვნიშნო, თავი არ უნდა შესწიროთ მშობლებმა შვილებს, საკუთარი თავის რელიაზაციაზეც უნდა იზრუნოთ. მამამ, რაც არ უნდა დაკავებული იყოს, დღეში ნახევარი საათი მაინც უნდა გამონახოს ბავშვებისთვის. წიგნი, წიგნი და ისევ და ისევ წიგნი. ახლა იმდენი წიგნი გამოდის, უამრავ წასაკითხს გამონახავ ბავშვისთვის. შვილი სულ გვერდით უნდა გყავდეთ, როცა რამეს აკეთებთ, ატარეთ ისინი ლაშქრობებზე, პატარა ექსკურსიებზე. ოღონდ ბავშვს რამე ასწავლეთ და ისინი სულ არიან ამისთვის მზად. კი, მძიმე ცხოვრებაა, მაგრამ სიძნელეს არ უნდა დანებდე. ბავშვებმა ბავშვობა არ უნდა გამოტოვონ და ამაში ჩვენ, უფროსებმა, ხელი უნდა შევუწყოთ.
სექსუალური აღზრდა ბავშვობიდავე უნდა იწყებოდეს. ბევრი ფილოსოფია კი არ არის ამაში. ბიჭი უნდა გაზარდო კაცად, გოგონა-ქალად. ემოციის გამოხატვასაც უნდა ყურადღება. განა ბიჭს არ შეეშინდება ხოლმე, ატირდება კიდევაც, ამ დროს უნდა უთხრათ, ჩემი ბიჭი კი არ ტირის, თვალში ჩაუვარდა რაღაც, სიბნელის კი არ ეშინია, არ უყვარსო, ასე უნდა შეაგულიანო და გახადო მამაცი, გაბედული. მიდგომაა ბავშვებთან ურთიერთობისას მთავარი. სოციალური აღზრდა, არჩევანის უფლება, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩაცმის დროს თუ თამაშისას, ბავშვსაც ჰკითხეთ აზრი. მშობელი იმიტომ არის, რომ ჭკუაში კი უნდა აჯობოს შვილს, მაგრამ ბავშვმაც უნდა იგრძოს, რომ მის აზრს პატივს სცემენ. ძალინ დიდი სიხარულია, როცა შვილთან მეგობრობ. რჩევას გეკითხება, აქეთაც გირჩევს რამეს. ცხოვრების უმშვენიერესი კომპონენტია შვილებთან ურთიერთობა და შვილების აღზრდა.

საღი აზრი ძალზე მნიშვნელოვანია აღზძრდისას. კრიტიკის დროს სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ათი კარგი რამ უნდა ვუთხრათ და ერთი რჩევის სახით უნდა მივუთითოთ, რომ ის ქცევა გამოასწოროს, რომელიც არ არის მოსაწონი. მშობლებს და მომავალ მშობლებს ვეტყოდი, გაიხარეთ! მართალია, ცხოვრებაში ყველაფერი გასახარებელი არ არის, მაგრამ მიდგომა უნდა გვქონდეს ოპტიმისტური. აქვე მოვიხმობ რედიარდ კიპლინგის სიტყვებს: „თუ გინდა გახდე ჩემპიონი, უნდა გჯეროდეს, რომ ხარ ჩემპიონი“. ბავშვიც ამ აზრით უნდა იყოს გამსჭვალული!

წყარო: “მშობლები”

კომენტარები

სხვა სიახლეები