ვინ არის ქართველი მამა, რომელსაც შვილები სამსახურში დაჰყავს​ – ყველაზე ხშირად დასმული კითხვა: ცოლი გყავთ? ოჯახში პრობლემა ხომ არ გაქვთ?

თბილისის საქალაქო სასამართლოში თუ მოხვდებით, აუცილებლად შეამჩნევთ, მამა-შვილის წყვილს, რომელიც არც ჩემს თვალს გამორჩენია. ერთ-ერთ პროცესზე ვიყავი, როცა ისინი დავინახე, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი, ჩემს გვერდით მჯდომი პირის რეპლიკა რომ არ მომესმინა: „ლექსო, მოსამართლე რომ გახდები, მაშინაც უნდა ატარო ბავშვი?“

სწორედ ამის შემდეგ დავინტერესდი და აღმოჩნდა რომ მამა ადვოკატი ალექსანდრე კობაიაძეა, შვილი კი 3 წლის მათე. სულ ცოტა ხანში პროცესი დაიწყო, მამა სასამართლო დარბაზში შევიდა, მათე კი იქვე სკამზე ჩამოჯდა ჩაით ხელში. პროცესი საათნახევარი გაგრძელდა, თუმცა მათეს იქ ყოფნა მხოლოდ გვერდში მჯდომმა რამდენიმე ქალბატონმა შენიშნა, მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ის ჩემი შვილი არ იყო.

ალბათ, ბევრს გაუჩნდა იგივე კითხვა, რასაც როგორც აღმოჩნდა თავად ადვოკატსაც ხშირად უსვამენ: „ცოლი გყავთ? ოჯახში პრობელემები ხომ არ გაქვთ?“

როგორც ბატონ ალექსანდრესთან საუბრიდან გაირკვა, ის სამი შვილის მამაა და არა მარტო მათე, არამედ უფროსი შვილი, 5 წლის იოანეც ხშირად დაყავს, შემდეგში კი უმცროსი შვილის ტარებასაც გეგმავს, ამის მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ შვილებთან ერთად ყოფნის სურვილია.

„პირველად რომ წავიყვანე იოანე, მანდატური შემოვიდა და თქვენ შვილს საპირფარეშოში უნდაო, მოსამართლემ შესვენება გამოცხადა“

„სამი შვილი მყავს. უმცროსი ჯერ ორი წლისაც არ არის, ამიტომ ჯერ მხოლოდ უფროსები დამყავს. გამომდინარე იქიდან რომ დაკავებული ვარ და შეიძლება სახლში ღამის ორ საათზე მომიწიოს მისვლა, ვცდილობ შვილებს მამის მზრუნველობა არ დააკლდეთ. ამ ფორმით მათ ძალიან ბევრ საჭირო და საინტერესო რამეს ვასწავლი. მაგალითად, როგორ იყვნენ დამოუკიდებლები, კომუნიკაბელურები, წესიერები. მინდა ბავშვობიდან გამოუმუშავდეთ ეს უნარები. მე თვითონ დედისერთა ვარ, მშობლები კი ძირითადად სულ მუშაობდნენ, შესაბამისად, მაკლდა მათთან ყოფნა, ამიტომ ვცდილობ ჩემ შვილებს მაქსიმალურად ჰქონდეთ ჩემი ყურადღება. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ და თან ბავშვებთან ხარ. ვურჩევ სხვებსაც, მაქსიმალურად გამოიყენონ დრო შვილებთან ურთიერთობისთვის. ისინი ძალიან კომუნიკაბელურები არიან, რაზეც თავისთავად იქონია გავლენა ჩვენი ცხოვრების სტილმა. ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია, რა დროსაც არ უნდა მივიდე სახლში, მელოდებიან, მერე კი ვცდილობთ ვითამაშოთ, ან გავისეირნოთ სულ ცოტა ხნით მაინც. უფროსი შვილი ძალიან კომფორტული შვილია, ორი საათი რომ დაკავებული ვიყო, ის მთელი ამ დროის განმავლობაში მშვიდად მელოდება. უკვე მიჩვეულია და რადგან თავიდანვე უპრობლემო იყო, დამყავდა ყველგან. მერე მათეც წამოიზარდა, ის ცოტა სხვანაირია, მაგრამ უკვე გამოუმუშავდა ეს უნარები. თუ უმცროსი შვილიც შეძლებს ფეხი აგვიწყოს, მასაც აუცილებლად ვატარებ“.

როცა ვინმეს აკავებენ, მეკითხებიან: „რატომ დაიჭირეს, ცოდო არ არის? დედა ყავს?“

ადვოკატი მიიჩნევს, რომ გარემო, რომელშიც მას უწევს ყოფნა, ბავშვების ფსიქიკაზე ცუდად არ აისახება, რადგან ისინი ამას სხვაგვარად აღიქვამენ.

„ისინი რეალურ ცხოვრებას სწავლობენ, მოსწონთ მამასთან ყოფნა და უკვე იციან პროკურორს პროკურორი ქვია, მოსამართლეს მოსამართლე, ამ ყველაფერში ერკვევიან. ისინი სხვანაირად უყურებენ ამ საკითხს და მათზე ცუდად არ აისახება. ეს ახალისებს მათ. რა თქმა უნდა აქვთ ემოციები, როცა ვინმეს დააკვებას ხედავენ და უჩნდებათ კითხვები: „რატომ დაიჭირეს, ცოდო არ არის? დედა ყავს?“. მათ იციან, რომ პატიმარსაც ჰყავს ოჯახი და სჭირდება სიყვარული და მზრუნველობა.

ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებში რეიტინგით პირველ ადგილზეა: ცოლი გყავთ?

„ძიძაც გვყავს, დედაც სახლშია, ბებიებიც, მაგრამ ჩემი სურვილი იყო ბავშვები ჩემთან ერთად ყოფილიყვნენ. ბევრს უკვირს, ბევრსაც არ მოსწონს, თუმცა ძირითადად უკვე შეეჩვივნენ და ახლა უკვე ხუმრობენ-ხოლმე ბავშვის გარეშე როცა ვარ. უკვე ყველამ იცის, რომ პროცესია ციხე თუ სხვა სახის შეხვედრა, ბავშვებთან ერთად უნდა მივიდე. დედას უფროსი არ კითხულობს, მათე კი მოიკითხავს-ხოლმე, როცა დაიღლება.
ადვოკარი ბავშვთან ერთად სამსახურში მისვლის პირველ დღეს იხსენებს და სხვა მამებსაც ურჩევს, შვილებთან მაქსიმალურად მეტი დრო გაატარონ.
„მანდატური შემოვიდა და თქვენ შვილს საპირფარეშოში უნდაო, მოსამართლემ შესვენება გამოცხადა. ეს იყო პირველი დღე, როცა იოანე წავიყვანე. ზოგი მოსამართლე მაძლევს უფლებას, რომ შევიყვანო, ზოგი ვერ იგებს ამას. ყველა მამას ვურჩევ, მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმონ შვილებს.

წყარო: მშობლები

კომენტარები

სხვა სიახლეები