კენიელი პიტერ ტაბიჩი, რომელმაც ინდოელი ბიზნესმენის, სანი ვარკეის პრემია მიიღო, მედიას უყვება იმის შესახებ, თუ რაში სურს მიღებული ფულის დახარჯვა. მან მასწავლებლის პროფესიაში შეტანილი წვლილისთვის მილიონი დოლარი მიიღო. ტაბიჩს სურს, რომ ეს ფული სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის დახარჯოს. როგორც ირკვევა, მის სკოლაში მხოლოდ ერთი კომპიუტერია, ხოლო 58 მოსწავლეს ერთი პედაგოგი ასწავლის. „მინდა, თანამედროვე სასკოლო ლაბორატორია მქონდეს და პროექტები შევქმნა, რომლებიც ადგილობრივებს დაეხმარება, მაგალითად, როგორიც სახლთან ახლოს საკვებისა და გვალვაგამძლე მცენარეების მოყვანა იქნებოდა, რათა კვების პრობლემის მოგვარება შევძლოთ. იქ, საიდანაც მე ვარ, ბევრი სიღარიბე და ცოტა საკვებია”, – ამბობს კენიელი პედაგოგი. მისი თქმით, ადრე, ის პრესტიჟულ კერძო სკოლაში მუშაობდა, მაგრამ მერე ცოდნის მიცემა ღარიბი ბავშვებისთვის გადაწყვიტა. შვიდი წლის წინ, ის ფრანცისკანული ორდენის მღვდელმსახური გახდა და თავისი ანაზღაურების 80 პროცენტს გასაჭირში მყოფ ადამიანებს უნაწილებს. ინდური წარმოშობის ბიზნესმენმა, სანი ვარკეიმ, ახლო აღმოსავლეთში სკოლებისა და საბავშვო ბაღების უმსხვილესი ქსელი – GEMS Education-ი დააფუძნა. მისი საქველმოქმედო ფონდი 2015 წლიდან ყოველწლიურად ანიჭებს „საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს“. შეგახსენებთ, რომ ამ ჯილდოსთვის ქართველი პედაგოგი წელს პირველად იბრძოდა. ის ლადო აფხაზავა იყო, რომელიც საუკეთესო ხუთეულში შევიდა. მონაწილეობა 179 ქვეყანაში მომუშავე პედაგოგებმა მიიღეს.