ვინ არის პიტერ ტაბიჩი, რომელიც Global Teacher Prize-ის გამარჯვებული გახდა

კენიელი პიტერ ტაბაჩი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგი და ფრანცისკანელების ორდენის წევრია.
ის Global Teacher Prize-ის გამარჯვებულად გუშინ გამოაცხადეს. ტაბიჩი, ყოველთვიურად, თავისი ხელფასის 80%-ს სასკოლო წიგნებისა და ფორმების საყიდლად იმ ღარიბ მოსწავლეებს აძლევს, რომელთა უმრავლესობამაც მშობლები დაკარგა.
კენიის სოფელ ფვანიში უკიდურესი სიღარიბე სუფევს. იმ სკოლასაც, რომელშიც ტაბიჩი ასწავლის, ძალიან მწირი ფინანსები აქვს. ტაბიჩის თქმით, მის სკოლაში მასწავლებლებისა და სასკოლო სახელმძღვანელოების ნაკლებობაა. ერთ კლასში აქ 70-80 მოსწავლე მეცადინეობს. სკოლაში მისასვლელად, ყოველ დილით, ბავშვებს ექვსი და მეტი კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. „ფული ყველაფერი არ არის“, – ამბობს პიტერი. ის იმედოვნებს, რომ ბავშვებს მთელ თავის ცოდნას მისცემს. ტაბიჩი მიდის ხოლმე იმ ოჯახებში, რომელთა ბავშვებიც იშვიათად დადიან სკოლაში. ის არწმუნებს იმ მშობლებს, რომლებსაც ქალიშვილების გათხოვება აქვთ გადაწყვეტილი, რომ სკოლის დასრულება აცალონ. ტაბიჩის მოსწავლეებს მიღებული აქვთ სხვადასხვა ჯილდო ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში, მათ შორის – ბრიტანეთის სამეფო ქიმიური საზოგადოების პრიზი.
ფონდი „Varkey Foundation“-ი, ყოველწლიურად, ავლენს Global Teacher Prize -ის გამარჯვებულს. ჟიური 150 ადამიანისგან შედგება. დამფუძნებლის, ინდოელი ბიზნესმენის, სანი ვარკის განცხადებით, ამ ჯილდოს მიზანი მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაა. შეგახსენებთ, რომ კონკურსის ხუთ ფინალისტში ქართველი მასწავლებელი – ლადო აფხაზავა მოხვდა.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები