რატომ ყმუიან მგლები – რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ (ვიდეო)

მგელი ძაღლისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. დღეისათვის მათი ორი სახეობაა გავრცელებული: ე.წ. წითური მგელი და რუხი მგელი. ეს უკანასკნელი ყველაზე გავრცელებულია.
მიუხედავად იმისა, რომ რუხი მგლის წარმოშობა კამათის საგანია, მიმდინარე თეორიების თანახმად, ეს სახეობა პირველად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გაჩნდა.
მგლის ხროვა, საშუალოდ, 6-8 წევრისაგან შედგება, იშვიათ შემთხვევებში ხროვა აერთიანებს ოცამდე მგელს. ხროვას სათავეში უდგას წყვილი – ერთი მდედრი მგელი და ერთი მამრი, რომლებიც ხშირად ხროვის ერთადერთ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო დანარჩენი წევრები მათი ნაშიერები არიან, რომლებიც ჯერ საკმარისად მოზრდილები არ არიან, რომ საკუთარი ხროვები შექმნან.

მგელი “სოციალური” ცხოველია და მის ოჯახში “რანგების” დიდი დამცველი. მმართველ წყვილში დომინანტური ადგილი მამრ მგელს უჭირავს, თუ რომელიმე მეწყვილე დაიკარგება ან დაიღუპება, მეორე შეითავსებს მის ფუნქციებს. მმართველი ადგილისათვის ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია მგლებს შორის, თუმცა ზოგჯერ იგი მხოლოდ სიმბოლურ სახეს ატარებს, რადგან ხროვაში თითოეულმა მგელმა იცის თავისი ადგილი.

მგლების ხროვაში ხშირია ე.წ. “სოციალური რიტუალები”, რომლის დროსაც მთავარმა მგელმა უნდა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეცვლის ხროვის სხვა წევრი. ხშირ შემთხვევაში “გადაყენებული” მეთაურები თავს ანებებენ მშობლიურ ხროვას და სხვა ცხოვრებას იწყებენ.

ერთმანეთის ადგილმდებარეობის გარკვევის ძირითადი ხერხია ყმუილი. მგლების ხროვებს შორის დაპირისპირება მუდმივად ხდება, ამიტომ არასასურველი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად ისინი ხშირად ყმუიან, რითაც დაპირისპირებულ ხროვას აცნობენ თავიანთ ადგილსამყოფელს. ყმუილს იწყებს ერთი მგელი, ხოლო ხროვის დანარჩენი წევრები მომღერალთა გუნდის პრინციპით ჰყვებიან მას; ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩანს მგლებისთვის, თითქოს ეს მათთვის ერთგვარი გამაჯანსაღებელი ვარჯიშია.

ზამთრის მიგრაციის დროს მგლების ხროვის ყმუილი მუდმივ ხასიათს ატარებს, ამით ისინი ხვდებიან, თუ რომელი ტერიტორიებია დაკავებული. თუ ხროვა მცირერიცხოვანია და შედარებით სუსტი, ის სიჩუმეს ამჯობინებს და ტყეში მალულად ხეტიალობს, რათა არ გადააწყდეს თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგეს. ამავე მიზეზით, ეული მგლები, როგორც წესი, ყმუილისგან თავს იკავებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები