უცნაური ფაქტები აინშტაინის შესახებ

ჯერ კიდევ სიცოცხლეში, ის ლეგენდა გახდა – მის გამო კამათობდნენ, მითებს იგონებდნენ, ანეკდოტებს თხზავდნენ. ის ნამდვილად იყო გამორჩეული და, როგორც გენიოსს შეეფერება, ჰქონდა თავისებურებები. ეს მისი უდიდებულესობა ალბერტ აინშტაინია. ბევრი ბიოგრაფი თანხმდება, რომ პატარა ალბერტი ძალიან ჩაკეტილი და ნელი ბავშვი იყო. მას ბანქოს სახლების აწყობა უყვარდა და შეეძლო, ეტირა, თუკი მის სიახლოვეს სხვა ბავშვები ხმაურიან თამაშს წამოიწყებდნენ. თუმცაღა, მისი და, მაია, იმასაც იხსენებდა, რომ, ხანდახან, ის იმდენად გამოდიოდა წყობიდან, შეიძლებოდა, თავში ბაღის ნიჩაბი, ან კეგლი ჩაერტყა. უმცროს დას მაშინ ხვდებოდა, როცა ის ვერ ასწრებდა, დაენახა „ძმის თვალებში მრისხანების ნაპერწკლების ანთება – ამ მომენტში, მისი სახე ყვითელი ხდებოდა“.
წონასწორობიდან ბიჭის გამოყვანა მხოლოდ ერთ რამეს – მის სამყაროში თავხედურ შემოჭრას შეეძლო. აინშტაინმა ვიოლინოზე დაკვრა ექვსი წლის ასაკში, დედის დაჟინებული მოთხოვნით დაიწყო. თუმცა, ინსტრუმენტი მომავალ გენიოსს არაფრით ემორჩილებოდა. ამბობენ, რომ განრისხებული ალბერტი პედაგოგს დასდევდა და სკამის სროლას ცდილობდა. შემდეგ კი მან მოცარტი აღმოაჩინა და, მას მერე, ინსტრუმენტს ხელიდან არ იშორებდა. როგორც მისი უფროსი ვაჟი იხსენებდა, „როდესაც, მუშაობის დროს, წინაღობა ხვდებოდა, ხშირად იღებდა ხელში ვიოლინოს.“ დაკვრა მას ფიქრში ეხმარებოდა. შეეძლო, მანამ დაეკრა, სანამ პასუხს არ იპოვნიდა და შემდეგ იძახდა -„მშვენიერია! ახლა კი მივხვდი, რაშია საქმე“. კარგად არის ცნობილი ისტორია აინშტაინისა და კომპოზიტორ ჰანს ეისლერის ერთობლივი გამოსვლის, უფრო სწორად – წარუმატებელი დუეტის შესახებ. აინშტაინი ვერაფრით ახერხებდა, ტაქტს აყოლოდა. გაბრაზებულმა აისლერმა დაიყვირა -„ არ მესმის, რატომ უწოდებს მთელი სამყარო გენიოსს ადამიანს, რომელსაც სამამდე დათვლაც კი არ შეუძლია!“ აინშტაინს კარგი სიგარები უყვარდა – უარს არ ამბობდა არომატულ ჩიბუხზეც. ის ჩიბუხის მწეველების მონრეალის კლუბის წევრი იყო და ხშირად იმეორებდა, რომ „ჩიბუხი ეხმარება კაცობრიობის საქმიანობის ობიექტურ განსჯაში“ . მისი შვილიშვილი იხსენებდა, რომ ბაბუას იმდენად დიდი ნიკოტინდამოკიდებულება ჰქონდა, შეეძლო, სიგარეტის ნამწვები ტროტუარიდან აეღო, რომ ჩიბუხში შეეკეთებინა.
აინშტაინის თანაშემწის, იოგანნა ფანტოვოის დღიურებში შეგვიძლია, ვნახოთ ისტორია თუთიყუშ ბიბოზე. აიშტაინმა ის დაბადების დღეზე საჩუქრად მიიღო. იმ მომენტებში, როცა მეცნიერი ფიქრობდა, რომ თუთიყუშს დეპრესია აქვს, მას უხამს ანეკდოტებს უყვებოდა და მის გამხიარულებას ცდილობდა. ირწმუნებიან, რომ ეს „მკურნალობა“ უებარი იყო. ამბობენ, რომ, სიცოცხლის ბოლო წლებში, ის ხშირად ელაპარაკებოდა თავის საყვარელ კატას. საკმაოდ არის ტირაჟირებული ის ფაქტი, რომ აინშტაინი ვერ იტანდა წინდებს. ოფიციალურ ცერემონიებზეც კი ის გარდერობის ამ ელემენტის გარეშე დადიოდა და მათ არარსებობას მაღალყელიანი ფეხსაცმლით ნიღბავდა. ცნობილია, რომ აინშტაინი არ იმახსოვრებდა იმას, რაც მისთვის უმნიშვნელო იყო.
ცნობილია ანეკდოტი იმის შესახებ, რომ, სადილზე პროფესორ სტიმსონის მიწვევისაც, მან თქვა -„ მობრძანდით! მე პროფესორი სტიმსონი მეყოლება!“. ხოლო როდესაც წინ მდგარმა ადამიანმა უთხრა, რომ ის არის სტიმსონი, აინშტაინი არ დაიბნა და თქვა -„ მაინც მოდით!“ ხანდახან, გენიოსს მნიშვნელოვანი საკითხებიც ავიწყდებოდა. ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან მომავალ ცოლს, მილევნა მარიჩს გაუგზავნა, მან დაწერა- „ მიიღეთ ჩემი დაგვიანებული მოლოცვა თქვენი დაბადების დღის აღსანიშნავად, რომელიც გუშინ იყო და, რომლის შესახებაც, კვლავ დამავიწყდა”
აინშტაინმა არ იცოდა ცურვა, თუმცა უყვარდა იახტით სეირნობა. მისი ზოგიერთი ბიოგრაფი ირწმუნება, რომ მას აქტიური დასვენება არ მოსწონდა, მაგრამ გიჟდებოდა ველოსიპედით სიარული.

კომენტარები

სხვა სიახლეები