ვლადიმერ პუტინის შთაგონებით ქალებისთვის სუნამო გამოვიდა

რუსეთში ვლადიმერ პუტინის კულტი სულ უფრო ღრმა ფაზაში შედის. სწორედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი კვლავ გახდა შთაგონების წყარო ბრენდ “Leaders”-ის მიერ გამოშვებული სუნამოს «Russian woman» -ის შექმნისას.
„ვლადიმერ პუტინის“ არომატის შეგრძნება და ნაზი ვარდისფერი ფერის მქონე ფლაკონის ყიდვა რუს ქალებს ცნობილ სავაჭრო ქსელ „გუმ“-ში შეუძლიათ. ექსკლუზიური სუნამო მხოლოდ იქ იყიდება. 100 მილიგრამიანი ფლაკონის ფასი 7 500 რუბლია.
აღსანიშნავია, რომ პარფიუმის წყალი Leaders «Russian woman» მამაკაცის სუნამოს Leaders «Number One» ანალოგი გახდა, რომელიც ორი წლის წინ გამოვიდა გაყიდვაში. ამ სუნამოს ფლაკონს კი ვლადიმერ პუტინის გამოსახულება „ამშვენებს“. როგორც შემქმნელები ამტკიცებენ, მოთხოვნა მამაკაცის პარფიუმზე პუტინის გამოსახულებით ამ ორი წლის განმავლობაში წარმოუდგენლად დიდი იყო. სწორედ ამიტომ დაიბადა იდეა მსგავსი სუნამო ქალებისთვისაც შექმნილიყო.
როგორც ბრენდის ხელმძღვანელი აცხადებს, ეს არომატი რუს ქალს ეძღვნება. რუსეთს ყოველთვის ქალის სახე ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იცვლებოდნენ მმართველები და ისინი ძირითადად მამაკაცები იყვნენ. ახლა რუსეთს მამაკაცური პრეზიდენტი – ნამდვილი ლიდერი ჰყავს, მაგრამ თავად რუსეთი ქალია და ის თავისი მმართველის ზურგს უკან არის. სწორედ ამ იდეამ შთააგონა პარფიუმერები.
თავდაპირველად, საფრანგეთში 17 სატესტო არომატი შეიქმნა და მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი გახდა Leaders «Russian woman». კომპოზიციაში შესულია ვარდის, ქოქოსის, პიონის, სანდალის ხის, ვანილის, მუსკატის კაკლის და სხვა არომატები. როგორც შემქმნელები აცხადებენ, არომატი რუსი ქალის ძლიერი ხასიათის თვისებებს და ამავდროულად რომანტიკულ მხარეებსაც უსვამს ხაზს.
როგორც ირკვევა, ერთ კვირაში უკვე 500 ფლაკონი გაიყიდა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ლიმიტირებული სერია – 1500 ეგზემპლიარია გამოშვებული. ასევე უკვე მიღებულია შეკვეთებიც – უკრაინიდან, ინგლისსა და სხვა ქვეყნებიდანაც.
ერთი ფლაკონი კი უკვე გადაუციათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური წარმომადგენლისთვის, მარია ზახაროვასთვის.

კომენტარები

სხვა სიახლეები