ბრიტანული მედიის ყურადღების ცენტრში სამეფო ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ტრადიციულად, სანდრინგემში, საშობაო წირვას დაესწრნენ. 92 წლის დედოფალი ადგილზე ავტომობილით მიიყვანეს, ხოლო სამეფო ოჯახის უმცროსმა წევრებმა წმინდა მარიამ მაგდალინელის ეკლესიამდე ფეხით გაისეირნეს.
პრინცი ფილიპი, რომელიც 97 წლის არის და იშვიათად ესწრება საჯარო ღონისძიებებს, ცერემონიას არ დასწრებია, თუმცა სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ის ჯანმრთელად არის.
ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს სამეფო ოჯახის გადაადგილებას. პრინც ჩარლზს თან მისი ვაჟები ახლდნენ პრინცები უილიამი და ჰარი წირვაზე მეუღლეებთან, კეიტსა და მეგანთან ერთად იმყოფებოდნენ. ჰარი და მეგანი პირველ შვილს გაზაფხულზე ელოდებიან. პრინც ჩარლზის მეუღლე კამილა, რომელმაც ახლახან ვირუსი გადაიტანა, ასევე არ ესწრებოდა საშობაო წირვას. კეიტისა და მეგანის მხარდამხარ სიარული, რომლებიც ერთმანეთს მომღიმარი სახეებით ესაუბრებოდნენ, მედიას არ გამოჰპარვია, რადგან მათი ურთიერთობა ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
სამეფო ოჯახი 45-წუთიან წირვას და შემდეგ ტრადიციული საშობაო ლანჩს დაესწრო, მანამდე კი ყვავილების მიღების ცერემონია გაიმართა.
სამეფო ოჯახის ბევრი სხვა წევრიც ესწრებოდა ამ ტრადიციულ ღონისძიებას, მათ შორის დედოფლის შვილი პრინცი ენდრიუ და პრინცესა ევგენია – დედოფლის ერთ-ერთი შვილიშვილი, რომელიც მის ახალ ქმართან ჯეკ ბრუკსბუკთან ერთად მივიდა. სამეფო ოჯახის წევრებმა ერთმანეთს საშობაო საჩუქრები აჩუქეს, რაც თავის დროზე დედოფალ ვიქტორიას და პრინცი ალბერტის მიერ შემოღებული ტრადიციაა.