სერვისი საქართველოში, ანუ კიდევ ერთი “მარაზმი”, თუ? როდის ვუყვარვართ ყველას, ან არავის

რამდენიმე თვის წინ, ორი, პოლონელი და უკრაინელი მეგობარი ჩამომივიდა. მე მხოლოდ, ჩამოსვლიდან მესამე დღეს მოვახერხე მათი ნახვა…

  • როგორ მოგეწონათ საქართველო? – ჩემი პირველი კითხვა, ბუნებრივია, სტანდარტული იყო…
  • საოცარი ხალხი ხართ! მომღიმარები, სტუმართმოყვარეები, გზად მანქანით წამოგვიყვანა ვიღაც ოჯახმა, მერე რესტორანში შევიარეთ და ჩვენი სადილის თანხაც გადაიხადეს, გაოცებულები ვართ!

გამიხარდა რაღაცნაირად და შევათვალიერე. ორივე ისეთი პოზიტიური, მომღიმარი და თავაზიანი იყო, არ გამკვირვებია, რომ „მხოლოდ კარგი ხალხი ხვდებოდათ“, გამოთქმა გამახსენდა „ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებსო“.

ბუნებრივია, გავიფიქრე, მაგრამ არ მითქვამს, რომ ჩვენ მუდმივად ვწუწუნებთ მომსახურების ხარისხზე, ხალხის „უჟმურ“ სახეებზე და გაუცინარობაზე, ა.შ. და გამახსენდა მომღიმარი ტაქსის მძღოლები, რომლებიც ხელის ჩამორთმევით და ღიმილით მემშვიდობებიან, მაღაზიის კონსულტანტები თუ მიმტანები, რომლებიც ღიმილით მემსახურებიან, რიგში დგომისას გაცნობილი ხალხი, თუ ფეისბუქზე კომუნიკაცია, როცა უცნობი ადამიანი მწერს…blog

რატომ? იმიტომ, რომ მეც ვუღიმი, შევდივარ უშუალო კონტაქტში, ვუხდი მადლობას, ვემშვიდობები, ვითხოვ თავაზიანად, ა.შ.

  • საშინელი სერვისია საქართველოში, არაფერი გვეშველება! – პოსტავს ფეისბუქ ფრენდი, ხელები მექავება, ისე მინდა დავაკომენტარო და მერე თავს ვიკავებ, მაინც ვერ შევასმენ ერთი წინადადებით, ასე სათითაოდ ვრცელი ახსნა კიდევ – დროს მოითხოვს…

ჩემი შოფინგი გამახსენდა ნიუ იორკში…

ვდგავარ გასახდელში, ნახევრად გახდილი და ვეძახი კონსულტანტს, მერე მომღიმარი სახით, თავაზიანად ვთხოვ, რომ 32 ზომა ჯინსი არ მომერგო და 34 მომიტანოს და L პერანგის ნაცვლად XL… ჯერ გაოცებული სახით მიყურებს, მერე უხეშად მეუბნება, რომ გავიდე და ჩემით შემოვიტანო. აქ ევროპა არ გეგონოს – აგვირგვინებს უხეშობას შესაბამისი ფრაზით.

სხვა გზა არ მქონდა, ჩავიცვი და ისევ გავედი… და მომენტალურად გამახსენდა ქართული ზარა, მასიმო დუტი, ჯინსის გალერეა, სადაც კონსულტანტები დაუზარებლად დაგდევენ, გასახდელში 5 შარვლით და 6 პერანგით შესულს, მესამედ და მეოთხედ მაწვდიან ზომებს და სხვა მოდელებს და ერთხელაც არ წუწუნებენ და ამის შემდეგ, ვიღაც დაპოსტავს, რომ მხოლოდ საქართველოშია ასეთი საშინელება და სერვისი არ გვივარგა.

იდეალური არაფერია, შემიძლია გავიხსენო ერთერთი ჩემი სამსახურის ბუფეტის თანამშრომელი ქალი, რომელთანაც მიზნად მაქვს დასახული გავაღიმო, ყოველ ჯერზე 32-ვე კბილით ვუღიმი, განსაკუთრებული თავაზიანობით ვთხოვ ყავა გამიკეთოს და ვუყურებ თვალებში, მისგანაც ღიმილის მოლოდინში.

რამდენიმე წამი მიყურებს ალმაცერად, შეკრული წარბებით, ვერ გაუგია რატომ ვარ ასე იდიოტურად ბედნიერი და მერე უხეში ხმით, მოკლედ მეკითხება:

  • შაქარი რამდენი?!

გასაგებია, კარგი და ცუდი ყველგანაა, მაგრამ როცა არსებობს თიბისი, საქართველოს ბანკი, ზარა, ვივუსი, ემ გრუპის რესტორნები, ჯეოსელი, მაგთი, ბილაინი, სილქნეტი, ა.შ. და ა.შ. რატომ უნდა ვიყოთ ასეთი კრიტიკულები ხარისხის მიმართ? როცა არსებობენ მიმტანები, რომლებიც დეტალურად გიხსნიან საკვების შემადგენლობას და იმასაც კი იმახსოვრებენ, წინა მისვლაზე რა შეუკვეთეთ, კონსულტანტები, რომლებიც რეკავენ მთელს ქსელში, რომ იპოვონ ზომა თქვენთვის, ბანკის თანამშრომლები, რომლებიც გახარჯავენ ამდენ დროს, ტაქსის მძღოლები, რომლებიც გელოდებიან ხანდახან ნახევარ საათზე მეტი და არც კი გიბრაზდებიან… ყველაზე მეტად, დაუნახავობა და უმადურობა მაოცებს ადამიანების!

ერთი ცუდი თვისება გვაქვს, ადამიანი ათჯერ რომ სიკეთეს გაგვიკეთებს და ერთხელ რაღაც შეეშლება, ის ნაძირალაა და წინა ათი სიკეთეც ალბათ შემთხვევით მოუვიდა.

და თუნდაც გარკვეულ ობიექტებში არ იყოს სერვისი მოწოდების სიმაღლეზე, ოდესმე დაფიქრებულხართ, რა პირობებში უწევთ ამ ადამიანებს მუშაობა? როგორია მათი სამუშაო საათები, ანაზღაურება და ამას თქვენი მბრძანებლური ტონიც რომ ემატება… ახლა მეტყვით, თუ არ მოსწონს, ნუ იმუშავებსო, მარტივი სათქმელია… და მაინც, თუ თქვენ გაუღიმებთ და პოზიტიურ დამოკიდებულებას აჩვენებთ – უმრავლესობა პოზიტივითვე გიპასუხებთ.

ერთი მარტივი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან:

  • გინდათ, რომ უყვარდეთ? – შეიყვარეთ ჯერ თქვენ!
  • გინდათ, რომ გიღიმოდნენ? გაუღიმეთ
  • გინდათ კომპლიმენტები გითხრან, უთხარით პირველმა, როცა მოგწონთ
  • გინდათ, სიკეთე გაგიკეთონ? გააკეთეთ თქვენც
  • გინდათ თქვენი წარმატება გაუხარდეთ? თქვენც ნუ შეგშურდებათ და გაიზიარეთ სხვისი ბედნიერება!

„ხელი გაანძრიე და გეშველებას“ პრინციპია აქაც, აგრესია და უკმაყოფილება წარმოშობს იმავეს, საპირისპირო მხრიდანაც, ჩვენ კიდევ, ვითხოვთ უზომოდ ბევრს და არ გვინდა გავცეთ მისი მესამედიც კი.

გარწმუნებთ და დამიჯერეთ, საქართველო სერვისის კუთხით საკმაოდ კარგ პოზიციაზეა, მაგრამ ჩვენ რატომღაც, სიამოვნებას სხვისი ლანძღვა უფრო გვანიჭებს, ვიდრე დადებითის აღმოჩენა!

სიმარტივისთვის, აიღეთ ფეისბუქ სტატუსების სტატისტიკა და გაიხსენეთ, რამდენად ხშირად პოსტავენ ადამიანები, როცა რაღაც არ მოსწონთ, აღიზიანებთ, ა.შ. და რამდენად იშვიათად, როცა რაღაც მოსწონთ.

მე ბედნიერი ვარ საქართველოში, ამავეს გისურვებთ თქვენც!

 

კომენტარები

სხვა სიახლეები