თბილისის ზოოპარკში მაკაკა დაიბადა (ფოტოკოლაჟი)

თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი ჰყავს.
ბერბერულმა მაკაკებმა პატარა მაკაკუნა მოავლინეს ქვეყანას, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის პრესსამსახური ავრცელებს.
„რეპროდუქციული პროცესები ჩვენთან ისევ მოწოდების სიმაღლეზეა.
ამჯერად ბერბერულმა მაკაკებმა გაგვიკეთეს საზაფხულო საჩუქარი და პატარა, დაჭყანული მაკაკუნა მოავლინეს ქვეყანას.
ალბათ არ გეწყინებათ, თუ გეტყვით, რომ მაიმუნები ბევრი რაღაცით გვგვანან ადამიანებს. მაგალითად, მაკაკებიც ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ჩვენ, ახლობელი რომ იმშობიარებს და დიდი ზარ-ზეიმით გავეშურებით-ხოლმე ახალშობილის მოსანახულებლად. რას აკეთებენ? შექუჩდებიან, მიუცუცქდებიან და გულდასმით იკვლევენ ჯგუფის ახალ წევრს. ათვალიერებენ, თათებით სინჯავენ და სავარაუდოდ, თავის ენაზე უწუ-პუწუებს და ტანკლი-ტუნკლებსაც ეუბნებიან. მშობლები მნახველებს დიდსულოვნად აძლევენ შვილის მიალერსების საშუალებას, მაგრამ თან მკაცრად აკონტროლებენ სიტუაციას. შემთხვევით თუ ვინმეს ზედმეტი მოუვიდა და წამოაკივლა პატარა, გემრიელად ჩააფეთებენ გათამამებულ სტუმარს, ნუ აწუხებო“, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები