ია სუხიტაშვილი გათხოვდა, ვინ არის მსახიობის რჩეული – „ბიჭს ველოდებით“

სელებრითების პირადი ცხოვრების კულუარულ ამბებს განსაკუთრებული ინტერესით ელოდება ხოლმე ჩვენი მკითხველი. ქართველი ცნობილი სახეებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ხშირად ხდებიან ინტერნეტმომხმარებლის განსჯის საგანი. ამჯერად ია სუხიტაშვილის მოზრდილი მუცელი მოექცა ინტერნეტმომხმარებლის ყურადღების ცენტრში და უმალ გაჩნდა კითხვაც – ვისგან ელოდება ბავშვს ქართველი მსახიობი. ჰოდა, მოემზადეთ, ია ექსკლუზიურად „პრაიმტაიმს“ უამბობს თავისი ახალი სიყვარულის ამბავს. მიუხედავად იმისა, რომ იას პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ უყვარს, ჩვენ მაინც დავითანხმეთ ინტერვიუზე. სწორედ ამ, ერთგვარი გადახვევით დაიწყო იამ ჩვენთან საუბარი.
– ზოგადად, არ მიყვარს სოციალური ქსელით ცხოვრება, პირადი ამბების გამომზეურება: რა ვიყიდე, სად წავედი, ვისთან ერთად ვისვენებ, რას ვჭამ და ა. შ. ჩემს „ფეისბუკს“ რომ გადაავლოთ თვალი, ნახავთ მხოლოდ სპექტაკლის, გადაღებების ან რეპეტიციების დროს გადაღებულ ფოტოებს, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემი შვილისა და ძმისშვილის ფოტოსურათებს. სადმე ბანკეტზე ან წვეულებაზე თუ ვიღებთ სურათებს, იმასაც ჩემი მეგობრები აქვეყნებენ. მე დიდად არ მიყვარს ამის აფიშირება… მესმის, რომ ჟურნალისტები ცნობილმა სახეებმა გაგანებივრეს პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურებით. ასეთებს საკუთარი თავის პაპარაცებს ვეძახი. ამას მე ძალიან იშვიათად ვაკეთებ. მინდა ჩემი პირადი ჩემთვის დავიტოვო.

– ასეთ შემთხვევაში ჩვენ, ჟურნალისტები, სხვა მეთოდებით, სხვა ხერხებით მოვიძიებთ ხოლმე ინფორმაციას და ამ დროს დიდია ალბათობა ცდომილებისაც. ამიტომ ჯობია, როცა ინტერესი დიდია, ამ ყველაფერზე თავადვე ისაუბრო… როგორ მოახერხე, ამდენ ხანს დაგემალა შენი გათხოვების ამბავი?

– მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ვარ, მონათლული გახლავართ, ცრურწმენებიც მაქვს. თვალისა და მსგავსი რაღაცების მჯერა. ახლა ძალიან კარგად ვარ, ბედნიერი ვარ, კომფორტულად ვგრძნობ თავს. ამიტომ მინდოდა ეს ყველაფერი ასე მიმეყვანა ბოლომდე, სანამ ბავშვი დაიბადებოდა. მაგრამ ვინაიდან ასე ძალიან აინტერესებთ და საკუთარ ინტერპრეტაციებს წერენ ჩემზე, მომიწევს ვთქვა. თებერვლის დასაწყისიდან ოფიციალური ცოლ-ქმარი ვართ. ველოდებით შვილს ოქტომბრის დასაწყისიდან. დანარჩენ დეტალებს რაც შეეხება, ჩემს მეუღლეს არ უყვარს აფიშირება, ძალიან მთხოვა, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობას მოვარიდო. ხომ გვყავს საქართველოში ცნობილი ქალები, რომელთა ქმრებსაც არ უყვართ გამოჩენა. მაგალითად, თაკო ჩხეიძის, თიკა ფაცაციას ქმრები. ეს მათი უფლებაა, ისევე როგორც ჩემი ქმრის და მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ბოდიშს ვიხდი, არ ჩაგაყენეთ საქმის კურსში, რომ ვთხოვდებოდი (იცინის).

– მაინც გკითხავ, ჩვენ ვიცნობთ შენს მეუღლეს?

– არა, ხომ ვთქვი, მსახიობს აღარ გავყვები ცოლად-მეთქი. პროფესიით ინჟინერია. უყვარს ჩემი პროფესია, ძალიან კარგი მელომანია და მუსიკაში ერთ-ერთი გემოვნებიანი ადამიანი.
– საქართველოში მოღვაწეობს?
– კი, აქ მუშაობს.
– დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებთ?
– თავად მიცნობდა, როგორც მსახიობს, ფილმებიდან, სპექტაკლებიდან. სიმპათია ყოველთვის ჰქონდა ჩემ მიმართ. პირადად ერთმანეთი საერთო მეგობრის წყალობით გავიცანით შარშან, ზაფხულის მიწურულს. ძალიან მალე გავუგეთ ერთმანეთს. ხასიათის თვისებებით, საერთო ინტერესებით კომფორტი ვიპოვეთ ერთმანეთში.
– სახელსა და გვარს არ გვეუბნები?
– არა. პატივს ვცემ ამ ადამიანს და შესაბამისად, მის თხოვნასაც ვითვალისწინებ.
– შენამდე ოჯახი თუ ჰყავდა?
– არა, არ ჰყოლია. მეგობარი გოგონა, ალბათ, ეყოლებოდა (იცინის), მაგრამ ოჯახი – არა.
– ასაკობრივი სხვაობა?
– თანატოლები ვართ.
– ვისთან ერთად ცხოვრობთ?
– არავისთან. მე, ჩემი ქმარი, შვილი და მალე პატარაც დაიბადება. ბიჭს ველოდებით.
– სახელი უკვე შეარჩიეთ?
– კი, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით, სიურპრიზია ერთი ადამიანისთვის.
– ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავდა, რით გამოარჩიე დანარჩენებისგან, მესამედ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ქალისთვის მარტივი არ არის…
– არ ვიცი, არის პატარ-პატარა აფეთქებები ქალში. ოჯახი ჩემთვის ნომერ პირველია. როცა ოჯახში ყველაფერი კარგად მაქვს, სიმშვიდეა, კომფორტია, სიყვარულია, კარიერაშიც თავისით ლაგდება ყველაფერი. მიხარია ჩაცმაც, მაღაზიებიც, მეგობრებიც, ყველაფერი. ეს ადამიანი არის ოჯახის სიმყუდროვე.
– ახლა ისეთ ასაკში ვარ, სიმშვიდე და პირობები მჭირდებაო, ბოლო ინტერვიუში მითხარი. ახალ ოჯახში გაქვს პირობები?
– თუ ადამიანს ოჯახი უყვარს, ამ მხრივ კომფორტულია, როგორი დაღლილიც არ უნდა მოვიდე სახლში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ორივეს გვესიამოვნოს ერთად ყოფნა. პირობას ქმნის ადამიანის ხასიათი. ყველაზე დიდი პირობა ეს არის.
– ანუ ფინანსურმა პირობებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა?
– ვერ გადაინაცვლებს, რაც არ უნდა მოინდომო. ყოველი თვის ბოლოს გადასახადების ქვითრები გახსენებს ფინანსებს, დანარჩენს ყველაფერს რომ თავი დაანებო. მაგრამ როცა არსებობს შეთანხმება, ყველა პრობლემა გვარდება.
– ეს ის გრძნობაა, მუცელში პეპლები რომ დაფრინავენ?
– კი, კი, თან კარგი ორსულობა მაქვს, განსაკუთრებული არაფერი მომდომებია. პრეტენზიული არ ვარ, ენერგიულიც ვარ. უბრალოდ, ამხელა ზაფხულმა და სიცხეებმა გამაგიჟა ცოტა, რომ არასდროს აღარ დამთავრდა.
– შენი პროფესია რამდენად მისაღებია მისთვის?
– პატივს სცემს ჩემს პროფესიას. დადის ჩემ სპექტაკლებზე. ამასთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად არ გვაქვს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ შეიძლება შენივე პროფესიის ადამიანმა ვერ გაგიგოს და აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიის ადამიანი გვერდით დაგიდგეს, ამ მხრივ.
– რას გულისხმობ?
– რთული პროფესია გვაქვს მსახიობებს, არასდროს არ იცი, თეატრში შესული უკან რომელ საათზე გამოხვალ ან გადაღებაზე წასული, შინ რომელ საათზე დაბრუნდები.
– ია, ფეხმძიმობის გამო „შინდისის გმირებზე“ უარის თქმა მოგიწია. გული გწყდება, ალბათ…
– გული მწყდება, რა თქმა უნდა, სამი წელია ამ პროექტზეა ლაპარაკი მიდის და შესაბამისად, მზადებაც. მე უნდა მეთამაშა როლი ქალისა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არსებობდა. ორჯერ ჩავედი შინდისში და გავიცანი ხატია, რომელიც 2016 წლის სექტემბერს გარდაიცვალა. დიალეზზე იყო. რომ გაჩვენოთ ბლოკნოტი, რამდენი მაქვს ნაწერი და ნამუშევარი ამ როლზე, მიხვდებით, რომ ნამდვილად გულდასაწყვეტია. თან ხატიას შევპირდი, ისე ვითამაშებ ამ როლს, რომ იამაყებ-მეთქი. მაგრამ… შარშან ზაფხულში უნდა დაწყებულიყო გადაღებები და ვერ დაიწყო. მერე ძალიან ინერტულად მიდიოდა ყველაფერი. აპრლის შუა რიცხვებში ვიკითხე, რა ხდება-მეთქი და ჯერ კიდევ სცენარზე მიდიოდა მუშაობა.
– ახლა ვინ ითამაშებს შენს მაგივრად ხატიას როლს?
– როგორც ვიცი, დიდხანს ეძებეს მსახიობი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. რომ არ მოგატყუო, ეგოიზმი მაქვს ამ როლთან დაკავშირებით (იღიმება).

„პრაიმტაიმი“

კომენტარები

სხვა სიახლეები