ვისთვის არის რეკომენდებული მაღალ სასთუმალზე ძილი

თუ ადამიანს აწუხებს სასუნთქი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის ესა თუ ის დაავადება, მისთვის უფრო კომფორტულია მაღალი სასთუმალით ნახევრადმჯდომარე პოზიციაში მოკალათება და ასეთ მდგომარეობაში დაძინება. სხვა პოზიციაში ვერც მოისვენებს, რადგან აღნიშნული სისტემების პათოლოგიებს, როგორც წესი, თან ახლავს ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, სულხუთვის შეგრძნება, გულისცემის გახშირება და სხვა სიმპტომები. მაღალი სასთუმალით ნახევრადმჯდომარე პოზიციაში კი ბევრად უმჯობესდება ფილტვების ვენტილაცია, შესაძლებელი ხდება უფრო ღრმად ჩასუნთქვა და შესაბამისად, უფრო მეტად ადვილდება სუნთქვა.
სხვა შემთხვევაში კი, მით უფრო ახალგაზრდა ადამიანებისთვის, მაღალი სასთუმალის გამოყენება არასასურველია. ჩვენი სხეულის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე კისერი და სხეულის დანარჩენი ნაწილი ძილის (საზოგადოდ წოლის) დროს ერთ მთლიან სწორ ხაზს უნდა ქმნიდეს. ამისათვის თავსა და კისერს სათანადო ფიქსაცია ესაჭიროება. ლეიბი სხეულის სასურველ პოზიციაში შენარჩუნებას უზრუნველყოფს, აი თავი და კისერი კი, ხშირ შემთხვევაში, მოხერხებულ მდგომარეობას მოკლებულია. დიდი და მკვრივი ბალიშის გამოყენება პრობლემათა მთელ კომპლექსს აძლევს დასაბამს, რამეთუ ხერხემალი ასეთ სასთუმალზე, როგორც წესი, მოხრილ-მოღუნულ მდგომარეობაშია. კისრის მოღუნული პოზიცია ძილის დროს გარდა იმისა, რომ ხვრინვის პროვოცირებას განაპირობებს, ნიკაპის გულ-მკერდთან მიახლოების გამო _ სუნთქვასაც აძნელებს. მაღალი ბალიშის გამო ხშირად ვითარდება კისრის ნაოჭები, ქუთუთოების კანში ვენური სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რაც ხელს უწყობს თვალების ქვეშ “შეშუპების ტომრების” განვითარებას.
იდეალურად, კისერი სხეულთან ერთად ერთ დონეზე უნდა იყოს საწოლში განთავსებული. კისრის მალები სხვა მალებთან შედარებით ყველაზე პრობლემურია, ამიტომაც არის, რომ ზოგიერთებს გაღვიძებისთანავე თავის ტკივილი, კისრის დაჭიმულობა და სხვადასხვა სახის დისკომფორტი აწუხებთ. არც ღამით აქვთ მოსვენებული ძილი, სხეულის სასურველ პოზიციას ხშირად ვერ პოულობენ, დილით კი დაღლილი სხეულით დგებიან, შესაბამისად, მხნეობასა და ენერგიულობას ვერ გრძნობენ. ამიტომაც, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება სასთუმალის ზომასა და სხეულის მოხერხებულ პოზიციას წოლისას. ისიც საყურადღებოა, რომ უბალიშოდ ძილიც არ არის რეკომენდებული, რადგანაც კისერი და თავი ოდნავ წამოწეულ მდგომარეობაში უნდა ფიქსირდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხეული ვერ ახერხებს სათანადოდ მოსვენებას და დასვენებაც, შესაბამისად _ არასრულფასოვანია. უბალიშოდ წოლისას ხერხემლის კისრის ნაწილი სათანადოდ ვერ დუნდება, კისრის მალები მოუხერხებელ პოზიციაშია, რაც თავის მხრივ კისრის დაჭიმულობის, ზურგისა და თავის ტკივილის მიზეზი ხდება.

წყარო: http://www.mkurnali.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები