კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 30 იანვარი – 5 თებერვალი

შეიძლება თამამად ითქვას, რომ წინ საკმაოდ აქტიური, მოვლენებითა და ემოციებით დატვირთული კვირა გველის. წინა კვირის მიწურულს ახალმთვარეობის ენერგეტიკა, რომელსაც ფერხულში მარსის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ინგრესიაც დაემატა ამ კვირაში სხვადასხვა ტიპის მოვლენების სახით გამოვლინდება. უპირველეს ყოვლისა კვირის აქტიური თემატიკა იქნება განახლებისა და მოდერნიზაციის საკითხი. ეს კარგი პერიოდია არსებული საქმიანობის ახლებურად გადასაწყობად, რუტინული სამუშაო გრაფიკის გაცილებით უფრო დინამიკურ ტალღაზე გადასაყვანად.
კარგი იქნება გადახედოთ საკუთარ გარემოცვას და სამეგობროს. ახალმთვარეობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში მოხდა, რაც თავის მხრივ ჯგუფურ-კოლექტიურ საქმიანობაში კორექტივების შეტანის კარგ შანსებს ითვალისწინებს. სასურველია ეს კვირა არსებული, მომაბეზრებელი ვალდებულებების (თუნდაც მეგობრულის) მოსაშორებლად გამოიყენოთ. ზუსტად ამ კვირაში მოგეცემათ შესაძლებლობაც და გამბედაობაც, რომ წერტილი დაუსვათ გაურკვეველ ან არაფრისმომცემ ურთიერთობებს. შესანიშნავი პერსპექტივები ჩნდება ამ კვირაში მათთვის ვინც კვლევითი სამუშაოთია დაკავებული ან ვისი პროფესიაც ინტერნეტ-კომუნიკაციას, ტექნოლოგიურ სიახლეებს ეხება. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დაახლოებით სამ თებერვლამდე, სასურველია არ ვიჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღებისას, არ შევეჭიდოთ სპონტანურად ახალ პროექტებსა და გამოწვევებს. სასურველია, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ და ნებისმიერი რისკის ალბათობა გაითვალისწინოთ, თუკი რაიმე ახალის წამოწყებას გეგმავთ.
29 იანვარს მერკური-პლუტონის შეერთება გააძლიერებს ადამიანებს შორის კომუნიკაციაში ცინიზმის დონეს. ამ პერიოდში შესაძლებელია ზედაპირზე ამოყვინთოს არაერთმა საიდუმლოებამ. მოსალოდნელია ხმაურიანი საზოგადოებრივი სკანდალებიც. არ არის გამორიცხული ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლის ფაქტების მომსწრეც გავხდეთ. მერკური გადაადგილებასაც მართავს, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ გზებზე – შესამჩნევად მატულობს ავტოავარიის რისკი. სასურველია მეტი დათმობა და ლოიალურობა ახლო წრის ადამიანებთან (დები, ძმები, ნათესავები, უახლოესი თანამშრომლები, მეზობლები). კვირის დასაწყისში არ არის გამორიცხული ზემოჩამოთვლილ ადამიანებთან კონფლიქტი რეალურ და ხანგრძლივვადიან დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს.
იანვრის მიწურული ეს ის დროა, როცა შესაძლებელია მოგვიხდეს ხელახლა დავუბრუნდეთ თემებს და პრობლემებს, რომელსაც ჯერ კიდევ განვლილი წლის დეკემბერში – 14-23 რიცხვებს შორის ჰქონდა ადგილი. ეს შეიძლება იყოს ფინანსური ვალდებულებების, გადასახადების, კრედიტების თემა ან დაუსრულებელი კონფლიქტი ახლობელ-ნათესავებთან.
მიმდინარე კვირა იმითაც გახლავთ მნიშვნელოვანი, რომ იგი არის პირველი კვირა, რომელიც ცეცხლოვანი მამლის წელიწადს გახსნის. მოგეხსენებათ, რეალური, ასტროლოგიური ახალი წელი არა 31 დეკემბერს, არამედ 28 იანვარს ანუ წინა კვირის მიწურულს დადგა. ამიტომ ის თუ როგორი შემართებით, განწყობით და პოზიტიური სულისკვეთებით გაატარებთ მიმდინარე კვირას დიდწილად განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება თქვენთვის სრულად ცეცხლოვანი მამლის წელიწადი.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები