სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში წარმატებული კარიერა და კარგი გარეგნობა მოცეკვავე სალომე ჭაჭუას დიდი შრომის ფასად უჯდება. თითქმის მთელ დღეს სავარჯიშო დარბაზში ატარებს, რაციონსაც მკაცრად აკონტროლებს. ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში მოცეკვავემ ყოფილ პარტნიორზე, მაქს რიჟიკოვზე და იმაზეც ისაუბრა, თუ ვის ეძებს ახალ მეწყვილედ:
“მეწყვილის მონახვა ასეთი მარტივი არ არის. რაღაც ვარიანტებს განვიხილავ, მაგრამ ჯერ არაფერი მაქვს გადაწყვეტილი. მთავარია, კარგი და ცნობილი მოცეკვავე იყოს, რომელსაც სახელი ექნება დამკვიდრებული. გულით მინდა, 25 ან 50 საუკეთესო წყვილს შორის ცეკვავდეს.”
– ასეთი ძლიერი მოცეკვავე საქართველოში ჩამოვა?
– ერთი ძალიან კარგი მოცეკვავე ვნახე, მსოფლიოს ნახევარფინალისტი, რომელიც საუკეთესო 12 წყვილს შორის არის შესული. იტალიაში ჩავედი და სინჯები მქონდა, მაგრამ გადაწყვიტა, შოუებში ეცეკვა, რადგან იქ მეტი ანაზღაურებაა. შეიძლება ძალიან კარგი მოცეკვავე იყოს, მაგრამ ჩვენ ვერ შევეწყოთ, ერთმანეთს ვიზუალურადაც უნდა შევესაბამებოდეთ, სიმაღლეში შევეფერებოდეთ. ისიც გასათვალისწინებელია, აქ რამდენად შეძლებს ცხოვრებას ან მე იქ წასვლას როგორ მოვახერხებ.
– მაქსთან წყვილში ცეკვამ რა შეგძინათ?
– ჩვენ დაახლოებით 2 წელი ვცეკვავდით ერთად: თვეში ორჯერ დავდიოდით ტურნირებზე, პირადი მწვრთნელი გვყავდა. როგორც საქართველოში მიცნობს საზოგადოება, ისე გამიცნო საზღვარგარეთ ცეკვის სფერომ. მაქსთან ერთად ჩემს ცეკვას საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან დადებითი შეფასებები მოჰყვა. კარგ რეიტინგზე ვიყავით ასული. ახლა თამამად ვამბობ, რომ ვეძებ კარგ მეწყვილეს ტოპიდან, რადგან მე უკვე კარგი სახელი დავიმკვიდრე.
– როდესაც მეწყვილეს თავად იწვევთ, ხარჯების დაფარვის საკითხი როგორ გვარდება?
– როდესაც მე და მაქსი წყვილში ვიდექით, მთელი ხარჯის გაღება მე მიწევდა, რაც ჩემთვის რთული იყო. ბოლოს უკვე ძალიან გამიჭირდა, რადგან ამდენს ვეღარ ვახერხებდი. მაინც არაფერს ვნანობ, რადგან ის პერიოდი ძალიან დამეხმარა. ახლა მაქსიმალურად ვეცდები, ხარჯები თავიდან ბოლომდე მე აღარ გავიღო, მე ჩემი გადავიხადო და მან – თავისი. ნაკლებად მაქვს იმედი, რომ საქართველოში ვინმე დამაფინანსებს, მაგრამ ჩემი მეწყვილე თუ ტოპიდან იქნება, უცხოეთიდან კარგი დაფინანსება გვექნება. ყველაზე დიდი ხელისშემშლელი შეიძლება ის იყოს, რომ საქართველოში ცხოვრება არ მოუნდეს, მე კი აქედან ვერ წავალ, რადგან ყველაფერი აქ მაქვს აწყობილი.
ჟურნალი “სარკე”