“რომ არ გადაეხადა მოკლავდნენ” – ბათუმის კლუბ „სტარ დისკოში“ ერთი ფინჯანი ჩაი ტურისტს 500 ლარი დაუჯდა
საქართველოში ტურისტად მყოფი საუდის არაბეთის მოქალაქე აბდულ აზიზი ბათუმში მდებარე კლუბ „სტარ დისკოს“ ფულის გამოძალვასა და მუქარაში ადანაშაულებს.
როგორც დაზარალებულმა ტურისტმა აბდულ აზიზის ახლობელმა „კვირა+“ განუცხადა, გუშინ ბათუმში კლუბში ერთი ჭიქა ჩაის სანაცვლოდ 500 ლარი გადაახდევინეს.
„მას თავდაპირველად 700 ლარის გადახდა მოსთხოვეს და წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ. მას არასდროს ჰქონია ფულთან პრობლემა, უბრალოდ ის ახლა შეურაცხყოფილია. ქართველები კარგი ხალხია და სახელს რატო გიტეხავენო. ბოლოს კი 500 ლარი გადაიხადა, რადგან მეტი არ ჰქონდა“. ტურისტს გააჩნია ფაქტის დამადასტურებელი 500-ლარიანი ჩეკი, რომელზეც მითითებულია, რომ დაწესებულება რეგისტრირებულია შპს „ეფეს 2016“-ზე, რომელიც ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე, N120-შია განთავსებული.
„კვირა+“ დაუკავშირდა აღნიშნულ ობიექტს, თუმცა ამ შპს-ზე დარეგისტრირებულმა სხვა ობიექტის მენეჯერმა გვიპასუხა და აღნიშნა, რომ კლუბს „სტარ დისკო“ ჰქვია, მაგრამ ახლა სხვა მისამართი აქვს. „სტარ დისკოს“ მენეჯრემა, როდესაც გაიგო „კვირა+“-ის კითხვები, მას შემდეგ ტელეფონს აღარ პასუხობს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ობიექტის ხელმძღვანელი და 100%-იანი წილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე ჯენგიზ აქგულია.