დღეს სერგო ზაქარიაძის დაბადების დღეა

სსრკ-ს სახალხო არტისტი, ბუმბერაზი მსახიობი სერგო ზაქარიაძე 1909 წლის 1 ივლისს, აზერბაიჯანში, კერძოდ, ბაქოში დაიბადა.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში. 1928-დან იყო კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის მსახიობი, 1956 წელს გადავიდა რუსთაველის თეატრში.
ზაქარიაძის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმოდა ინტელექტუალიზმი, გაბედულება, ჩანაფიქრის ხორცშესხმისას აზრის სიცხადე და ემოციურობა. იგი სცენური ხასიათების ფსიქოლოგიური დამუშავების ოსტატი იყო.
დიდი გამომსახველობის მქონე დეტალებით, მსუყე, კონტრასტული საღებავებით, ფაქიზი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ძერწავდა სახეს. მსახიობი თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომიკურ როლებს. ზაქარიაძე დაჯილდოებულია რუსთაველის სახელობის პრემიით, ლენინის ორდენით, შრომის ჭითელი დროშისა და “საპატიო ნიშნის“ ორდენებით. მსახიობი 1971 წლის 18 აპრილს 62 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები