რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ადამიანებს ახალ წელს

ნუ დაიშურებთ საჩუქრებს საყვარელი ადამიანებისათვის, ყველაზე სასიამოვნო ხომ ახლობლებისთვის საჩუქრების მომზადებაა . ალბათ, არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე საყვარელი ადამიანის გახარება. ამისთვის ორიგინალურ ვარიანტებს შემოგთავაზებთ.

ფულით სავსე ბუშტი
ახალ წელს ხვავისა და ბარაქის სიმბოლოდ დეკორატიული სათამაშოები, წლის სიმბოლო (შეგახსენებთ, რომ წელს ლურჯი/მწვანე თხის წელია), წესისამებრ, ფულთან ერთად არის ხოლმე გამოსახული. ფინანსური სტაბილურობა ერთ-ერთი უმთავრესი სურვილია ყველასთვის, ამიტომ გირჩევთ, ახლობლები გაახაროთ იმით, რომ გულწრფელად უსურვოთ ბევრი ფული და ახალ წელს ფინანსური პრობლემების მოგვარება. ამის ნიშნად ფულითა და ბრჭყვიალა ქაღალდებით სავსე ბუშტები აჩუქეთ. ბუშტებში წინასწარ ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ბრჭყვიალები და ქაღალდის ფული და გაბერეთ _ შესანიშნავი სუვენირი გამოგივათ.

სურვილების გვირილა
საყვარელ ადამიანებს გაუკეთეთ სურვილების გვირილა. თუ სურათს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ამ სუვენირის გაკეთება არც ისე რთულია. გვირილის ნაცვლად შეიძლება სხვა ყვავილის სიმბოლოს შექმნაც _ იმ ყვავილისა, რომელიც თქვენს ახლობელს ყველაზე მეტად უყვარს და იცით, რომ მისი სიმბოლო განსაკუთრებით გაახარებს. ყვავილის გვირგვინის თითოეულ ფურცელზე თითო სურვილი მიაწერეთ. დაფიქრდით, რა გაახარებს თქვენთვის ძვირფას ადამიანს, რაზე ოცნებობს, რა ვერ აისრულა და გულწრფელად უსურვეთ ყველაფერი ეს.

კონვერტების დაფა
შეიძლება კონვერტების დაფის შექმნაც. ესეც მეტად ორიგინალური სიურპრიზი იქნება. ცალ-ცალკე ფურცლებზე დაწერილი სურვილები წინასწარ ერთ დაფაზე დამაგრებულ ფერად კონვერტებში მოათავსეთ. კონვერტები შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიით გააფორმოთ.

* * *
ნუ დაიშურებთ ფანტაზიას, აჩუქეთ სიყვარული და ღიმილი ძვირფას ადამიანებს, გაუფრთხილდით მათ, იდღეგრძელეთ და იხარეთ მათთან ერთად. გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით!

კომენტარები

სხვა სიახლეები