კუბაში Chanel-ის ახალი საკრუიზო კოლექციის ჩვენება გაიმართა. როგორც ჩანს, კარლ ლაგერფელდმა სხვა პოლიტიკურ კურსზე გადართულ თავისუფლების კუნძულზე საკუთარი – მოდური რევოლუციის მოწყობა გადაწყვიტა. დრო ჩვენების მოსაწყობად, როგორც ყოველთვის, ლაგერფელდმა იდეალურად შეარჩია, სცენოგრაფია კი, წვრილმანების ჩათვლით, შესანიშნავად იყო დამუშავებული.
ჩვენება ღია ცის ქვეშ – Paseo de Prado-ზე გაიმართა, – იქ, სადაც ძველი და ახალი ჰავანა იყოფა. ეს ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ. 1928 წელს ბულვარის რეკონსტრუქცია ფრანგმა არქიტექტორმა ჟან-კლოდ ნიკოლა ფორესტიემ დაიწყო. მისი ბრინჯაოს ლომები, რომლებიც ყოველ გზაჯვარედინზეა დამონტაჟებული, ძველი ფრანკო-კუბური მეგობრობის შეხსენებაა. ლაგერფელდის ჩვენებით ეს მეგობრობა გაგრძელდა. Chanel-ის გრანდიოზური შოუს სანახავად 600 ადამიანი შეიკრიბა. აქ იყვნენ მოდის გამოცემების რედაქტორები და ჟურნალების გმირებიც. მათ შორის ლაგერფელდის მუზები – ჟიზელ ბიუნდჰენი, ვანესა პარადი, კაროლინ დე მეგრე და ტილდა სუინტონი.
ჩვენებაზე მაყურებლები 1950-იანი წლების 150-მდე კაბრიოლეტმა მიიყვანა. ამით გაჩნდა „კარიბის ზღვის მარგალიტზე“ ნოსტალგიის თემა. სწორედ ასეთი კუბა ახსოვს ბევრს ამერიკელი ტურისტების ღია ბარათებიდან.
სხვა სიახლეები