კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, 21-27 მარტი

კვირის დასაწყისში ერთი ღრმად უნდა ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ და დაბნელებების კორიდორის ბოლო ეტაპს მომზადებული დავხვდეთ. დიახ, წინ კიდევ ერთი ემოციურად და მოვლენებით დატვირთული კვირა გველის. ოღონდ ამჯერად ქალები უნდა მოემზადონ ემოციურად, იმიტომ რომ მთვარის დაბნელება, როგორც წესი, ყოველთვის სუსტი სქესის ფსიქიკაზე უფრო მოქმედებს,  ვიდრე მამაკაცებზე. თუმცა, ეს ყველაფერი 23 მარტს იქნება. მანამდე კი კვირა მაქსიმალური სიფრთხილით უნდა დავიწყოთ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით. მოერიდეთ გაუთვალისწინებელ ხარჯებსა და შენაძენებს. ზოგადად, გახსოვდეთ, რომ 22-25 მარტის პერიოდი რთულია ყველა სახის ფინანსური საქმიანობის მხრივ, ასევე ამგვარ საკითხებში შეთანხმების მისაღწევად.
23 მარტს როგორც თავში აღვნიშნეთ (ამ თემაზე პარალელურად ვრცელი სტატიის წაკითხვასაც შეძლებთ ჩვენ საიტზე), მთვარის დაბნელებას ველით სასწორის ზოდიაქოს საწყის გრადუსებზე. აქტიური იქნება ყველა ტიპის დიპლომატიური პრობლემები – როგორც ლოკალური, ისე გლობალური (მსოფლიო პოლიტიკის) მასშტაბით. წინა პლანზე წამოიწევს კონფლიქტების დარეგულირებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში მეტი სიცხადის შეტანის ტენდენცია. აქტიურად შეიძლება განიხილებოდეს ამ დროს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში ომის შეწყვეტის ალბათობაც.
ზოგადად, ამ პერიოდის აქტუალური თემები გამოძახილია მოვლენებისა, რომლებსაც ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში მიეცა გასაქანი. ბიზნესში ეს არის პერიოდი, როცა შესაძლებელია, მოხდეს რამდენიმე კომპანიის ან კორპორაციების გაერთიანება. თუმცა შესაძლებელია ასევე დიდ სკანდალსაც დაედოს საფუძველი და ბევრმა კორპორაციამ გაწყვიტოს ერთმანეთთან მეგობრულ-თანამშრომლური კავშირები. წინა პლანზე წამოიწევს იურიდიული პროფილის თემები. ზოგადად, ეს პერიოდი რთულია იურისტებისა და სამართალდამცავებისთვის, რადგან მათ პროფესიულ საქმიანობაში ბევრი “შავი ხვრელი” გაჩნდება ან გააქტიურდება. გამძლეობაზე გადამოწმდება ბევრი ოჯახური კავშირი იმიტომ რომ, დაბნელება სასწორი-ვერძის ორბიტას ააქტიურებს, სასწორი კი, მოგეხსენებათ, ქორწინებაზე პასუხისმგებელი ნიშანია.
ეს თემა განსაკუთრებით აქტიური შეიძლება იყოს მათთვის, ვინც დაიბადა 21-25 მარტს, 23-27 დეკემბერს, 23-27 ივლისს, 24-27 სექტემბერს. ამიტომ საიმისოდ, რომ საბოლოოდ არ დაანგრიოთ ურთიერთობები დაბნელებისწინა პერიოდში და შემდგომ პლუს-მინუს ერთი კვირა მაინც, მაქსიმალური ლოიალურობა გამოავლინეთ პარტნიორთან მიმართებაში. გაუფრთხილდით ურთიერთობებს და არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ცხელ გულზე, აგრესიული ფონის თანხლებით.
24 მარტს მერკურისა და მარსის დადებითი ასპექტის მეშვეობით შედარებით გამარტივდება მოლაპარაკებები. ადვილი იქნება გაცილებით უფრო კონსტრუქციული გადაწყვეტილების პოვნა საქმიან კავშირებში.
25 მარტს ვენერა ზუსტ ტაუკვადრატს გააკეთებს იუპიტერთან და სატურნთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ფინანსური შეფერხებები, მოულოდნელი და დაუგეგმავი დანახარჯები, კრედიტებთან და ვალებთან დაკავშირებული თემები კი საკმაოდ მტკივნეულად შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. მოსალოდნელია ასევე ფინანსური დანაკარგები და სასურველი ანაზღაურების შეფერხებით მიღება. ამ პერიოდში მკაცრად არარეკომენდირებულია ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალდაბანდებები. ბიზნესში მოსალოდნელია იურიდიული სახის პრობლემების წარმოშობა.
ასევე მოსალოდნელია გართულებები უცხოელ პარტნიორებთან. შესაძლებელია ზემდგომებსა და ხელქვეითებს შორისაც დაიძაბოს სიტუაცია ამ პერიოდში. მაქსიმალური სიმშვიდით მოეკიდეთ ასაკითა და ჩინით უფროს ადამიანებს. ოფიციალური ვიზიტები, შეხვედრები და მნიშვნელოვანი შეთანხმებები აჯობებს 26-27 მარტის პერიოდისთვის გადადოთ. ეს პერიოდი ასევე კარგი იქნება რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად და გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად. კარგი პერიოდია ასევე შენაძენებისა და შოპინგისთვის.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები