როგორ დავიცვათ თავი, თუკი ბუნებაში დათვს გადავეყრებით

თუ ბუნებაში პიკნიკზე, ან ლაშქრობაში შემთხვევით დათვს გადაეყარეთ, აუცილებელია იცოდეთ, როდის რას უნდა ელოდეთ მისგან. მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია დათვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და მოგზაურებს რჩევებსაც აძლევს.
„დათვისგან გაქცევა ყოველთვის ცუდი აზრია (თუ, რა თქმა უნდა, რამდენიმე წამის გზაზე თავშესაფარი არ გეგულებათ, მაგალითად ქოხი, ან მანქანა). დათვი რბოლის ცხენზე უფრო სწრაფად დარბის (55 კმ/სთ), მოკლე მანძილზე. ხშირად ისმის რჩევა, რომ დაღმართზე უნდა ჩავირბინოთ დათვისგან გაქცევისას, რადგან მას მოკლე ფეხები აქვს და დამრეც ფერდზე კარგად ვერ ჩამორბის. ეს ტყუილია. მოლაშქრეთა კლუბ „იეტის“ წევრი ერთხელ თუშეთის ერთ-ერთ ბილიკზე ლაშქრობდა. შემთხვევის დროს იგი კინაღამ შეასკდა დათვს, რომელიც მშვენივრად ჩარბოდა დაღმართზე მთელი სიჩქარით.
„ერთმანეთს ორიოდე მეტრით ავცდით“, – ამბობს იგი.

მითი: დათვები ხეზე ვერ დაცოცავენ

200-კილოიანი დათვი არ ჰგავს კარგ მცოცავს, მაგრამ არის. როდესაც აგრესიულ მურა დათვს გაურბიხართ, ხეზე აცოცება ერთ-ერთი ყველაზე ცუდი აზრია. დათვი თქვენზე ბევრად უკეთ დაცოცავს, თანაც ხეზე ასულს, გასაქცევი არსად გრჩებათ. მურა დათვები ასევე კარგად ნავარჯიშევი არიან ხეზე ჩხუბში. ისინი ხშირად ებრძვიან ერთმანეთს ხეებზე. ამ ბრძოლების დროს, ქვემოთ მყოფ დათვს უპირატესობა აქვს, რადგან თათის მაღლა აწვა უფრო ადვილია, ვიდრე დაბლა ჩამოწევა.

მითი: უკანა თათებზე შემდგარი დათვი თავდასხმისთვის ემზადება

დათვი უკანა თათებზე იმისთვის დგება, რომ უბრალოდ უკეთ დაინახოს. საქმე უბრალოდ იმაშია, რომ დათვის ცნობისმოყვარეობას ნერვიული ადამიანი აგრესიად აღიქვამს. სამხატვრო აკადემიის მოლაშქრეთა კლუბი 2012 წელს ეროვნულ პარკში სადილს მიირთმევდა, როდესაც დაახლოებით 15 მეტრში უკანა თათებზე შემდგარი ორი დათვი შენიშნეს. მოლაშქრეებმა უბრალოდ ხმაური ატეხეს და სულ მალე დათვები წავიდნენ.

მითი: დათვები არაპროგნოზირებადები არიან

ისევე, როგორც ცხოველების უმრავლესობა, დათვები ავლენენ პატარ-პატარა მინიშნებებს იმის შესახებ, თუ რას აპირებენ. მაგალითად, თუკი დათვი კბილებს აწკაპუნებს, იქშინება და მიწას თათებს ურტყავს, ესე იგი ის გაშინებთ, რათა ჩხუბი თავიდან აიცილოს. მიიღეთ მინიშნება და გაეცალეთ.

მითი: დათვი, რომელსაც ადამიანის საჭმელი აქვს გასინჯული, ველურ საკვებს აღარ შეჭამს

დათვებს ბევრი კალორია სჭირდებათ, ამიტომ იმას ჭამენ, რასაც იპოვიან.

მითი: თუკი დათვი თქვენკენ მორბის, ესე იგი თავს გესხმით

დათვი შეიძლება უბრალოდ შესაშინებლადაც გამოგეკიდოთ. ასეთ ცრუ შემოტევას თითქმის ყოველთვის ახლავს სხვა გამაფრთხილებელი სიგნალებიც, როგორიცაა ქშენა და ყბის კაკუნი. იგი ან გვერდზე გადაუხვევს, ან ბოლო მომენტში გაჩერდება. რთულია ასეთ მომენტში უცბად გაარჩიო ნამდვილი თავდასხმა ცრუსაგან, თუმცა გახსოვდეთ: ცრუ შემოტევა, როგორც წესი, ხტუნაობის მსგავსი მოძრაობით იწყება, ამ დროს დათვს თავი მაღლა უჭირავს (და არა დაბლა, როგორც ნამდვილი თავდასხმისას), ფეხები გამაგრებული აქვს, ყურები კი – წინ გადმოწეული.

მითი: დათვების თავდასხმების უმრავლესობა უბრალოდ არ გამართლების ბრალია

ძალიან ცოტა ინციდენტი აიხსნება უბრალოდ ფრაზით: „არასწორ ადგილას არასწორ დროს“. მოულოდნელი შეხვედრები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს თავდასხმებს, ხმაურით შეიძლება თავიდან ავიცილოთ. „თუ კი შანსი მიეცა, დათვი, როგორც წესი, გზიდან გაგეცლებათ, ისე, რომ ვერც კი შეამჩნევთ. დათვის და ადამიანის შეხვედრის 99 % სწორი ქმედების შემდეგ მშვიდობიანად მთავრდება. განაგრძეთ სიარული ნელი სვლით, თითქოს ვერც კი ამჩნევთ მას. ეცადეთ, ზედმეტი აქტიურობით არ გააღიზიანოთ. მიზანშეწონილია, თუ თვალებშიც არ შეხედავთ“, – ამბობს ბიოლოგი ლევან ნინუა“,- აღნიშნულია მოლაშქრეთა ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიის ავტორი: ლიზა ყარალაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები