ქართველი ქირურგის საერთაშორისო წარმატება – იგი მსოფლიოს აოცებს

ახლახან მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში, რომელსაც ქართველი აკადემიკოსი ლეო ბოკერია ხელმძღვანელობს, არითმიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის უნიკალური დეფიბრილატორი TachosDR შექმნეს.
მის შესაქმნელად მუშაობდნენ ამავე ცენტრის აკადემიკოსი ამირან რევიშვილი და ასევე ამერიკელი და გერმანელი მეცნიერები.
მინიატურული კომპიუტერი იწონის 90 გრამს. ის თვითონ პოულობს იმ წერტილს, რომელიც გულის არასწორ რითმს იწვევს, მერე კი არკვევს არითმიის ტიპს და, როგორც კი გულის რიტმი დაირღვევა, გულის კუნთის საჭირო წერტილს მაშინვე აწვდის ელექტრონულ მუხტს. თუ გული მაინც გაჩერდა, მოწყობილობა თვითონვე რთავს ელექტროშოკს და ადამიანს სიცოცხლეს უბრუნებს.
კომპიუტერი მუშაობს ელემენტზე, რომელიც 5-6 წელი ჰყოფნის. კომპიუტერს აქვს მეხსიერება, რომელშიც ინახავს ყველა ელექტროკარდიოგრამას. საკმარისია, ექიმმა მხოლოდ სკანერი მიადოს პაციენტის გულს და მაშინვე ცხადი ხდება, როგორ „იქცეოდა“ თქვენი გული.
ასევე აღსანიშნავია და საინტერესოა, რომ დასავლეთშიც სარგებლობენ სხვადასხვა დროს შექმნილი ანტიარითმიული ხელსაწყოებით, მაგრამ TashosDR მათ შორის ყველაზე უნიკალურია.
მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება ამირან რევიშვილის ბიოგრაფია.იგი დაიბადა 1956 წელს. დაამთავრა მოსკოვის 1-ლი სამედიცინო ინსტიტუტი. ის არის აკადემიკოს ლეო ბოკერიას მოწაფე. 1986 წელს გახდა სსრკ სახელმწიფო პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი მეცნიერებასა და ტექნიკაში. აღნიშნულ ცენტრში მუშაობს 1979 წლიდან. მას გამოქვეყნებული აქვს 500-ზე მეტი ნაშრომი. მიღებული აქვს 6 პატენტი გამოგონებისთვის, აქედან 4 საერთაშორისო მნიშვნელობისაა.

ექსკლუზიურად Doctrina.Ge მკითხველისთვის

მოამზადა: ლიკა ჩაგანავამ

კომენტარები

სხვა სიახლეები