96 წლის ქალი, 91 წლის შეყვარებულს ცოლად მიჰყვება

სიყვარული არასოდეს არის გვიან. 96 წლის ბრიტანელ ქალს 91 წლის შეყვარებულმა ხელი სთხოვა. წყვილი ქორწილის გადახდას 16 იანვარს გეგმავს.
ბილ გრიფიტსი და ფლო მარშელსი უკვე 10 წელია ერთად არიან, მაგრამ დაქორწინება სულ ახლახან გადაწყვიტეს. 91 წლის მამაკაცმა ქალს ხელი ერთ ჩვეულებრივ საღამოს სახლში სთხოვა, როცა მოხუცი შეყვარებულები ჩაის ერთად შეექცეოდნენ. ბილისა და ფლოს ქორწილში მრავლრიცხოვანი ნათესავები მოიყრიან თავს. მათ, ჯამში, 5 შვილი, 14 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი ჰყავთ.
„ბილმა შემომხედა და მკითხა. ფლო, ცოლად გამომყვები? მე ვთქვი: „დიახ“ და მან ამის შემდეგ მაგრად მაკოცა. ბილი არ დამდგარა ცალ მუხლზე, მაგრამ ყველაფერი მაინც ძალიან რომანტიკულად იყო. მე ვერ ვიჯერებდი, რომ მან ხელი მთხოვა. ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით“,- განაცხადა ფლომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
96 წლის საპატარძლოს თქმით, არასდროს არის გვიანი ქორწილის გადახდა.
„შენ იმდენი წლის ხარ, რამდენსაც გრძნობ. ფიზიკურად მე დავბერდი, მაგრამ შინაგანად სავსე ვარ ენერგიით. თუ ვინმე იტყვის, რომ მე ძალიან მოხუცი ვარ იმისთვის, რომ საკურთხევლისკენ გავემართო, ვეტყვი, რომ სისულელეს ამბობს“, – აცხადებს ფლო.
ბედნიერი წყვილი ერთმანეთს უკვე 30 წელზე მეტია იცნობენ. ისინი ერთმანეთს 1982 წელს ცეკვის კლუბში შეხვდნენ. ფლო იმ დროისთვის უკვე ქვრივი იყო. ბილის მეუღლე კი 1997 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები