„ასე თეთრად არასოდეს უთოვია“…

 

***

„თოვს…
თოვლია,
თუ თოლიამ
ჩამიქროლა გამალებით?!
ცა ირხევა, ცა მოლია
ღილისტოლა ზამბახებით.
თოვს… თოვლია
ბარში, მთაზე
ფიფქი ფიფქთან მოდის ერთად.
თოვდა მუდამ, მაგრამ ასე,
დღეს რომ ათოვს, ასე თეთრად
არასოდეს უთოვია,
ვგლოვობ მუდამ, მუდამ, მაგრამ
ასე მაგრა
ჯერ არავინ მიგლოვია“…

download

პეტრე გრუზინსკი

***
„თეთრი დათვივით მოვიდა თოვლი
და მხარზე უხმოდ დაგვადო თათი.
თეთრი ფიფქები ცვიოდნენ თრთოლით,
ჩვენ არ გვესმოდა ჩურჩული მათი.
ჩვენ შინ დავბრუნდით შორ გზაზე მოვლით,
ჩვენ თვითონ თოვლის ფანტელებს ვგავდით.
თეთრი დათვივით გამოგვყვა თოვლი
და აივანზეც შემოჰყო თათი“…

download (1)

ვახუშტი კოტეტიშვილი

***
„თოვლი მოსულა,
თოვლი მოსულა,
ქათქათა, შენი თეთრი მკერდივით…
მე, უსასრულო სივრცის მოსურნე –
ვარ მაღალ მთებში გამოკეტილი.
და მაღლდებიან მთები ზეცამდე
და მზისკენ იწევს სვეტი სიცივის,
გარეთ სიჩუმე დგას უეცარი
და თოვლზე ხტუნავს შენი სიცილი“…

jano
ჯანსუღ ჩარკვიანი
***
„სახურავებზე,
სახელურებზე,
საფეხურებზე,
ქვაფენილებზე –
დაფენილია თოვლი და მთვარე.
მთვარეში, თოვლში შრიალებს მტკვარი
და ისევ შენზე უნდა ვიფიქრო,
უნდა ვიფიქრო და დავიჯერო,
რაც დღეს არ მჯერა, რასაც ეს ჭერი
უკვე ამდენი ხანია უძლებს.
მე მინდა: ერთხელ დაგკარგო უცებ
და სხვანაირი გიპოვო მერე“…

download (2)

ოთარ ჭილაძე

 

***

სახეში გვათოვს, მტერი არა ჩანს,
სიკვდილის ნატვრა გამიხდა დარდად,
ვდგევარ სხივებით, სველი ფარაჯა
არაფერს მაძლევს, სიცივის გარდა.
რა სასტიკია, რა სატირალი
სხვის ქვეყანაში თოვლი პირველი.
… მე ვხედავ თოვლზე დაყრილ ნაფოტებს.
მეზობლის ბიჭი ამზადებს მარხილს.
ბაღში ჩემი ძმა დაბერტყავს ტოტებს,
თოვლის სიმძიმით მიწაზე დაყრილს.
გუზგუზებს, ოხრავს ცვენი ბუხარი,
ფანჯრის მახლობლად ჭყივის ბეღურა,
ჩემს დაკარგვაზე დედა მწუხარებს,
ცხოვრება მაინც ფეთქავს ძველებურად.
და მამაჩემი, კარგი, კეთილი,
შრომობს, ჩუმი და გულდაკეტილი.
მინდა იქ ვიყო: გაყინულს, დაღლილს
მათრობდეს ბუხრის მახლობლად წოლა,
მესმოდეს ყეფა მეზობლის ძაღლის
და უნებურად მივლიდეს ჟრჟოლა“…

 

mirza

მირზა გელოვანი

***
„ზამთარს ოთახებში ვაშამათებ,
ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი.
თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი,
თუნდაც აქა-იქ და იშვიათად.
ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით
დროის ინდოეთის ოკეანეს –
ისე გაიწელა ნაკიანი,
როგორც დარღვეული პროსოდია.
თოვლი მაინც იყო… მოხვიდოდი“…
GioSajaia-1

გიორგი საჯაია

***
„წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე…
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.

დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თეთრად დასახული,
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული“…

Irakli-Abashidze

ირაკლი აბაშიძე

***
„როგორც გაფრენა მტრედის,
შენ მოსვენება გინდა.
თოვლი ასეთი თეთრი,
თოვლი ასეთი წმინდა.
და როგორც სულის ტოლი,-
სადა ხარ! – დღესაც გეძებ.
აბრეშუმივით თოვლი
ისევ ელვარებს მზეზე“…

25981_1223861723444_1436027231_30537164_6275732_n

ტერენტი გრანელი

 

***
„მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ… ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში…

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში…
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა“!

download (3)

გალაკტიონ ტაბიძე

კომენტარები

სხვა სიახლეები