-„ვეფხისტყაოსანი“… რატომ დაიწერა მაინცდამაინც საქართველოში?
-სად დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“, დანამდვილებით არავინ იცის და ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, მისი შექმნის ენაა და ეს გენიალური ნაწარმოები, ნამდვილად ქართულად არის დაწერილი.
-რა არის ხელოვნება? რა ხდება 21-ე საუკუნის ქართულ ხელოვნებაში?
-ხელოვნებას ბევრი განსხვავებული განსაზღვრება აქვს და, მგონი, საერთო კი ის არის, რასაც ადამიანი ცდილობს დღიდან მისი გაჩენისა – შექმნას იმ სამყაროს ალტერნატივა, სადაც ის დაიბადა. ამიტომაც, ალტამირას უძველესი, ათასწლეულების წინანდელი კედლის მხატვრობაც, ადამიანის სულიერი მოთხოვნილების შედეგია და დღევანდელი, ძალიან თანამედროვე კულტურაც და მათ შორის საქართველოშიც.
-რას ფიქრობ გავრცელებულ ვიდეოზე? უნდა გვეშინოდეს თუ არა ISIS-ის მუქარის და რატომ?
-რასაკვირველია, არ უნდა გვეშინოდეს (მიუხედავად იმისა, რამდენად არის საშიში), რადგან შიში არ არის გამოსავალი არცერთ შემთხვევაში.
-ზღუდავს თუ არა რელიგია პიროვნულ თავისუფლებას?
-ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას ზღუდავს არა რელიგია, არამედ რელიგიის არასწორად გაგება ან მისი გამოყენება ძალაუფლებისთვის.
-რატომ მისტირიან საბჭოთა კავშირს?
-ამის მთავარი მიზეზი, მათი ახალგაზრდული ასაკია, რომელიც საბჭოთა პერიოდს დაემთხვა და სულ არ მიკვირს, რომ ადამიანები იმ წლებს მისტირიან, როცა ისინი ჯანმრთელები და ახალგაზრდები იყვნენ.
– რას ნიშნავს „ევროპული ღირებულებები“?
-ევროპული ღირებულებები, სინამდვილეში, ძველი ქართული ღირებულებებია და, საერთოდ, ჩვენ უძველესი ევროპელები ვართ და საუკუნეების მანძილზე, სწორედ ჩვენ სახლში დაბრუნებას ვცდილობთ. -წითელი ლურჯმა ფერმა შეცვალა… ვინ უნდა ააშენოს ქვეყანა, უბრალო ხალხმა თუ ჯიპიანმა ჩინოვნიკებმა?
-სამწუხაროდ, ვერ გავიგე რას გულისხმობთ ლურჯ ფერში და რაც შეეხება სახელმწიფოს შექმნასა და აშენებას, ეს ნებისმიერ ჩვენგანს ეხება და ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა და შესაბამისი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცნობიერება.
-იქნება თუ არა ოდესმე საქართველო წარმატებული ქვეყანა?
-ეს ჩვენზეა დამოკიდებული და, რასაკვირველია, ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, თუ მენტალურად შევიცვლებით და მივხვდებით, რომ დიპლომზე მნიშვნელოვანი, არის განათლება და შრომაც აუცილებელია, თუ გვინდა, რომ თანამედროვე სახელმწიფო შევქმნათ.
ლექსო მიგრიაული