„გიბრუნებ თავისუფლებას და ვიტოვებ შენს გულს” – ალენისა და რომის დაუსრულებელი სიყვარულის ისტორია

ძნელად მოიძებნება ისეთი ლამაზი და განუმეორებელი წყვილი, რომელიც დაშორების შემდეგაც მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩა. ”ცნობილი წყვილი”, “კაშკაშა ვარსკვლავები”, “შეუდარებელი სილამაზის ქალი და მამაკაცი” – ასე მოიხსენიებდნენ 50-60-იანი წლების ყველაზე რომანტიკულ წეევილს – ალენ დელონსა და რომი შნაიდერს. მათი დრამატული სიყვარული კი ლამაზად შემორჩა ისტორიას… 295227_454174544627395_291787595_n

ალენ დელონი დღემდე დასტირის რომის და აღიარებს, რომ რომი მისი ყველაზე დიდი სიყვარული იყო. ახლახან მათი ნიშნობის 50 წლისთავიც აღნიშნა, რომელსაც ქორწინებით დაგვირგვინება არ ეწერა…

ალენმა და რომმა ერთმანეთი საფრანგეთში, ფილმის – ”ქრისტინა” გადაღების დროს გაიცნეს, რომელსაც ცნობილი რეჟისორი პიერ გასპარი იღებდა. რეჟისორს იმედი ჰქონდა, რომ მომხიბვლელ ახალგაზრდებს დანახვისთანავე შეუყვარდებოდათ ერთმანეთი და ფილმშიც ბუნებრივად ითამაშებდნენ. პიერმა ალენს სთხოვა, ლამაზ მსახიობს აეროპორტში დახვედროდა თეთრი ვარდებით. ალენი ასეც მოიქცა… თუმცა მათი ურთიერთობა თავიდან ისე არ აეწყო, როგორც რეჟისორს სურდა. ისინი ერთმანეთს ვერ იტანდნენ. ალენი რომს “ავსტრიულ გაბერილ ბატს” ეძახდა, რომი კი თავის კინომეწყვილეს – ”თვითკმაყოფილ ფრანგ თავხედს”.

სიყვარულმა კი მაინც იფეთქა და ლამაზმა გრძნობამ ფილმიდან რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. ისინი ყველგან ერთად ჩნდებოდნენ და სულ საზოგადოების ცენტრში ექცეოდნენ. ბუნებრივია, ასეთი წყვილის მიმართ ცნობისმოყვარეობა დიდი იყო…

რომის მშობლებს არ მოსწონდათ შვილის რჩეული, ქალს კი თავდავიწყებით უყვარდა ალენი. აქამდე დამჯერი გოგონა მშობლების წინააღმდეგ წავიდა და ალენთან ერთად პარიზში დასახლდა.12351186_1089209444457232_937839061_n

მწერალი ფრანსუაზა საგანი მოგვიანებით იხსენებდა: “ალენი იყო რომის ცხოვრების მამაკაცი, მისი პირველი და უკანასკნელი, ხანმოკლე და სამუდამო სიყვარული. ის ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ კი ალენ დელონის მეუღლე გამხდარიყო, მაგრამ… ოცნება ოცნებად დარჩა. დელონს დაქორწინება არ სურდა, თუმცა იცოდა, რომ რომი მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო. ალენმა მოპარა რომი ავსტრიას და აჩუქა საფრანგეთს”.

ყველას ეგონა, რომ ულამაზესი წყვილის ურთიერთობა ისეთივე უსასრულო იქნებოდა, როგორიც თავად სამყაროა. ფილმები ალენისა და რომის მონაწილეობით მაყურებელთა საყოველთაო მოწონებასა და აღტაცებას იმსახურებდა. ძალიან მოკლე დროში წყვილი მთელმა მსოფლიომ აღიარა. სიყვარულის ლამაზი ზღაპარი კი მალე დასრულდა. ერთ დღეს, შინ დაბრუნებულ რომის მაგიდაზე შავი ვარდების თაიგული და ალენის ბარათი დახვდა, – “ვიყავით დანიშნულები, მაგრამ ვერ მოვასწარით დაქორწინება, ჩვენი პროფესია ერთად ყოფნის შანსს გვართმევს, გიბრუნებ თავისუფლებას და ვიტოვებ შენს გულს”, – წერდა დელონი.

წერილში ალენი მას “ათავისუფლებდა” იმ დიდი გრძნობისგან, რომელიც რომის ცხოვრების აზრი იყო. ქალი დეპრესიაში ჩავარდა, თავის თავში ჩაიკეტა და ალკოჰოლს მიეძალა. თავს ანტიდეპრესანტებით იწყნარებდა… როგორმე ძალები უნდა მოეკრიბა და ამიერიდან ალენის გარეშე ცხოვრება ესწავლა.

რომი მთელ ენერგიას საყვარელ საქმეში აქსოვდა, ეს იყო ერთადერთი გზა უზარმაზარი დარდის გასაქარვებლად. ქალს ძალიან უნდოდა დედობა. ეს სურვილი აიხდინა, როცა ცოლად გაჰყვა ცნობილ მსახიობს გარი მეინს. გარი ქალზე 15 წლით უფროსი იყო. შეეძინათ ვაჟი, რომელსაც დევიდი დაარქვეს. თუმცა მათი ურთიერთობა ვერც შვილმა გადაარჩინა… რომისთან დაშორების შემდეგ გარიმ თავი ჩამოიხრჩო…12357979_1089209434457233_406469927_n

ცოტა ხანში რომის რაღაც სენი შეეყარა და საშინლად იტანჯებოდა, ნარკოტიკების გარეშე ვერ უმკლავდებოდა აუტანელ ტკივილს… როგორღაც სძლია სენს და ახლა მას ყველაზე მეტად მორალური თანადგომა სჭირდებოდა. მალე მის ცხოვრებაში დანიელ ბიასინი გამოჩნდა, რომელმაც რომში კვლავ გააღვიძა ქალი და იხსნა მარტოობისგან. ისინი დაქორწინდნენ და რომი მეორედ გახდა დედა… თუმცა ეს ქორწინებაც დიდხანს არ გაგრძელებულა…

ალენ დელონის ცხოვრება კი აქტიური და მრავალფეროვანი იყო: იცვლიდა საყვარლებს, ცოლებს, დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მზად იყო, რომის პირველივე დაძახებაზე მასთან გაქცეულიყო. ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ფილმ ”აუზის” გადაღების დროს.

საზოგადოებას სურდა, ეს განუმეორებელი წყვილი ისევ ერთად ენახა. ალენი გრძნობდა, რომ მისთვის რომი ისევ ისეთი სასურველი (იქნებ უფრო მეტადაც) იყო, როგორც ადრე… სთხოვდა ქალს, დაბრუნებოდა, მაგრამ, დიდი სიყვარულის მიუხედავად, რომიმ მასთან ცხოვრება აღარ ისურვა. ან უკვე იცოდა, რომ ალენისგან ხელმეორედ მიტოვებას ვეღარ გადაიტანდა…
12064348_1089209457790564_1583652246_n
რომი შნაიდერის ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს უბრუნდებოდა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, როცა საშინელი უბედურება დაატყდა თავს – საბედისწერო შემთხვევამ მას ვაჟი წაართვა. ჯერ ალენის დაკარგვამ, მერე ქმრის და შვილის სიკვდილმა საშინელ დეპრესიაში ჩააგდო. დასაკარგი უკვე აღარაფერი ჰქონდა… კვლავ მიეძალა ალკოჰოლსა და ნარკოტიკს…

1982 წლის 29 მაისს, შინ დაბრუნებული რომი საძინებელში შევიდა, სადაც ბახის მუსიკის ფონზე შვილს წერილს სწერდა, მაგრამ ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო, მისმა გულმა ვეღარ გაუძლო ამდენ სულიერ ტკივილს და სამუდამოდ გაჩერდა.

რომის სიკვდილის ღამეს ალენ დელონი მას თავთან ეჯდა და მთელი ღამე წერილებს სწერდა… ალენმა რომის საფლავში თეთრი ვარდების თაიგული ჩაატანა. ისეთი, სულ პირველად, აეროპორტში დახვედრისას რომ აჩუქა.

თარგმნა ცირა შერგელაშვილმა

კომენტარები

სხვა სიახლეები