ყალბი, ცარიელი ბომონდი

“მახსოვს, როდესაც მსახიობის კარიერა დავიწყე, მთელი დღის განმავლობაში დავდიოდი გადაღებიდან გადაღებებზე და გვიან ღამით, როდესაც დაქანცული სასტუმროში ვბრუნდებოდი, საშინელი მარტოსულობა მეუფლებოდა, რადგან იქ აღარ იყო კამერები, რომელიც მიღებდა. ერთ ასეთ საღამოს კი ჩემს თავს ვკითხე: ვინ ვარ მე?” – იხსენებდა ჯულიანა მური ერთ-ერთ ინტერვიუში.

ბევრი ადამიანი ცდილობს გადააქციოს საკუთარი ტკივილი მშვენიერ ხელოვნებად და მაშინ, როდესაც ამას პოპულარობა და წარმატებაც მოსდევს, რა გასაკვირია, თუ არაერთი ადამიანი ადგება დიდებისაკენ მიმავალ გზას. სამწუხაროდ, ამ  სამყაროში, რომელშიც ადამიანები იყოფიან ვიღაცებად და არაფრებად, სულაც არაა საოცარი თუ “არაფრებს”  “ვიღაცებად” ქცევის სურვილი უჩნდებათ. ადამიანების ამგვარი რანგირება  კი, როგორც  სკოლის პერიოდიდან  უკვე საკმაოდ თვალშისაცემი ფენომენი, საზოგადოების ისეთივე მანკიერებაა, როგორიცაა სექსიზმი, რასიზმი, თუ ჰომოფობია. ამიტომ, თუ გვინდა თავი დაცულად ვიგრძნოთ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რათა როგორმე “ვიღაცათა” ბანაკში გადავინაცვლოთ და არ დავრჩეთ მარგინალიზებულ “არაფრებად”. რაც უფრო მეტ აღიარებას მოვიპოვებთ, მით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ გაბედოს ჩვენი არაფრად ჩაგდება. და აი, იწყება  წარმატების ციხესიმაგრის შენება შეურაცხყოფისგან დასაცავად. იწყება მარათონული სვლა პოპულარობისაკენ მიმავალ იმ გზაზე, რომელზედაც ყველაზე ადვილია დაკარგო საკუთარი თავი. “გზადაგზა ყველაფერს გავცემდი, და აი ახლა, ჩემს ასაკში, როცა ყველაფერი უკვე გაცემულია ვხვდები, რომ სანაცვლოდ არაფერი მიმიღია იმ სიცარიელის გარდა, რაც   სულში მაქვს“ – წერს ბრუკ შილდსი.

“ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ვიღაცის მიერ შექმნილი მითი ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი სიყალბე, რაც თავს მომახვიეს და რომ  მქონოდა შესაძლებლობა  უფრო ახლოს ვყოფილიყავი ხალხთან, ისინი იტყოდნენ, ხედავთ? ის არაფერია, ის უბრალოდ ისეთივე ადამიანია, როგორიც – ჩვენ’’  – ამბობდა ტონი პერკინსი. ფსიქოლოგების მიერ “სიყალბის ფენომენის სინდრომად” წოდებული მდგომარეობით, დღეს, ბევრი ვარსკვლავი იტანჯება. ბევრიც ცდილობს გაექცეს ხმაურიან, ილუზორულ ჰოლივუდს და ადამიანური ცხოვრება სადმე წყნარ, ევროპულ სოფელში დაიბრუნოს. ზოგიც ექიმების დახმარებით ცდილობს  თავი დააღწიოს მეგალომანიურ, თუ შეძენილ სიტუაციურ ნარცისისტულ მდგომარეობას. ალკოჰოლითა და ნარკოტიკით გარდაცვლილ ვარსკვლავთა  სია კი უზარმაზარია. ფსიქოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ პოპულარობა ვერც   თვითშეფასებას ამაღლებს და არც ბავშვობისდროინდელი ტრამვების მაკომპენსირებელ მექანიზმად გამოდგება.  ის მხოლოდ სიყალბეში ითრევს ადამიანს და აჯერებს, რომ სხვაზე რაღაცით მეტია… “იმ მომენტშივე, როგორც კი  მოგასაღებენ იდეას, რომ ვიღაცაზე მეტი ხარ, სასწრაფოდ სილის შემორტყმა გჭირდება სახეში” – ამბობს ნატალი პორტმანი.

და მართლაც, განსაკუთრებულობის შეგრძნებას თავისი ფასი აქვს – ამ დროს, შენ ნაცვლად უკვე ხალხი აკონტროლებს შენს ცხოვრებას და “შოუს” დამკვეთნიც ისინი არიან. შენ კი ვალდებული ხდები კვებო ამაოება და იმიჯიც ისეთი  მოირგო, როგორსაც პუბლიკა მოგარგებს. ამ ფონზე სულიერი და ემოციური ზრდის არანაირი საჭიროება აღარ არის, დრო კი გარბის, ახალი ვარსკვლავები ჩნდებიან და ერთ მშვენიერ საღამოს, სახლში დაბრუნებული, აღმოაჩენ, რომ არავინ ხარ, გარდა იმ სიცარიელისა, რაც საკუთარი თავისაგან დაგრჩა.

5

საბედნიეროდ, დღეს, უკვე ბევრმა ვარსკვლავმა ისწავლა საკუთარი პოპულარობის მართვა და მათთვის  ის მხოლოდ მათი პროფესიული საქმიანობის უარყოფით მხარედ განიხილება. ახლა, მათ  შესანიშნავად იციან, რომ არ არსებობს იმაზე ძვირფასი საჩუქარი საკუთარი თავისთვის, ვიდრე გამუდმებული სწრაფვა სულიერი და პიროვნული ზრდისკენ.

დასასრულს  კი, ქართული ბომონდიდან,  თუ ფსევდო ვარსკვლავებიდან ვინმეს დაბერილ ტუჩებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. იმედს დავიტოვებ, რომ  ქვეყანაში, რომელშიც უამრავი ჭეშმარიტი ხელოვანი და ვარსკვლავი გაიზარდა, კვლავ გააცნობიერებენ, რომ იყო ვარსკვლავი, ნიშნავს ქმნიდე რაიმე ღირებულს. მიხვდებიან, რომ ჭეშმარიტი ვარსკვლავები მათი საქმიანობის შეფასებისკენ ისწრაფვიან და არა სხვა, პირადი და პერსონალური ატრიბუტიკის.

სამწუხაროდ  საქართველოში, დღეს ყველაზე ადვილია გახდე ბომონდის წევრი. ამისათვის საკმარისია მოდურად  აღიარებულ რომელიმე ქართველ დიზაინერთან ერთი-ორი კაბა შეიკეროთ, ან უცხოური ქავერებიდან ორი-სამი სიმღერა გადმოაქართულოთ. ამდენი წვალებაც არ მოგიწევთ, თუ გარისკავთ და  ყვითელ შოუებში საკუთარი სხეულის ნაწილებზე და პირად სექსუალურ ცხოვრებაზე ათას სისულელეს ილაპარაკებთ. შემდეგ უკვე  თამამად შეგეძლებათ შექმნათ ფეისბუქ ფან-გვერდი და საკუთარი “ვარსკვლავური” ცხოვრებისა თუ “გენიალური” აზრების მაუწყებლობა ოცდაოთხსაათიან რეჟიმში იქიდან განაგრძოთ. თქვენ უკვე ვარსკვლავი ხართ და უფლებაც გაქვთ უფრო მეტად  შეასხათ ფრთები ეგზიბიციონიზმს. ამიტომ კრეატიულობაში ჩაგეთვლებათ საკუთარი სიმღერის პრემიერის მოსაწვევებზე საკუთარ შიშველ სხეულსაც თუ “გამოსახავთ” და არც იმაზე გაგკიცხავთ არავინ, თქვენი “შემოქმედების” წყალობით თუ განგვიმარტავთ ვინ იმსახურებს ქალობას და ვინ არა.  დიახ, თქვენ  ვარსკვლავი ხართ და ის, რომ თქვენი “შემოქმედების” პროდუქტთა “ღირებულება” მხოლოდ ფეისბუქ მოწონებებით  შემოიფარგლება,  სრულებითაც ვერ ჩრდილავს თქვენს სიკაშკაშეს. ესეც არ იყოს და, თქვენ შეგიძლიათ “შოუ” უკვე ნამდვილ “ბიზნესადაც” აქციოთ და ამისათვის რომელიმე შეძლებული  გავარსკვლავების მსურველის თქვენს გვერდით ამოიყენებას შეეცადოთ, და ამდენად, ვარსკვლავური შრომის “პროდუქტიც”  სახეზეა.

ქართული ბომონდის შემხედვარეს შეუძლებელია არ გაგახსენდეს ერთ-ერთი ჰოლივუდელი რეჟისორის სიტყვები, რომ “იყო ვარსკვლავი, სხვა არაფერია, თუ არა იყო სამსხვერპლოზე შესაწირად მიტანილი მსხვერპლი ხალხის აღტაცების გამოსაწვევად”.  დასანანი მხოლოდ ის არის, როდესაც ასეთ არჩევანს ადამიანები ნებაყოფლობით აკეთებენ იმ მოცემულობაში სადაც მათზე ვერავინ იტყვის, რომ “მან განვლო ღირსეული ცხოვრება და დატოვა რაღაც ღირებული”.

წყარო:http://metronome.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები