იმერელი დავითი ცოლს ეძებს – „ჩემი სუფთა წარსულიდან გამომდინარე, არაქალიშვილს ცოლად ვერ მოვიყვან“

წლების წინ თუ ჩვენი წინაპრები ცხოვრების მეგზურად “კეთილმოსურნე” ნათესავის მიერ გამოძებნილ მეწყვილეს ირჩევდნენ, 21-ე საუკუნეში ეს პროცედურა “დაგვიანებული წყვილებისთვის” გაცილებით გამარტივებულია.

თუ თქვენ ეძებთ სიყვარულს და მოგწყინდათ მარტოობა, კომპიუტერის ღილაკზე მხოლოდ თითის ერთი დაჭერით შეგიძლიათ ინტერნეტში გაცნობისა და დაოჯახების უამრავ ცენტრს მიმართოთ, რომელიც თქვენთვის სასურველ ქალბატონს/ბატონს თქვენი ჩარევის გარეშე შეგირჩევთ.

ერთ-ერთი ასეთი “საქართველო-დემოგრაფიული განვითარების ფონდთან” არსებული “გაცნობა-დაოჯახების ცენტრია”, რომელიც სასურველი პარტნიორის პოვნაში სულ რაღაც 70 ლარად დაგეხმარებათ.

33 წლის დავითი პირველი არ არის, რომელსაც დემოგრაფიულ პრობლემაზე მეტად, საკუთარი ბედნიერება აღელვებს და მეორე ნახევარს ინტერნეტის საშუალებით ეძებს. იგი არც საკუთარი ფოტოს გამოქვეყნებას ერიდება და ქალბატონებს თავს დადებითი მხარეებით აწონებს.

მარტოობისგან შეპყრობილი, სუფთა წარსულის მქონე 33 წლის იმერელი სასიძო პატიოსან, თბილისელ გოგოს დიდი ხანია ეძებს და მომავალ მეუღლედ არაქალიშვილ კანდიდატურას არც განიხილავს.

“განათხოვარი და პატიოსანი სად გინახავთ”, – ამბობს “კვირა +”-თან საუბრისას სასიძო.

აზიატური, ძველმოდური და სტერეოტიპული შეხედულებების, ასევე წუნია ხასიათის გამო მას ცოლი არასოდეს ჰყოლია. ბავშვობა იმერეთში გაატარა. 5 წელია თბილისში ცხოვრობს და მომავალი მეუღლისთვის, პირველ ჯერზე რისი შეთავაზებაც შეუძლია, ტექნიკური განათლება, ბინა და არცთუ ისე მაღალანაზღაურებადი სამსახურია.

როგორც თავად ამბობს, ქალბატონებით განებივრებული არასოდეს ყოფილა, თუმცა შეხვედრისა და გაცნობის დონეზე მის ცხოვრებაში არაერთი ლამაზმანი გამოჩენილა.

“აქამდე არ ვყოფილვარ დაოჯახებული. ქალბატონები შეხვედრის დონეზე მყოლია. ნასამართლევი და ნარკომანი მე არა ვარ… აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემი მომავალი მეუღლე ქალიშვილი უნდა იყოს. მე რომ ცოლგანაშვები ვიყო, ნასამართლევი და ნარკომანი, არაფერი არ უჭირს არაქალიშვილს, მაგრამ მე ჩემი სუფთა წარსულიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ არაქალიშვილს ცოლად ვერ მოვიყვან.12226663_10153293353484779_649816143_n

განათხოვარი და პატიოსანი კიდევ სად გინახავთ? ქალმა არავითარ შემთხვევაში ოჯახი არ უნდა დაანგრიოს. შეიძლება კონფლიქტი იყოს, ცოლ-ქმარს შორის ყველაფერი ხდება, მაგრამ გამოსავალი აუცილებლად უნდა იპოვონ.

მარტო ვცხოვრობ, დასაქმებული ვარ. ქალს ჩემში ფული კი არა, ადამიანობა უნდა ხიბლავდეს. ქალს თუ ოჯახის შექმნაზე მეტად ფული აინტერესებს, ეგეთი არ გამომადგება”, – ამბობს 33 წლის დავითი.

“გაცნობა – დაოჯახების ცენტრი” 2000 წელს დაარსდა, თუმცა აქტიური ფუნქციონირება 2012 წლიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც “საქართველო-დემოგრაფიული განვითარების ფონდი” ჩამოყალიბდა.

ცენტრის ხელმძღვანელი დავით ხიზანიშვილი “კვირა +”-თან საუბრისას ამბობს, რომ ცენტრში ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიცნო ერთმანეთი, თუმცა იგი არ/ვერ აკონკრეტებს მათი დახმარებით რამდენი წყვილი დააოჯახდა. შესაბამისად, უცნობია, რამდენმა პირმა გადაურიცხა ცენტრს საბანკო ანგარიშზე მომსახურების საფასური.

“კვირა +” შეეცადა საჯარო რეესტრში ცენტრის ოფიციალური არსებობის შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინა, თუმცა მსგავსი ორგანიზაცია აღნიშნული სახელწოდებით არ მოიძებნა.

როგორც ხიზანიშვილი ამბობს, 70 ლარის გადახდის შემთხვევაში ოჯახის შექმნით დაინტერესებული პირის განცხადებას ინტერნეტში განათავსებენ, გამოხმაურების შემთხვევაში კი მათ ერთმანეთს შეახვედრებენ და დანარჩენი მათზე იქნება დამოკიდებული. ცენტრს, ყოველდღიურად როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონები სტუმრობენ. მათი ასაკი, ხშირ შემთხვევაში, 30-წელს აღემატება.

“საკმაოდ რთული სიტუაციააა ქვეყანაში დემოგრაფიული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენს ქვეყანაში შობადობა 90-იან წლებთან შედარებით საკმაოდ კრეტიკულია. ამიტომაც, ბევრი ადამიანია, რომელსაც სჭირდება მსგავსი ცენტრის არსებობა, რომ ცენტრისგან მიიღოს დახმარება”, – განაცხადა დავით ხიზანიშვილმა, რომელიც თავად დაოჯახებულია და ორი შვილის მამაა.

„კვირა +“ 33 წლის იმერელ დავითს ცხოვრების მეგზურის  პოვნაში წარმატებებს უსურვებს.

12226567_981616785215534_517456369_n 12243652_981616825215530_2117466849_n

კომენტარები

სხვა სიახლეები