ეპოქის სიმბოლო, ეკრანის მეფე და მამაკაცური სილამაზის ეტალონი – ალენ დელონი დღეს იუბილარია. მსოფლიო კინემატოგრაფის ვარსკვლავს 80 წელი შეუსრულდა.
კარიერის დასაწყისში მისი წუნდაუდებელი გარეგნობის გამო, პროდიუსერები უარსაც კი ამბობდნენ ფილმებში მის გადაღებაზე. უკვე შემდგომში კი მასთან მუშაობდნენ ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან – ანტონიონი, ვისკონტი და გოდარი… კინოსურათები მისი მონაწილობით, მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკად იქცა.
„მე ვამაყობ იმით, რომ მე ვარ ერთადერთი ფრანგი მსახიობი, რომელსაც პაშტეტის მომზადებაც კი შეუძლია“, – აცახდებს ერთ-ერთ ინტერვიუში ალენ დელონი.
ფრანგი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი 1935 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ სოში დაიბადა. იგი არის კოლექციონერი, გატაცებულია დოღით, ორგანიზატორია კრივის ჩემპიონატის. 1999 წლიდან მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს: საფრანგეთისა და შვეიცარიის. ალენ დელონი კინომატოგრაფიის ისტორიაში შევიდა როგორც ლამაზი, მეამბოხე, ენიგმატური და ფატალური მამაკაცი.
1957 წელს გამოდის მისი პირველი ფილმი, ივ ალეგრეს „როცა ქალი ერევა“, რასაც ძალიან დიდი წარმატება მოჰყვება მთელს ევროპაში. ამის შემდეგ დელონის კარიერა სწრაფად ვითარდება, მასთან თანამშრომლობენ ცნობილი ევროპელი და ამერიკელი რეჟისორები. 1958 წელს, „კრისტინას“ გადაღების დროს ალენ დელონი გაიცნობს რომი შნაიდერს. ალენი ამ დროს 23 წლისაა, რომი — 20-ის. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ და 1959 წლის 22 მარტს დაინიშნებიან. მათი წყვილი მშვენიერების, ახალგაზრდობისა და წარმატების განსახიერებად იქცევა შოუ-ბიზნესის სფეროში.
1960 წელს დელონი თამაშობს ლუკინო ვისკონტის ფილმში, „როკო და მისი ძმები“, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალურ პრიზს დაიმსახურებს. 1964 წელს დელონი შორდება რომი შნაიდერს და ცოლად ირთავს მსახიობ ნატალი კანოვას, რომელთანაც შეეძინება ვაჟიშვილი, ანტონი. 1967 წელს ალენი და ნატალი დელონები ერთად მონაწილეობენ ჟან-პიერ მელვილის ფილმში „სამურაი“. 1968 წელს, „ჟეფის“ გადაღების დროს, ალენს მირეი დარკი შეუყვარდება, ვის გამოც შემდეგ ის ცოლს გაცილდება.
1978 წელს დელონი იწყებს თავისი სახელობის სუნამოს, შამპანურის, კონიაკის, მაჯის საათების, სათვალეების, სიგარეტის, ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოშვებას ჟენევაში. ამ წამოწყებას მსახიობისთვის უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს. მალე დელონი შვეიცარიაში სახლდება და მოქალაქეობასაც იღებს.
1987 წელს დელონი ცოლად ირთავს ჰოლანდიელ მანეკენს, როზანი ვან ბრიმენს, რომელთანაც 1990 წელს შეეძინება ქალიშვილი, ანუშკა და 1994 წელს – ვაჟიშვილი, ალენ-ფაბიენი. 2002 წელს წელს როზალი ვან ბრემენი ალენ დელონს მიატოვებს, რასაც 67 წლის მსახიობი მწვავედ განიცდის.
1999 წელს ჟურნალმა FORBES გამოკითხვის შედეგად, ალენ დელონი საუკუნის მამაკაცად აღიარა.