როლს-როისიდან საფლავში – ძვირადღირებული გასვენება

ბრიტანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს დამკრძალავი ბიურო სახელწოდებით A.W. Lymn, რომელიც პირველ რიგში გრანდიოზული ავტოპარკით გამოირჩევა. კომპანიას უძვირფასესი ავტომობილები ჰყავს – მათ შორის 39 “როლს-როისი” და ”ბენტლი”.
ნოტინგემი. შუა ინგლისი. ლეგენდის თანახმად, რობინ ჰუდი სწორედ აქ ცხოვრობდა. ნოტინგემში რობინ ჰუდზე არანაკლებ ცნობილია ერთი ოჯახური ბიზნესის ისტორია – ეს გახლავთ კომპანია A. W. Lymn, რომელიც 1907 წლიდან არსებობს და რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, დამკრძალავი ბიუროა. ფირმის მისამართი სწორედ რობინ ჰუდ სთრითზეა. რა თქმა უნდა, ნოტინგემის დიდი სასაფლაოს წინ.
თუმცა თავისი მდიდრული ავტოპარკით ეს ფირმა მხოლოდ ნოტინგემში როდია ცნობილი – A. W. Lymn მთელი ინგლისის მასშტაბით მოღვაწეობს, ავტომობილები კი მართლაც გამორჩეული და საუკეთესო ჰყავს – ჯამში 39 ”როლს-როისი” და ”ბენტლი”.
ფირმის უახლესი ”როლს-როისები” კლასიკურ “gregorian silver” ფერშია გადაწყვეტილი. ამ დროისთვის საქმეს 15 Rolls-Royce Phantom აკეთებს. ორი Phantom ახლა მზადდება (ვენეციაში), ახლო მომავალში კი კიდევ 5 ”როლსის” გადაკეთებაა დაგეგმილი.
”ერთი ჩვეულებრივი Phantom-ის ექსკლუზიურ ”კატაფალკად” გადაკეთებას 6 თვე და 500 000 ფუნტი სჭირდება. მანქანები ნოტინგემიდან იტალიაში ჩვენთვითონ ჩაგვყავს. ხარჯების დაზოგვის მიზნით, უახლეს ეგზემპლარებს კი არ ვყიდულობთ, არამედ მეორადებს,” – აცხადებს ფირმის საავტომობილო მიმართულების კოორდინატორი რობ ლიპიტი.
მდიდრული ლიმუზინები ექვსი თვის განმავლობაში მუშავდება. იქ, სადაც კუბო უნდა დაიდგას, LED-განათებებია დამონტაჟებული. ავტომობილის გარშემო კამერები მონტაჟდება, რათა ინგლისის სასაფლაოების ვიწრო გზებზე ”როლს-როისი” ან ”ბენტლი” არ დაზიანდეს.
ცხადია, ”როლს-როისით” უკანასნელი გასეირნება იაფი არ არის. ”ჩვენი მომსახურება ყვავილების გარეშე 10 000-დან 15 000 ფუნტი ღირს. თუმცა ეს ფასი შეიძლება გაორმაგდეს კიდეც – გააჩნია, სჭირდება თუ არა კლიენტს ესკორტი და სად ხდება დასაფლავება,” – ამბობს რობ ლიპიტი.
შეკვეთები მხოლოდ ნოტინგემიდან არ აქვთ და რობი ამბობს, რომ ძალიან ბევრი საქმე აქვთ. რობის თქმით, დღეში მაქსიმუმ 30 შეკვეთის შესრულება შეუძლიათ ყველა მძღოლი და მანქანა თითქმის ყოველდღე დაკავებულია. ამიტომაცაა, რომ გაფართოვებაზე ფიქრობენ და ახალ-ახალ ავტომობილებს ამატებენ. გარდა ამისა, ჰყავთ ”როლს-როისის” ორი მექანიკოსი, რომლებიც იმაზე ზრუნავენ, რომ მანქანები მწყობრში იყოს და პროცესიას სადმე არ უმუხთლოს.
ლიპიტის თქმით, მისი კომპანიის მანქანებს ხშირად პირადი ღონისძიებებისთვისაც უკვეთავენ – ინგლისში ხალხი ძვირფასი კატაფალკებით ერთობა კიდეც. მისი თქმით, მოთხოვნა ძირითადად ”როლს-როისის” მოდელებზეა, თუმცა ავტოპარკში ლონდონის ტაქსიც ჰყავთ, რადგან რამდენიმე კლიენტმა ოჯახის წევრის დაკრძალვისთვის სწორედ ლონდონის ”ტაქსი” მოითხოვა…
შტეფან გრუნდჰოფი

წყარო:http://www.autobild.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები