26 წლის გოგონა სააკაშვილის „საზღვრებს“ გააკონტროლებს – რა აკავშირებს „უკრაინელ ვარსკვლავს“ ოდესის გუბერნატორთან (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)
26 წლის გოგონა ოდესის საბაჟოს საზღვრებს გააკონტროლებს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ რამდენიმე დღის წინ, ოდესაში მისი ვიზიტისას, ოლქის საბაჟოს ახალი უფროსი წარადგინა. ამ პოსტს ოდესის გუბერნატორის- მიხეილ სააკაშვილის მოადგილე იულია მარუშევსკაია დაიკავებს.
„ოდესაში ტვირთი ბრუნდება. ოლქის საბაჟომ ახალი ხელმძღვანელი ჩაიბარა – იულია მარუშევსკაია, გილოცავთ!“- განაცხადა პოროშენკომ.
მარუშევკაიამ 2012 წელს ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტი დაამთავრა. არის უკრაინული ენისა და ლიტერატურის, ასევე გერმანული ენის სპეციალისტი. გოგონამ სწავლის კურსი ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებშიც გაიარა. ის იყო „ევრომაიდანის“ აქციების აქტივისტი. სახელმწიფო უწყებაში 2015 წლის 6 ივლისიდან მუშაობს.
ამასთან, გუბერნატორი სააკაშვილი აცხადებს, რომ სერიოზულად განაახლებს საბაჟოს თითქმის მთელ შემადგენლობას და უწყებაში ყველა მაკონტროლებელი ორგანოს ლიკვიდაციას მოახდენს.
26 წლის აქტივისტი გოგონა საზოგადოებამ, კიევში მიმდინარე აქციების დროს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლის “Я – украинка“ წყალობით გაიცნო. სააკაშვილის გვერდით ის მის მოადგილედ დანიშვნამდეც გამოჩნდა. გასულ წელს, 15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით აქცია “არა ანექსიას” გაიმართა. აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას კიევიდან, მიხაილოვსკის მოედნიდან საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. სააკაშვილს მაშინ გვერდს მაიდანის აქტივისტი იულია მარუშევსკაია უმშვენებდა.
“ეს უკრაინელი ვარსკვლავი საქართველოს მხარდამჭერია, ისევე როგორც ყველა უკრაინელი პატრიოტი. გუშინდელი სოლიდარობის აქციის მონაწილე – იულია მარუშევსკა, მისი ვიდეო Youtube-ზე მილიონობით ადამიანმა ნახა. იულია მთელს მსოფლიოში ატარებდა უკრაინის დასაცავ კამპანიას,” – დაწერა მოგვიანებით სააკაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
პრესაში იმის შესახებაც დაიწერა, რომ უკრაინელი გოგონა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც იცნობს და მას საჩუქრად საკუთარი წიგნი გადასცა. თავდაპირველად ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა – დავით საყვარელიძემ გაავრცელა.
“სიცხადისთვის “იულია” ანუ იულია მარუშევსკაია არის მაიდანის აქტივისტი, რომელმაც ჩაწერა და დაამზადა ვიდეოკლიპი “რატომ უნდა გახდეს უკარინა ევროპის ნაწილი”. კლიპს მილიონობით ნახვა დაუგროვდა. ასევე ეს გოგო იყო სწორედ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მაიდანზე სნაიპერის დახოცილი ხალხის ცხედრებს მორგში ყარაულობდა, რომ არ მოეპარათ და ექპერტიზა ჩატარებოდათ. სხვათაშორის, ამ გოგომ რამდენიმე თვის წინ ამერიკაში ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ საკუთარი წიგნი გადასცა პრემიერ-მინისტრს…” – წერდა FACEBOOK-ში საყვარელიძე.
26 წლის მარუშევსკაიას მსგავსად, ახალგაზრდა ქალბატონი ჰყავს უფროსად ოდესის მილიციის პრესსამსახურსაც. პროფესიონალი მოდელი ანა პანჩევა, რომელიც უწინ მამაკაცთა ჟურნალ МАХIM-ისთვის შიშველი პოზირებდა, ამ პოსტზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაინიშნა.
https://www.youtube.com/watch?v=rrvMpjDfPyg