ყველაზე სკანდალური მამაო, პეტრე კოლხი-კვარაცხელია თავის ქალიშვილს,
ყველაფერი რომ შეცვალო,
ვერ შეცვლი იმას, რომ მღვდლის
შვილი ხარ.
არასდროს გქონია აგრესია, არც სურვილი რამე შეგეცვალა…
წლებია ვცხოვრობთ ერთად, მაგრამ
არ ვეხებით ერთმანეთის უფლებებს.
პირველი შვილი ხარ, შეუმჩნეველი
ხალითაც მგავხარ, მაგრამ ვიცი, რომ შენ სხვა ხარ და არ მაქვს უფლება ჩემი გზით სიარული მოგთხოვო…
შენ სწორად გესმის რწმენა და თავისუფალი ნება. გესმის ისიც, რომ იძულებით ვერაფერს მიაღწევ, სხვათა ჩარევით ღმერთს ვერც იპოვი და ვერც დაკარგავ…
დღემდე გინდა მთვარეზე ველოსიპედით იმოგზაურო, და საერთოდ, იმოგზაურო და იმოგზაურო…
ესეც მოგზაურობაა… ვინ იცის, იქნებ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, ვიდრე წლების წინ შენი ყოფნა პარიზში, რომში, ვენეციაში, მაროკოში, ან წლების შემდეგ ლანსაროტეზე. თუნდაც მთვარეზე ველოსიპედით…
ამ შეუჩერებელმა მოგზაურობამ რა უცებ გაგზარდა, თავდაჯერებულობაც შეგმატა და გასწავლა, როგორ დაიცვა თავი…
სტუმრად რომ მივდივართ, გარიგებ და გირჩევ როგორ უნდა მოიქცე. ბრაზობ, მაგრამ ითვალისწინებ.მერე ვხვდები, რომ”მე” არ ხარ და უფრო არ მომწონხარ, ვიდრე მაშინ, როცა ერთს გეუბნები და მეორეს აკეთებ…
შენ იცი, რომ ჩვენ თავიც არ გვეკუთვნის, არამცთუ ერთმანეთი… იცი, რომ სუნთქვამდეც მგავხარ, მაგრამ მაინც შენ ხარ და არა, “ჩვენ”…
მე ჩემი გზით ვიპოვე ღმერთი…
ვიცი, შენ ღმერთამდე შენი გზა მიგიყვანს… მიხარია, რომ შეგიძლია იყო “უძღები შვილი”… მიხარია, რომ წინააღმდეგობას მიწევ… მიხარია, რომ ბრმად არ მემორჩილები და კამათობ…
მე შენგან ვისწავლე, როგორ ვიმოგზაურო მთვარეზე ველოსიპედით… შენ იქ რჩები, მე წირვაზე უნდა მოვბრუნდე, რომელსაც შენი დახმარებით უამრავი, “მარიამი” ესწრება და რაც ყველაზე მეტად მიხარია-იღიმიან… მუხლისთავები უჩანთ, მკლავებიც გარუჯული აქვთ, მაგრამ ისინი სხვას არ განიკითხავენ, რატომ აცვიათ კოჭებამდე კაბა… ფსალმუნებიც იციან, ოღონდ ძალიან მოსწონთ, “მშვიდი ცურვა”…
არც ის მიკვირს უფსკრულებში რომ დაფრინავ, თუმცა გეწინააღმდეგები, მაგრამ გულში არ მინდა დამეთანხმო…
შენი გზა რთულია, მაინც ღირს მოგზაურობად…
მამა პეტრე