ორგაზმი, როგორც სიკვდილის რეპეტიცია – დალაი ლამას უახლოესი მეგობრის, რობერტ თურმანის ინტერვიუ შედევრი

,,ბუდა ქალებს უფრო მაღალ არსებებად თვლიდა.

ისინი უფრო ახლოს არიან ღმერთთან.!”

,,ორგაზმი წამებია, როცა თქვენ თავისუფლდებით ეგოსგან, სცილდებით სხეულს და იხსნებით აბსოლუტურ ნეტარებაში. ეს ნირვანაა. თავიდან შესაძლოა ცოტა შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ეს რაღაც ძალიან ნათელია, სუფთა ენერგიაა,  სამაგიეროდ ამ წამებში თქვენ ბუდა ხართ“.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და დალაი ლამას ძალიან ახლო მეგობარი რობერტ თურმანი ლექციას ატარებს ტიბეტური ბუდიზმის შესახებ. აუდიტორია დუმს. მხოლოდ კლავიატურაზე თითების მასობრივი კაკუნის ხმა ისმის. სტუდენტები თავიანთ ლეპტოპებში გენიალურ იდეებს ინიშნავენ. მისი ლექციები ლექციებზე მეტად ერთი მსახიობის თეატრს ჰგავს. იგი ხელებს იქნევს, დაფაზე უცნაურ ფორმულებს წერს, სქემებს ხაზავს,  ლაპარაკობს კვანტურ ფიზიკაზე, ფარდობითობის თეორიაზე, ციტირებს კასტანედას, ვუდი ალენს და ხსნის რა ხდება ჩაკრებში სიკვდილისა და ორგაზმის დროს. მისი მსჯელობა წმინდა წყლის ფსიქოდელიაა: ,,ჩვენ შევეჩვიეთ იმ სამყაროში ცხოვრებას, სადაც ან ვართ, ან არ ვართ და ვერ ვხვდებით, რომ შეიძლება თან ვიყოთ და თან არ ვიყოთ.“ ბობს კეთილი, ცისფერი თვალები აქვს, უზარმაზარი ხელები და რაღაცნაირად მოუხეშავი, მაგრამ საშინლად მომხიბლავი მოძრაობები. უმა თურმანი მამას ჰგავს.

-რატომ არის ბუდიზმი მოდაში?

– იმიტომ რო ბუდიზმი ფსიქოლოგიაა, ეთიკა და მეცნიერება. იმიტომ რომ ბუდა სწავლულია. იცოდით, რომ იგი თავის დროზე ატომის გაყოფადობაზე საუბრობდა? იგი შეკითხვებზე პასუხობს და საერთოდაც, თუკი თქვენ ბრმა რწმენა აღარ გსურთ და რაღაცის გაგება გინდათ, ეს ნიშნავს რომ ბუდისტი ხართ. ზოგიერთებს ბუდიზმი რელიგია ჰგონიათ, მაგრამ ბუდიზმი რელიგია არ არის. ეს იოგაა. გონების იოგა, იოგა ემოციებისთვის.

-ანუ შეიძლება რომ მართლმადიდებელიც და ბუდისტიც ერთდროულად იყოთ?

-რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენს პატრიარქს პრობლემად შეიძლება მოეჩვენოს. დალაი ლამა რელიგიის შეცვლის მომხრე არ არის, რადგან ეს ადამიანის ფესვებია, მისი კავშირი წინაპრებთან, ოჯახთან, თუმცა ეს სულაც არ გიშლით ხელს იმაში, რომ ბუდიზმიდან მედიტაციის ხელოვნება ისწავლოთ. საერთოდ, უკეთესი იქნება თუ მოვეშვებით სხვების ჩვენს რელიგიაზე მოქცევის მცდელობას. სჯობს საკუთარი თავით დავკავდეთ – გონება გავიწმინდოთ, ემოციების მართვა ვისწავლოთ და ეს არის გზა ღმერთისკენ რომელი რელიგიის წარმომადგენელიც არ უნდა ვიყოთ.

-რას ნიშნავს იყო ბუდისტი?

-იყო ბუდისტი, ნიშნავს აცნობიერებდე. მაგალითად, თქვენ ვინმემ გაწყენინათ, ან ვინმეს რამეში არ ეთანხმებით და სული ბრაზით გევსებათ: ,,ეს ხომ უსამართლობაა“. ეცადეთ ქეჩოში ჩაავლოთ ხელი თქვენს ემოციას და თავს ჰკითხოთ: რატომ უნდა ვბრაზობდე? რაში მჭირდება ყვირილი? ხომ შეიძლება სხვანაირი რეაქცია მქონდეს?“ აი, სწორედ ამ ქეჩოში ჩავლების მომენტში თქვენ თავისუფლებდებით და ცოტა ხანი ბუდა ხდებით. თავისუფლების გარეშე თქვენი ტვინი უბრალოდ რადიომიმღებია, რომელიც მხოლოდ ერთ სადგურზეა მომართული და მიუხედავად იმისა რომ მართვის პულტი ჯიბეში გიდევთ, გადართვა არ გსურთ, რადგან წარმოდგენა არ გაქვთ, რომ შეიძლება სულ სხვა მუსიკაც არსებობდეს.

-მაშინ რატომ გვირჩევენ ფსიქოთერაპევტები არ შეიკავოთ ემოციები და აუცილებლად გამოხატეთო?

-ეს ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული. ხანდახან უკეთესია შეიკავოთ. მაგალითად, თქვენ სახლში მოხვედით და თქვენი რომელიმე ოჯახის წევრი კიდევ ერთხელ აკეთებს იმას, რაც გაცოფებთ. თქვენი ჩვეული რეაქცია ყვირილია. მაგრამ ეს რას ცვლის? სცადეთ ისეთი რეაქცია გქონდეთ, რაც აქამდე აქ გქონიათ. გააკვირვეთ საკუთარი თავი და ისიც. თუმცა შანტი დევა, ბუდისტი გურუ ამბობდა, რომ თუკი არსებობს საფრთხე იმისამ რომ გაგაბრაზებენ, სჯობს რომ მანამდე გაბრაზდეთ, ვიდრე გაგაბრაზებენ. მაგალითად, ჩემი მეუღლე, როცა სახლში ბრუნდება და მე რამეს შევჩივლებ, მეუბნება: ,,ძვირფასო, მოკეტე რა. გინდა ხასიათი გამიფუჭო?“

-თქვენი ცოლიც ბუდისტია?

-აზრზე არა ვარ. თვითონ ვარ თუ არა ბუდისტი, ისიც არ მესმის,  მაგრამ ვხედავ, რომ ჩემი ცოლი ცდილობს უფრო ბედნიერი გახდეს, ცდილობს აკონტროლოს ფიქრები და ემოციები, ცხოვრებას შემოქმედებითად უდგება. შეიძლება ეს არის ბუდისტობა. თუმცა ისიც შესაძლებელია ბუდისტი იყოთ და ერთი და იგივე პრობლემაში იყოთ გაჭედილი მარადიულად, სულელი ბუდისტებიც არსებობენ. თქვენ, გოგონებს დედები მოთმინებას გასწავლიან, მიღებას, თავში გიტენიან რომ გამუდმებით თქვენი ქმების პრობლემები უნდა აისმინოთ.. და თქვენც გჯერათ. აბა, ერთხელ ჰკითხეთ თავს: ამას რომელიმესთვის სარგებელი მოაქვს? ხანდახან ზუსტად ისე უნდა მოიქცეთ, როგორც ჩემი ცოლი იქცევა: ძვირფასო, რომ გაჩუმდე, რა იქნება? ასე ყველაფერს თუ აჰყევით, ვერასოდეს მოახერხებთ ბედნიერი იყო, იმიტომ რომ ყოველთვის იქნება რაღაც რაც არ მოგეწონებათ და თვითონ უნდა გადაწყვიტოთ რამდენი ენერგიის ხარჯვა გინდათ ნერვიულობაზე.

-რა არის თქვენთვის ბედნიერება?

–ბედნიერება? ჰაჰა… ნეტავ, ვიცოდე… ბედნიერებაა იყო რეალური. უფრო სწორად, ნამდვილი. მე 50 წელია ვსწავლობ ბუდიზმს, მაგრამ ნირვანამდე ჯერ ვერ მივაღწიე. სამაგიეროდ, საკუთარ თავში ვპოვე ნუგეში. თქვენ იცით რას ნიშნავს ნუგეში? ნამდვილად იცით? მოკლედ ვიცი, რომ ბედნიერება არსებობს და თან აქ არის, იმიტომ რომ ბედნიერება ჩვენი ხასიათია, ჩვენი არსი. მე ბედნიერად ვერ ვგრძნობ თავს ამ წუთას, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისედაც ვიცი, რომ ბედნიერი ვარ. გესმით?

-მთლად კარგად არა, სიმართლე რომ ვთქვა…

-აჰა, (იცინის) რეალობაა ბედნიერება. ცხოვრებაა ნირვანა. ის უკვე ჩვენშია და ვიცი, ადრე თუ გვიან ამ განცდას მივაღწევ. შენ თვითონაც ნირვანა ხარ, თუმცა ამას ვერ აცნობიერებ. აი, ამიტომ გებადება მსგავსი შეკთხვები: შენ არ ხარ დარწმუნებული, მოახერხებ თუ არა მის სრულყოფილად განცდას. თუმცა იცით, დაახლოებით ეს რა გრძნობაა,  ხანდახან ხომ ხართ ბედნიერი? აი, ზამთრის შემდეგ გაზაფხული რომ დგება და ირგვლივ ჩამოთბება… თუმცა უბედურებაც გეცოდინებათ… გული უტკენია თქვენთვის ვინმეს?

-კი, ყოფილა ასეთი შემთხვევაც.

-ანუ, თქვენ იცით უბედურების შესახებაც. მერე რა ხდება? თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ როცა მოკვდებით, აღარ იქნებით. სიბერეში კი ავადმყოფობა, ტანჯვა გელოდებათ… ამიტომ ამაზე ფიქრს გაურბიხართ. ბუდა ამბობდა, რომ რეალობა ნირვანაა. უბრალოდ მასში შეღწევა უნდა მოახერხოთ. გქონიათ შემთხვევა, რომ რაღაცას გიყვებიან და უცებ თავში ხელს შემოირტყამთ, ღმერთო, ეს ხომ სულ ვიცოდიო. როცა მთელი არსებით გააცნობიერებთ, რომ ღმერთის ჭემარიტი ბუნება დაუსრულებელი ბედნიერებაა, მიხვდებით, რომ ეს შენ ყოველთვის იცოდი. ბედნიერება ჩვენშია და ჩვენს ირგვლივ. ერთარსება უსაზღვრო სიყვარულის ენერგიით არსებობს. იგი ყოველთვის იყო არის და იქნება.და როცა ჩვენ ნირვანას მივაღწევთ, აღმოვაჩენთ რომ სულ ბედნიერები ვყოფილვართ, მაშინაც კი როცა გვიჭირდა. თქვენ თქვენს წინა ცხოვრებებსაც გაიხსენებთ. იცით, ადრინდელ ქრისტიენებს წინა ცხოვრების და რეინკარნაციის სჯეროდათ. მწვალებლობად მერე გამოაცხადეს. მაპატიე, ცოტა რთულად ვლაპარაკობ, არა?

-როგორ გითხრათ…

-სულ ცოტა რწმენა, სულ ცოტა… ირწმუნე ღმერთი და ეს დაგეხმარება… პრობლემა ისაა, რომ თანამედროვე ხალხს მეცნიერების უფრო სჯერა, ვიდრე სულის. სანამ ისინი ცოცხლები და ჯანმრთელები არიან, თან სიკვდილიც შორსაა, თავს ფიზიკურ სხეულად თვლიან, სიკვდილს კი არარაში გადასვლად აღიქვამენ. ფიქრობთ, რომ არსებობას შეწყვეტთ სიკვდილის შემდეგ და ამის გეშინიათ.

-და სინამდვილეში რა იქნება?

-მართლა გინდა ამის გაგება? სიკვდილში არაფერია საშიში, პირიქით. ერთადერთი რისიც გვეშინია – ტკივილია. იქ კი ტკივილი არ იქნება. რა გემართება, როცა ღრმად იძინებ? შენ სიზმარს ხედავ, მაგრამ ვერ აცნობიერებ ამას, ცხადი გგონია. სიკვდილით ასეა, ერთი განსხვავებით – უსხეულოდ იღვიძებ, მერე კი ახალი მშობლების მოძებნას იწყებ და ახალი სხეულით ბრუნდები.

-რამდენი ხნის მერე ხდება ეს?

-საშუალოდ 49 დღის შემდეგ. ზოგიერთი სული ისვენებს კიდეც რამდენიმე წლით, მაგრამ იმ განზომილებებში, ეს წუთებია. სხვადასხვა განზომილებაში დრო სხვადასხვაგვარად გადის.

-კარმა რა არის?

=ეს ევოლუციაა. ის, რითიც დარვინმა გადატრიალება მოახდინა, ბუდისტებმა ათასობით წლის წინ იცოდნენ.

– ანუ დარვინი მართალი იყო?

– რა თქმა უნდა, ჩვენ ოდესღაც ყველანი ვიყავით ცხოველები. უბრალოდ დარვინი სულზე არ ლაპარაკობდა, იგი ფიქრობდა, რომ მხოლოდ სხეულებრივი რეინკანრაცია ხდება, მოლეკულების და გენების დონეზე, ბუდისტები კი მიიჩნევენ,  რომ გარდა ამისა სულიერი ევოლუციაც ხდება. სულსაც აქვს მოლეკულები და გენები. მოკლედ, ჩვენ სულ ვიყავით და ვიქნებით. მთავარია, გავაცნობიეროთ ეს და განვვითარდეთ – გავიაზროთ, რომ ვართ ბედნიერები და სხვებსაც დავეხმაროთ ამაში. მოკლედ, თუკი არსებობთ, სიცოცხლეს ვერ გაექცევი.

– კი, მაგრამ ბუდისტები არ ამბობენ, რომ უნდა ეცადო, როგორმე გააღწიო ამ სანსარიდან, რათა თავისუფლებას მიაღწიო?

– ბუდა ამბობდა, რომ არსებობს განზომილებები, სადაც შეუძლიათ დაიმალნონ ისინი, ვისაც მარადიული არსებობა არ სურთ. ეს დაახლოებით ღრუბლებში ძილს ჰგავს, მაგრამ ეს ილუზიაა და შენ იქედან დაბრუნება შეგიძლია, რადგან ბედნიერება და ნეტარება აქ არის. ნირვანა და სანსარა ერთია. ბუდიზმის დასავლური ინტერპრეტაციები მთლად სარწმუნო არ არის. იქ ამბობენ, რომ თითქოს ბუდას ცხოვრება ტანჯვად მიაჩნდა და ამ ტანჯვისგან გათავისუფლების ერთადერთ გზა სურვილებისგან გათავისუფლებაა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ბუდა ამბობდა, რომ ცხოვრება ბედნიერებაა. სწორედ ამიტომ ხდება ბუდიზმი ყოველდღე უფრო და უფრო პოპულარული ქრისტიანობისა და ისლამისგან განსხვავებით თან ჯვაროსნული ომებისა და ტერორის გარეშე.

– მაშინ რატომ ვიტანჯებით?

დაუნახავობისგან. ტანჯვა ილუზიაა. ბუდა ამბობდა, რომ ცნობიერი ადამიანის ცხოვრებაში ტანჯვა არ არსებობს.

სასიკვდილო დაავადებებიც ილუზიაა?

რა თქმა უნდა, სიკვდილიც ილუზიაა. რა არის მაგალითად სიმსივნე? ეს არის  ჯანსაღი ქსოვილი, რომელიც უადგილო ადგილას იზრდება. ეს სიცოცხლის წყაროა, უბრალოდ არასწორი კვების შედეგად არასწორ ადგილას გაზრდილი. მაგრამ ჩვენი უფრო დიდი ილუზია სხვაა. შენ მიგაჩნია, რომ შენ უფრო მნიშვნელოვანი ხარ ვიდრე მე, მეც ასე ვფიქრობ. იმიტომ კიარა რომ ეგოისტები ვართ, უბრალოდ მივეჩვიეთ, რომ ასე ვიგრძნოთ. როცა შვილები გვიჩნდება, რაღაც მომენტში მათ საკუთარ თავზე მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. ხანდახან, როცა ძალიან გვიყვარდება, სიყვარულის ობიექტიც ასე გვეჩვენება. თუ მასაც უყვარხარ, საკუთარ თავზე მაღლა დაგაყენებს და სანამ ვნების პირველი ტალღა გადაივლიდეს, თქვენ პრეტენზიები არ გექნებათ ერთმანეთთან.

ამას ამბობდა ბუდაც: თუ თქვენ სამყარო არ გიყვართ, თუ მასზე უფრო მნიშვნელოვანი გგონიათ თავი, ტანჯვისთვის ხართ განწირული. თუკი სამყაროს ებრძვით, თქვენ აგებთ: ბერდებით, ავადდებით, ახლობლებს კარგავთ. ბუდა გვასწვლის, რომ უბედურები იქნებით მხოლოდ მაშინ, თუ საკუთარ რეალობას ილუზიებით შეზღუდავთ. თუკი სამყაროსთან გაათანაბრებთ თავს და მის ნაწილად იგრძნობთ, მაშინ გზა მარადიული ნეტარებისკენ გეხსნებათ. სამყაროს ენერგია ბედნიერების ენერგიაა და მისგან გამოცალკევებით ამ ენერგიას ვწყდებით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან კავშირის გაცნობიერება მხოლოდ გონებით კი არა, ხუთივე გრძნობით, ყველა უჯრედით.

 -სიყვარული რა არის?

– როცა სხვას ჩვენს გაგრძელებად ვიღებთ. ადამიანები ერთად მანამდე არიან, სანამ ერთმანეთის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, მერე კი მიდიან, რადგან საკუთარ მოთხოვნილებებს უფრო მნიშვნელოვნად თვლიან. ნამდვილი სიყვარულის დროს მთავარი მეორე ადამიანის ბედნიერებაა, თუნდაც ეს ორმხრივი გრძნობა არ იყოს.

– თქვენ შეგიძლიათ ასეთი სიყვარული?

– მე 44 წელია დაქორწინებული ვარ და ორივესთვის მეორე ქორწინებაა ეს. დიდხანს რომ იყოთ ერთად, უნდა მოახერხოთ იმ ფაქტის მიღება, რომ თქვენს შეყვარებულს თავისი სულიერი გზა აქვს და შენ ამ გზაზე ხელისშემშლელი კი არ უნდა გახდე, პირიქით ხელი შეუწყო. ეს რა თქმა უნდა, იდეალია, მაგრამ აქეთკენ უნდა ვისწრაფვოთ. თუ ჩხუბობთ, უნდა გაიხსენოთ, რომ მთავარი ბედნიერებაა და კონფლიქტი შესაძლოა ამით მოგვარდეს.

– ბუდისტი შეიძლება არაბუდისტთან ცხოვრობდეს?

შეიძლება, მაგრამ უკეთესია თუ ერთმანეთის სულიერ ღირებულებებს იზიარებენ ადამიანები.  თუმცა ყველა რელიგიის მთავარი იდეა ის არის, რომ ნაკლები იფიქრო შენს თავზე და უარყოფით ემოციებში არ დარჩე. თუკი ამ უმთავრეს პრინციპს მისდევ, მაშინ თქვენთან ცხოვრება ადვილი იქნება.

თქვენს შვილებს ასწავლეთ ბუდიზმი?

მე მათ არაფერს ვუშლიდი. ჩვენ გვსურდა ჩვენი შვილები თავისუფლები ყოფილიყვნენ და თავისით ეპოვათ გზა. თუკი თავად მოახერხებ იყო ბედნიერი, თქვენი შვილებიც ბედნიერები იქნებიან. მგონია, რომ მათ სჯერათ წინა და მომავალი ცხოვრების, სიყვარულის და თანაგრძნობის. ასე, რომ იდეაში ბუდისტები არიან.

– თქვენ მათ არ სჯიდით?

– რატომ? ბავშვები ყოველთვის ჩვენზე უკეთესები არიან. ანგელოზთა ფედერაცია მათზე ჩვენზე უკეთ იზრუნებს.

– თქვენ თქვით რომ ისეთი კარგი შვილის ყოლა, როგორიც უმაა, თქვენს კარგ კარმაზე მეტყველებს.

– რა თქმა უნდა. ჩვენ მასში გაგვიმართლა. მას ძალიან კარგი ძმები ჰყავს. ერთი ნიჭიერი მსახიობია, მეორე იოგი, მესამე ფილოსოფოსი, მეოთხე კი უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი. უმა განსაკუთრებულია და ყველანი ვაღმერთებთ. თუმცა თავად ძალიან მოგრძალებული გოგოა, ზედმეტადაც კი.

– რატოა ასე ცოტა ქალთა ბუდისტური მონასტერი?

მონაზვნები ძალიან ცოტა დარჩა სამწუხაროდ. არადა ბუდა ქალებს უფრო მაღალ არსებებად თვლიდა. ისინი უფრო ახლოს არიან ღმერთთან. კაცები უფრო მეტად მიდრეკილები არიან ილუზიებისკენ, მათ საკუთარი თავის პოვნა სჭირდებათ, თავის დამკვიდრება აგრესიითა და ბრძოლით. ამიტომ მათთვის აუცილებელია მონაზვნობა.

მაშინ რატომ არის ღმერთი ყოველთვის კაცი?

იმიტომ რომ ჩვენ მილიტარისტულ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელსაც კაცები მართავენ. მათ გურუ ქალები არ აწყობთ, მაგრამ ახლა ყველაფერი იცვლება. უკანასკნელ ხანებში ქალი გურუები მომრავლდნენ. ქალებს ყველაფერი შეუძლიათ. იქ, სადაც ქალების უფლებები შეზღუდულია, საზოგადოებაში თავისუფლების საშინელი დეფიციტი დგას. უმჯობესია ქალები თუ აიკიდოს შესწავლას დაიწყებენ. ეს ბრძოლის ძალიან ქალური სახეობაა  და დაგეხმარებათ უფრო ძლიერი და ამავე დროს მოქნილი გახდეთ. მე სუსტი ქალები არ მომწონს, ქალი უნდა მოუწოდებდეს მამაკაცს.

წყარო: http://mental.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები