საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემა “ბიზნესკურიერის” რედაქციამ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი დაარღვია. როგორც ქარტიის განცხადებაშია აღნიშნული, გადაცემის რედაქციამ უგულებელყო მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული – პროგრამის მონაწილისადმი სამართლიანი მოპყრობის მოთხოვნები და დაარღვია კოდექსის მე-20 მუხლი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მოსაზრებით, წამყვანის მიერ დასმული კითხვები, წინასწარმომზადებული გრაფიკული ტესტით, ატარებდა პროვოკაციულ ხასიათს და არღვევდა სტუმრისადმი სამართლიანი მოპყრობის პრინციპს.
„მე-20 მუხლის თანახმად, პროგრამის მონაწილეთა სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად საჭიროა: (1) პროგრამაში მიწვევისას მაუწყებელმა პოტენციურ მონაწილეს უნდა აცნობოს (გარდა შემთხვევისა, თუ განხილვის საგანი ტრივიალურია და მონაწილის მნიშვნელობა მინიმალური): – პროგრამის არსი, მიზანი და მიწვევის მიზეზები, გადაცემის თემა და მათი მოწვევის მიზეზი. როდის (თუ ცნობილია) და სად გადაიცემა იგი პირველად; – პროგრამაში მონაწილეობის ფორმა (პირდაპირი ჩართვა, ჩანაწერი, დისკუსია, რედაქტირებული, არარედაქტირებული და ა.შ); – სავარაუდო კითხვები და სხვა სავარაუდო სტუმრების ვინაობა; – მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მონაწილის პირველად თანხმობაზე და გამოიწვიოს არსებითი უსამართლობა; – ინფორმაცია მაუწყებლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ; – ნათლად უნდა განემარტოს, მიეცემა თუ არა პროგრამის წინასწარი ნახვის შესაძლებლობა, რამდენად ექნება მასში ცვლილებების შეტანის უფლება; მაუწყებელს შეუძლია თავი შეიკავოს ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის მიწოდებისგან, თუ ეს ქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით ან ამ კოდექსის საფუძველზე”.
2014 წლის 29 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ გადაცემაში – „ბიზნესკურიერი“ მიწვეული იყო ტურიზმის დეპარტამანტის ახლადდანიშნული უფროსი გიორგი ჩოგოვაძე. გადაცემის მსვლელობისას რესპონდენტისადმი წამყვანის დამოკიდებულებით, დასმული კითხვებითა და მონაწილის რეაქციით სავარაუდოა, რომ სტუმარი წინასწარ არ იყო ინფორმირებული ინტერვიუს იმ რეჟიმის შესახებ, როგორიც წარმართა წამყვანმა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გადაცემის წამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი კი აცხადებს, რომ ჩოგოვაძისთვის კითხვების დასმით მისი კვალიფიკაციის ერთგვარი შემოწმება უნდა მომხდარიყო, რადგან მისი ოპონენტები ამბობენ, რომ მას ამ სფეროში კვალიფიკაცია არ გააჩნია.
Prev Post
სხვა სიახლეები