ანგელოზის ტბა

  ისეთი საოცრება, როგორიც ანგელოზის ტბაა, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. დათო ჯაფარიძესთან ერთად მესტიიდან 12 კმში მდებარე ქორულდის ტბებისკენ გავწიე. აი, ბოლო 1 კმ რომ დამრჩა და უშბის კბილები თითისტოლადღა მოსჩანდა, ფერდობზე ლურჯად არეკლილი წყალი შევნიშნე.
ღმერთო ჩემო, საქართველოს რუკას როგორ ჰგავს! ემოციისგან შევკივლე.
ღიმილით მიპასუხა დათომ, ჩვენ სვანები ანგელოზის ტბას ვეძახით. საქართველოს რუკის ფორმა ისე მიიღო, რომ  ხელიც არავის უხლიაო. ნაპირთან ჩავედი, მაგრამ დაჭაობებული იყო, წყალთან ვერ მივედი. იქაურობა ლელქაშებით იყო დაფარული. უწინ სხვა ფორმა ჰქონია. ვცდილობდი, ისეთი სიმაღლე მომეძებნა, რომ ანგელოზის ტბა ხელისგულივით გამოჩენილიყო.
ამ სილამაზით ისეთი აჟიტირებული ვიყავი, ხან აქედან ვიღებდი და ხან იქიდან 🙂
დათომ მითხრა, რომ ტბაში თუ ქვას ჩააგდებ, წვიმა მოვაო. იმ დღეებში ლატალის ფერდობებზე ტყე იწვოდა. ქვა სამჯერ ჩავაგდეთ, იქნებ წვიმა მართლა წამოვიდეს და მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობაში დაეხმაროსო. იმავე დღეს თბილისში ჩამოვედი და დათოს ყოველდღე ვურეკავდი, გამეგო, მოვიდა თუ არა წვიმა. მოწყალება ბუნებამ მხოლოდ მეოთხე დღეს გაიღო.
როცა ტბის ფოტო მეგობრებს ვაჩვენე, არ დაიჯერეს, რომ ფოტოშოპით დამუშავებული არ იყო და არც ადამიანისგან საგანგებოდ ჰქონდა ფორმა მიცემული.

წყარო:  http://likaniwith.me/

კომენტარები

სხვა სიახლეები