ხშირად ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წარმატებული იყოს, როგორც კარიერულ, ასევე პირად ცხოვრებაში. ამისთვის ძალისხმევას არ იშურებს, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდის. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლამარა ამბობს, ამ დროს ადამიანს ჩაკეტილი აქვს სამყაროსთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული არხი, რის გამოც ის ხშირად უბედობის, უსახსრობისა და უბედურების მსხვერპლი ხდება.
ლამარა: თუ ხელმოცარული ხართ ცხოვრებაში და მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, არაფერი გამოგდით, თავს დათარსულად და წარუმატებლად მიიჩნევთ, ეს მარტო თქვენი დამსახურებაა. ანუ, არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია გამოასწოროთ და ბედმა თქვენს სასიკეთოდ დაიწყოს შემობრუნება. ან მეორე ვარიანტია – არ იცით, როგორ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესი მომავლისთვის. ასევე, თუ წარმატებული და იღბლიანი ხართ, მაშინაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან თქვენს ირგვლივ, უამრავი შურიანი და ბოროტი ადამიანია და მათგან გათვალვაც არ არის გამორიცხული. ასე რომ, საჭიროა, თავი დავიცვათ და ის ელემენტარული წესები გავითვალისწინოთ, პარაფსიქოლოგიაში კარგად ჩახედულმა და განსწავლულმა წინაპრებმა რომ დაგვიტოვეს.
– ესე იგი, ფორტუნა რომ ასი პროცენტით ჩვენკენ შემოვატრიალოთ, ეს, თქვენი თქმით, შესაძლებელია?
– რასაკვირველია. ადვილად რომ აიწყოთ ცხოვრება, სწორად იმოქმედეთ, რწმენა არ მოადუნოთ და ყველაფერი კარგად იქნება. მაგალითად, თუ საწოლის ქვეშ დადებთ ხახვს, ის დაგიცავთ ავი თვალისგან და მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ უარყოფით ემოციებს თუ განცდებს, ღამით, ძილის დროს, თქვენგან განდევნის. დადეთ საღამოს ერთი გაჭრილი ხახვი საწოლის ქვეშ და იძინეთ მშვიდად. დილით კი გარეთ გაიტანეთ და გადააგდეთ, სახლიდან შორს. სამზარეულოსა და შესასვლელში ნივრისა და ცაცხვის ტოტების დადება, სიმშვიდესა და პირად ბედნიერებას გპირდებათ. ის, ასევე, ხელს უშლის სახლში ნეგატიური ენერგიების ცირკულაციას და წარუმატებლობისგან გიცავთ. ოღონდ, გაფრთხილებთ, არავითარ შემთხვევაში, არ დადოთ სამზარეულოს მაგიდაზე ბუტაფორიული, პლასტმასის ხილი და ბოსტნეული. ეს დღეს მოდაშია და ბევრგან მინახავს. იაფიც ღირს და ისე გჭრის თვალს, აუცილებლად მოგინდება, ყიდვა. დამიჯერეთ, ის ნამდვილად ცუდია სახლში. დეკორატიული ხილი სამზარეულოში შეიძლება, უარყოფითი ენერგიის და წარუმატებელი კარიერის მიზეზიც გახდეს. უმჯობესია ფული არ დაინანოთ და ცოცხალი ხილი დაალაგოთ მაგიდაზე. ამით, საკუთარ უსაფრთხოებასაც დაიცავთ და საცხოვრებელშიც ჰარმონიას დაამყარებთ. ჩემ გარშემო უამრავი ადამიანია, რომელიც საკუთარი წარმატების არხს, ხელოვნურად, თავადვე ბლოკავს. მისი ჩაკეტვა კი კარგს არაფერს გიქადით. ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ ბევრი შრომაში ათენებს და აღამებს, თავს არ ზოგავს, არანაირ სამუშაოს არ თაკილობს და მაინც გაჭირვებით ცხოვრობს. ძლივს გააქვს თავი თვიდან თვემდე, ხელმოცარულად ცხოვრობს და უბარაქობა ტანჯავს. ასეთ ადამიანებს ბარაქის კოდი აქვთ ჩაკეტილი. უფრო სწორად კი, მათი უიღბლობის, ხელმოცარულობის, უფულობისა და უბარაქობის მიზეზი, სამყაროსეული არხის ჩაკეტვაა. თუ ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია, ძნელია, მას მსგავს პარაფსიქოლოგიურ თემებზე ესაუბრო. გეტყვის, ამის არ მჯერა, უბედურ ვარსკვლავზე გავჩნდი და ეს დამაბედა გამჩენმაო. აბა, იმას კი არ იფიქრებს, რა არის ამ ყოველივეს მიზეზი და როგორ გამოვასწორო სიტუაციაო.
– როგორ ხდება ამ სიტუაციის გამოსწორება, ანუ სამყაროსეული არხის გახსნა ჩვენს სასიკეთოდ?
– თუ ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია და ფიქრობს, ბოლო გამოსავალი მკითხავთან წასვლა ან ათასგვარი თილისმის დაკიდება თუ შელოცვააო, ძალიან ცდება. არ არის გამორიცხული, ამან უფრო მეტი უსიამოვნება მოგიტანოთ და კიდევ უფრო დაამძიმოს თქვენი ყოფა. იღბლის კოდის გახსნის უძველესი და უმარტივესი მეთოდი არსებობს. მაგალითად, ბარაქის კოდის გახსნისთვის საკმარისია, შეიძინოთ ქოთნის მცენარეები. ეს დაგეხმარებათ ენერგიებისა და ბარაქის კოდის სწრაფად გახსნაში. ასეთი მცენარეებია გვიმრა და მონსტერა. ასევე, კარგია, თუ თქვენს ბინაში მუდამ იქნება ცოცხალი ყვავილები ლარნაკში, განსაკუთრებით – იასამანი, ია, ვარდი ან ღიღილო. ეს ყვავილები თქვენს ბედზე ახდენს დადებით გავლენას. ასევე, ვურჩევ, ყველა მამაკაცს, თუ უნდათ გოგონას გული ადვილად დაიპყრონ, აჩუქონ მას იასამანი. ის ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას უწყობს ხელს და ერთმანეთისკენ იზიდავს. ახალგათხოვილმა ქალმა მუდმივად უნდა იქონიოს სახლში ალუბლის ან მწარე ბლის ტოტები. ახლა გაზაფხულია და აყვავებულია ალუბლის ტოტები. თუ მათ წყალში ჩადებთ და ლარნაკით მაგიდაზე დადგამთ, სასიამოვნო სანახავიცაა, გადასარევი სურნელებაც აქვს და რაც მთავარია, ის ცოლ-ქმრის ბედნიერ თანაცხოვრებას უზრუნველყოფს. მწარე ბლის ტოტი კი საფულეში უნდა ჩადოთ და ატაროთ, რომ ფული მუდმივად გქონდეთ და არ გამოილიოს. სხვათა შორის, შეძლებულ ოჯახში ვიზრდებოდი და ფული ყოველთვის გვქონდა, მაგრამ მამა სულ იმაზე წუწუნებდა, ვშოულობ ამ ფულს და ისე გადის ხელიდან, უკან მოხედვას ვერც კი ვასწრებო. რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და სხვადასხვა ეროვნების ბავშვები იყვნენ ჩემს კლასში. ერთი ქურთი გოგოც იყო და მის დაბადების დღეზე რომ მივედი, ისეთი სახლი დამხვდა, გამიკვირდა. ვიფიქრე, ჩემი მშობლები თავს არ ზოგავენ, დღე და ღამე შრომობენ და ასე მაინც არ ვცხოვრობთ-მეთქი. კი არ შემშურდა, გამიკვირდა. მოკლედ, მერე ძალიან დავახლოვდით და დედამისმა გამანდო, მწარე ბლის ტოტი ატარე, შვილო, საფულეში და აი, ნახავ, ფული როგორ შემოგივა და არ გამოგელევაო. არ დამავიწყდება, გამიკვირდა, ბალი გამიგია და მისი სიმწარე, პირველად გავიგე-მეთქი (იცინის). ერთი სიტყვით, თავად მომცა პატარა ტოტი და არ დაიჯერებთ, დღესაც, ამდენი წლის შემდეგ, ის პატარა ტოტი მიდევს საფულეში. რა გითხრათ, თავზე არ გადამდის, მაგრამ ფული იმდენი მაქვს, რომ მყოფნის. ყოველ შემთხვევაში, ფინანსურ შემოსავალს არ ვუჩივი. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი სამყაროსეული ბედნიერების არხის გახსნაში გვეხმარება ფერადი, არომატული სანთლებიც. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აქ ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. სანთლები ადამიანის აურასაც წმენდს და სახლის ენერგეტიკის აღდგენაზეც ზრუნავს.
– თქვით, რომ არომატული სანთლის ანთების დროს, დღეებსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვსო. იქნებ, ამ საკითხზე უფრო დეტალურად მოგვაწოდოთ ინფორმაცია?
– მართალია. ცეცხლის ალი, გარდა ფიზიკურისა, ასტრალურ სიბრტყეშიც მოქმედებს და ამიტომ მას უდიდესი მაგიური ძალა აქვს. მისი მეშვეობით, შეგიძლიათ, გარკვეული კორექტივების შეტანა თქვენს ცხოვრებაში, კერძოდ – ბედსა და კარიერაში. მოკლედ, სამშაბათს სასურველია დაანთოთ იასამნისფერი სანთელი, რადგან მისი კვამლი თქვენს კეთილდღეობაზე დადებითად მოქმედებს. ხუთშაბათს სახლში ვარდისფერი სანთელი აანთეთ. ეს თქვენს ბედზე მოახდენს გარკვეულ დადებით გავლენას, შაბათს კი გირჩევთ, თეთრი სანთელი აანთოთ, რათა ამით ფუძის ანგელოზის გული მოიგოთ და მან თქვენს ბინაში სიმშვიდე და კეთილდღეობა გაამყაროს. ფერადი სანთლების კვამლი ადამიანის ენერგეტიკაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს და ასეთი მეთოდით ბედის სასიკეთოდ შემობრუნება, ოდითგანვე ცნობილი გახლავთ.
წყარო: tbiliselebi.ge