საკმაოდ მნიშვნელოვანი და ასტროლოგიური მოვლენებით დატვირთული კვირა გველის წინ. პირველ რიგში სიახლე შავი მთვარის სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადანაცვლებას შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწყებული აგვისტოს 25 რიცხვიდან უახლოესი თვეების მანძილზე გარკვეული იურიდიული საკითხები და საკანონმდებლო ორგანოებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ელემენტები შესაძლოა მცირე ხარვეზით ან შეფერხებით წარიმართოს, ამიტომ სასურველია ზემოხსენებულ პერიოდამდე ანუ 25 აგვისტომდე მოაგვაროთ ნებისმიერი საკითხი, რაც იურიდიულ საკითხებს შეეხება. მით უმეტეს, თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი სასწორის, ვერძის, თხის რქის ან კირჩხიბის ზოდიაქოს ემთხვევა. ხოლო რაც შეეხება შავ მთვარეს, მისი ტრანზიტის შესახებ სასწორის ზოდიაქოში უფრო ვრცელ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაეცნობით ჩვენს საიტზე.
შუა კვირა გაცილებით ჰარმონიული პლანეტარული ასპექტებით იქნება გამოკვეთილი. 26 აგვისტოს მზისა და იუპიტერის კარგი თანხვედრის ხარჯზე თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ მსხვილბიუჯეტიანი პროექტების განხორციელება, დიდი შენაძენი (უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, მსხვილი ტექნიკა). ზოგადად, განწყობაც უფრო ოპტიმისტური და პოზიტიური იქნება ამ დღეს ადამიანებში, ამიტომ ნებისმიერი მოლაპარაკება იქნება ეს პირადი ცხოვრების თუ სამსახურებრივი კუთხით, შესაძლებელია ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისით დამთავრდეს.
უკვე 27 აგვისტოდან მოლაპარაკებების წარმატებით წარმოებას ხელს პლანეტა მერკურიც შეუწყობს, რომელიც ქალწულის ზოდიაქოდან სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიპლომატიურობას დიდი ფასი დაედება. ეს კარგი პერიოდია ხელოვანი და შემოქმედებითი ადამიანებისთვის. არანაკლებ მომგებიანია იგი იურისტებისთვის, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ შავი მთვარე მერკურს ფეხდაფეხ მიჰყვება ამ პერიოდში და იურიდიულ სფეროში მოღვაწე ადამიანებმა ზუსტად უნდა განსაზღვრონ სიტყვა “სამართლიანობის” დეფინიცია. მით უმეტეს, რომ შეცდომების დაშვების ალბათობა ამ პერიოდში მათთვის ყველაზე მეტადაა გარანტირებული. ამ მხრივ ყველაზე კრიტიკული 28 აგვისტო იქნება.
მით უმეტეს, რომ იქვე, უკვე 29 აგვისტოსთვის სავსემთვარეობაც მოგვადგება კარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ემოციების მაქსიმალურ კონტროლზე აყვანა მოგვიწევს. ამასთან ერთად, რაკი სავსემთვარეობა თევზების ზოდიაქოს ემთხვევა, გააქტიურებული იქნება ჭორების, ინტრიგებისა და ბუნდოვანი სიტუაციების ალბათობა. შესაბამისად, კვირის მეორე ნახევარი სასურველია მაქსიმალურ სიმშვიდესა და ჰარმონიაში გავატაროთ.
წყარო: www.astrologi.ge