16 აგვისტოს ბათუმი რუსული ესტრადის ცნობილ წარმომადგენელს, მიხეილ შუფუტინსკის უმასპინძლებს. მომღერალი აჭარაში სოლო-კონცერტს გამართავს.
Ambebi.ge და Palitratv დაინტერესდა, როგორია საზოგადოების განწყობა შუფუტინსკის მიმართ და სურთ თუ არა შუფუტინსკის კონცერტზე დასწრება.
გამოკითხულთა აზრი განსხვავებულია. უმრავლესობა ამბობს, რომ შუფუტინსკი არ მოსწონს და მის კონცერტზე დასწრებას არ ისურვებდა. შუფუტინსკის ფანები კი ამბობენ, რომ უსახსრობის გამო მის კონცერტზე დასწრებას ვერ შეძლებენ:
“არ მაინტერესებს შუფუტინსკი, მე მაინტერესებს ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა. რა დროს შუფუტინსკია, როცა ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, მაგრამ ხალხის მდგომარეობა არავის აინტერესებს”.
“ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობთ, არც სიმღერა გვინდა და არც გართობა. სიმღერა კი არა, ტირილი გვინდა. პურის ფული როგორ ვიშოვო, იმაზე ვფიქრობ, რათ მინდა შუფუტინსკის კონცერტი?!”
“რაც კეთდება ყველაფერი კარგი, ვიღაც მაინც ხომ ჩამოვა და ცოტა გაგვახალისებს?! არაფერი რომ არ კეთდება, ცუდი ეგ არის”.
“არ მომწონს შუფუტინსკი, წავიდა მაგის დრო, უკვე დაბერდა. ახალგაზრდებს არ მოსწონთ და რისთვის ჩამოდის, ვერ გამიგია. მაგის კონცერტზე დასასწრებად ფულს ვინ გადაიხდის?!”.
“პენსიონერი კაცი ვარ, მაგის ფული სად მაქვს, რომ წავიდე და მოვუსმინო?! ისე კი
მომწონს, მაგრამ თუ ვერ წავალ, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ჩამოვა თუ არა, საერთოდ არ მაინტერესებს”.
“რატომაც არა, ჩამოვიდეს. შუფუტინსკის სიმღერები მომწონს და ვუსმენ კიდეც, საშუალება თუ მექნება, ბათუმშიც დიდი სიამოვნებით ჩავალ და კონცერტს დავესწრები”.
შეგახსენებთ, რომ შუფუტინსკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50-დან 90 ლარამდე მერყეობს.
წყარო: http://www.ambebi.ge