სახეშეცვლილი კაზანტიპი თუ ქართული საბრენდო ფესტივალი

ყველას მოგეხსენებათ, რომ წინა წელს, აგვისტოში ანაკლიის სანაპიროზე ჩატარდა კაზანტიპის ფესტივალი. მოლოდინები ძალიან დიდი იყო როგორც ორგანიზატორებში, ასევე მსმენელშიც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ფესტივალმა ვერ გაამართლა და ეს არაერთი ფაქტორით იყო გამოწვეული. კაზანტიპის სტუმრები ამ დიდ ჩავარდნას ფესტივალის ორგანიზატორებს აბრალებდნენ, ფესტივალის ხელმძღვანელობა კი – მსმენელს და თვითონ ქართველ ხალხს, რომლებიც კაზანტიპის მამამთავრად წოდებულმა ნიკიტა მარშუნოკმა თავის ბოლო განცხადებაში საბრალო და ველურ ხალხად მოიხსენია. სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო ფაქტი, გაიზიარებს თუ არა Gem Fest კაზანიპის ბედს და, ფაქტობრივად, არშემდგარ ფესტივალად გამოცხადდება, თუ ორგანიზატორების მოლოდინს გაამართლებს და წარმოჩინდება, როგორც საბრენდო ფესტივალი საქართველოსთვის მთელი დანარჩენი სამყაროს წინაშე. ძალიან დიდი იყო გამოხმაურება საპატრიარქოს მხრიდან კაზანტიპთან დაკავშირებით და ამ ყველაფერს საპროტესტო აქციებიც მოჰყვა. რაც შეეხება წლევანდელ ფესტივალს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს კომენტარიც კი არ გაუკეთებიათ. რეალურად კი იგივე ხალხია საორგანიზაციო სამუშაოებში ჩართული, რომლებიც კაზანტიპის ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ, კონკრეტულად გიორგი სიგუა, რომელიც სამღვდელოების მხრიდან არაერთხელ შეირაცხა უზნეო პიროვნებად.

ანაკლიის სანაპიროზე მშენებლობის ბუმია, ასობით ადამიანი ცდილობს, საფესტივალოდ მოამზადოს ტერიტორია, უკვე რამდენიმე კვირაა, დღე-ღამის განმავლობაში არ შეჩერებულა სამუშაოები. მთავარი სცენა უკვე ელოდება პირველ შემსრულებლებს. ბარები და კვების ობიექტებიც რამდენიმე დღეში მზად იქნება სტუმრების მისაღებად. ქალბატონი მანანაც ელოდება სტუმრებს, ის ფესტივალის ტერიტორიასთან ძალიან ახლოს ცხოვრობს და იმედი აქვს, რომ წლევანდელი ფესტივალი მის ოჯახში ცოტაოდენ შემოსავალს შემოიტანს. ასევე, მის სამ მცირეწლოვან შვილს გაუფერადებს ზაფხულის დღეებს. როგორც ქალბატონი მანანა, ასევე ანაკლიის მთელი მოსახლეობა დიდი სიხარულით ელოდება ფესტივალის დაწყებას.

შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ, ანაკლიის ტერიტორიაზე, 2015 წლის 30 ივლისს იწყება მუსიკალური ფესტივალი Gem Fest. ორგანიზატორები ანაკლიაში ჩასულ სტუმრებს მრავალფეროვან მუსიკასა და დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდებიან. ეს იქნება ელექტრონული მუსიკისა და ლაივ-შემსრულებლების სინთეზი, ლაზერშოუები, სტუმრებისთვის მუდმივად ღია აკვაპარკი, ბარები, სხვადასხვაგვარი კვების ობიექტები და კარვების ქალაქი, რომელიც ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში უმასპინძლებს ჩამოსულ სტუმრებს.

ანაკლიაში გასამართმა ფესტივალმა დიდი დისკუსია გამოიწვია საზოგადოებაში, ისევე როგორც 2014 წლის აგვისტოში, ანაკლიის ტერიტორიაზე ჩატარებულმა მუსიკალურმა ფესტივალმა კაზანტიპმა, რომელიც არაერთ წინააღმდეგობას წააწყდა, როგორც საზოგადოების, ასევე საპატრიარქოს მხრიდან. პროტესტის ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ფესტივალის დაწყებამდე ორი დღით ადრე ანაკლიაში საპატრიარქომ საპროტესტო მსვლელობა გამართა და ხალხს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ ფესტივალზე მისვლისგან, რადგან, მათი აზრით, ეს იყო გარყვნილების პროპაგანდა. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ფესტივალი ჩატარდა. თუმცა მოლოდინი, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორებს ჰქონდათ, არ გამართლდა. ფესტივალს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის ნაცვლად გაცილებით ცოტა დაესწრო. აგრეთვე, ფესტივალის დაწყებამდე სტიქიურმა მოვლენებმა გამოიწვია საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩახერგვა და, ფაქტობრივად, საზღვარს მიღმა ათასობით ადამიანი დარჩა. ასევე, სტუმრების უმეტესობა ძალიან უკმაყოფილო იყო ფესტივალის ტერიტორიაზე არსებულ ბარებსა და კვების ობიექტებში შეუსაბამო ფასებით. საერთო ჯამში, ფესტივალმა მშვიდად ჩაიარა, მაგრამ როგორც ორგანიზატორები, ასევე ფესტივალის სტუმრები უკმაყოფილონი დარჩნენ და დასრულებისთანავე დაიწყო სცენებისა და აბრების დემონტაჟი, ეს იმის ნათელი სურათი იყო, რომ შემდეგ წელს არ ჩატარდებოდა იგივე ფესტივალი. მაგრამ 2015 წელს დაანონსდა ახალი ფესტივალი, მის ორგანიზებას სათავეში ჩაუდგა გიორგი სიგუა, რომელმაც ასევე დიდი წვლილი შეიტანა 2014 წელს ჩატარებული ფესტივალის ორგანიზებაში. შეიქმნა სრულიად ახალი ჯგუფი, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო და სათავეში ჩაუდგა ფესტივალის ორგანიზებას. ფესტივალზე მსოფლიოში განთქმული არაერთი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. როგორც ქართველები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული შემსრულებლები, როგორებიცაა: AArmin Van Buuren, Dubfire, Booka Shade, M.A.N.D.Y და სხვები.

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფესტივალმა ხარვეზების გარეშე ჩაიაროს, წინა წელს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით დიდი რისკის წინაშე დგას წლევანდელი ფესტივალიც, სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ Gem Fest-ის აღმასრულებელ დირექტორს, ლაშა წურწუმიას.

– რა ეტაპზეა ფესტივალისთვის მზადება?

– ფესტივალისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება, დღეს გადაიხურება ცენტრალური სცენა, მეორე სცენის კარკასის მშენებლობაც თითქმის დასრულებულია, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა განათებაზე, ლაზერებზე, ხმაზე და ასე შემდეგ. დასასრულს უახლოვდება ბარების მშენებლობა, ფესტივალის ტერიტორიაზე იხსნება თორმეტი ბარი და ექვსი კვების ობიექტი. აკვაპარკიც მზადაა სტუმრების მისაღებად, სადაც ასევე იმუშავებს ბარები, აკვაპარკი ფესტივალის ყველა სტუმარს უფასოდ მოემსახურება.

– რა ჟანრის მუსიკა იქნება წარმოდგენილი ფესტივალზე?

– ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ელექტრონული მუსიკა, ამ შემთხვევაში თითქმის ყველა თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩავრთეთ ამ ფესტივალში, ვგულისხმობ ქართველ მუსიკოსებს, ასევე, გვყავს მოწვეული ოთხმოცამდე უცხოელი შემსრულებელი. მსმენელის სურვილს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ. ფესტივალზე იმუშავებს ქართული კუთხე, სადაც მოწვეულია ნინო ქათამაძე, Loudspeakers და ჩვიდმეტი ქართველი Dj.

– აქვს თუ არა Gem fest-ს რამე კავშირი წინა წელს ჩატარებულ ფესტივალთან?

– ერთადერთი კავშირი, რაც ამ ფესტივალს კაზანტიპთან აქვს, ეს არის ტერიტორია, რეალურად რა ტერიტორიაზეც ჩატარდა კაზანტიპი, იგივე ტერიტორია ავითვისეთ ჩვენი ფესტივალისთვის.

– რომელი ქვეყნებიდან ელოდებით სტუმრების ძირითადად და გაუწევს თუ არა Gem fest კონკურენციას ყირიმში გასამართ ფესტივალს, რომელსაც სახელი შეეცვალა და ეწოდა „BEFOOZ“?

– სტუმრების ძირითად ნაწილს საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან ველოდებით. ასევე, არამოსაზღვრე სახელმწიფოებიდანაც. ესენია უკრაინა, ბელორუსი. რაც შეეხება კონკურენციას, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რაღაც კონცერტი ჩვენი კონკურენტი ვერანაირად ვერ იქნება. ერთ კვირაში იწყება ყირიმზე ფესტივალი და ჯერ line up-იც კი არ აქვთ დადებული მთავარ საიტზე. ასევე, პრობლემები აქვთ საბანკო მომსახურების სფეროში, არ არის საერთაშორისო ფრენები. ასე რომ, ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ძალიან მეეჭვება, რაიმე კონკურენცია გაგვიწიოს წლევანდელმა კაზანტიპმა, უკვე ახალი სახელით – „BEFOOZ“.

არის თუ არა მსგავსება და განსხვავება ამ ორ ფესტივალს შორის, რას ნიშნავდა მათთვის კაზანტიპზე მონაწილეობა და რა მოლოდინები აქვთ Gjem fest-ზე? სწორედ ამ კითხვით მივმართეთ წინა წელს ჩატარებული ფესტივალის მონაწილე მუსიკოსებს საქართველოდან.
გიორგი, Hip Hop ჯგუფი „Scribe Squad“:

– ჩვენ გვეგონა, რომ იქ იქნებოდა ბევრად მეტი ადამიანი, მოლოდინი იყო 30-40 ათასზე, რეალურად კი 4-5 ათასი ადამიანი იყო, რაც ნამდვილად არ მომეწონა. ასევე, არ მომეწონა ის ფაქტი, როგორ იქცეოდა ხალხი, არ მომეწონა ფასები, რეალურ ფასთან შედარებით ათჯერ მეტი იყო.
რაც მომეწონა, ეს იყო პირველ რიგში ხმა, ყველაფერი იყო ამ მხრივ მოწესრიგებული, ტექნიკური მხარე ნამდვილად ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ჩემთვის უდიდესი სიურპრიზი აღმოჩნდა იმის გაგება, რომ მუსიკოსებს ჰონორარს არ უხდიდნენ. არც რუსეთიდან, არც უკრაინიდან და არც საქართველოდან, ჰონორარები აიღეს მხოლოდ ძალიან ცნობილმა შემსრულებლებმა.
ბექა, TMB(the machete boyz):
– შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის კაზანტიპი, ასე თუ ისე, დიდი გამოცდილება იყო. ძალიან მომეწონა ხმა, თვითონ ფესტივალის აურა, ხალხი. ყველა ძალიან მეგობრული იყო, უმეტესობა გასართობად და კარგი მუსიკის მოსასმენად იყო ჩამოსული და არა, როგორც ხდება ქართულ კლუბებში, სიტუაციის ასარევად. ჩვვენი სცენა, სადაც ჩვენ დავუკარით, დათმობილი იყო მთლიანად ბეის მუსიკის მიმდევრებისთვის. როგორებიცაა: „brakebeat“, „dup stap“, „drum and bass“, „trap“. მსმენელები რომლებიც ჩვენს სცენასთან იკრიბებოდნენ, კონკრეტულად ამ მუსიკის მოსასმენად იყვნენ მოსული, რამაც ძალიან გაგვახარა. ტექნიკური მიმართულებითაც ყველაფერი გამართული იყო. აპარატურა, რაც მჭირდებოდა, ყველაფერი ფესტივალის ორგანიზატორებმა მოგვაწოდეს, რაც დაკვრის პროცესზეც აისახა და არანაირ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია. კიდევ, რაც ძალიან მომეწონა, კაზანტიპზე ძალიან კარგად იყო დალაგებული მუსიკა ჟანრობრივად და თითქმის ყველა მიმდევრობის მუსიკის მოსმენა შეეძლო მსმენელს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი წლევანდელ ფესტივალ Gjem fest-ზე. ფაქტობრივად, გამოდის, რომ კაზანტიპთან შედარებით მუსიკალური მრავალფეროვნების მხრივ ძალიან მოიკოჭლებს წლევანდელი ფესტივალი. ის მუსიკა, რასაც წინა წელს ვუკრავდით, ანუ ბეის მუსიკა, საერთოდ არაა წარმოდგენილი. Lineup შედგება „ლეგენდარული“ მუსიკოსებისგან, შეიძლება ითქვას, მაგრამ მაინც თამამად ვიტყვი, რომ ყველა ერთსა და იმავე ჟანრში მოღვაწეობს. ასევე, ძალიან არ მომწონს ის, რომ სცენების ნაკლებობაა. როგორც ვიცი, სულ ორი მოქმედი სცენა იქნება მთელ ფესტივალზე და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მინუსია მსგავსი მასშტაბის ფესტივალისთვის. საერთო ჯამში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან ბაძავენ კაზანტიპს, რასაც აღნიშნული ფესტივალის ორგანიზატორები უარყოფენ, მაგრამ ეს აშკარაა. რაც შეეხება ზოგად, საორგანიზაციო საკითხებს შემიძლია, ასე დავყო. რაღაც მიმართულებებში კაზანტიპი სჯობდა. უბრალოდ, ერთი ფაქტია აღსანიშნავი, რომ წელს Gjem fest-ზე ბევრად მოწესრიგებულია თვითონ მთავარი საიტი, მომხმარებლისთვის ძალიან კომფორტულადაა ყველაფერი მოცემული. თუნდაც line up, თუნდაც მგზავრობის საკითხები, ფასებიც ბევრად უფრო მიმზიდველია მსმენელისთვის. კაზანტიპს წელს არაერთი ხელის შემშლელი ფაქტორი აბრკოლებს და ერთ-ერთია პოლიტიკური ვითარება ყირიმზე, რამაც შეიძლება შეაფერხოს თუნდაც უკრაინელი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება ყირიმის ტერიტორიაზე. ასევე, 2015 წლის თებერვალში, კამბოჯაში უნდა გამართულიყო კაზანტიპი, სადაც მიწვეული ვიყავი როგორც მე, ასევე ჩემი მეგობრები საქართველოდან და სწორედ პოლიტიკური საკითხების მოუგვარებლობის გამო ჩაიშალა თებერვლის ფესტივალი. ასე რომ, დაზღვეულები ნამდვილად არაფრისგან არიან.

მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ Gjem fest-ის „ლაინაფისა“ და „ბუქინგის“ მიმართულების ხელმძღვანელს, ბიკო სალთხუციშვილს.

– მონაწილეობენ თუ არა ქართველი მუსიკოსები ფესტივალზე და რამდენად მრავალფეროვანია წარმოდგენილი მუსიკალური ჟანრები?

– ჩვენ მიერ შერჩეული მუსიკოსები არიან საქართველოს მასშტაბით გამორჩეული შემსრულებლები. ფესტივალში მონაწილეობს ოცდაშვიდი ქართველი ინდივიდუალური შემსრულებელი და ექვსი ლაივ ბენდი. მინდა გითხრათ, რომ ფესტივალი მუსიკალურად ძალიან მრავალფეროვანი იქნება და არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კაზანტიპთან შედარებით ნაკლები ჟანრის მუსიკა იქნება წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ Gjem fest-ის ორგანიზატორები მთლიანად უარყოფენ როგორც მსგავსებას, ასევე კავშირს კაზანტიპთან, მაინც არ ცხრება ამ საკითხის განხილვა საზოგადოებაში. ძალიან საინტერესოა, ასევე, საპატრიარქოს პოზიცია, 2014 წელს სამღვდელოება მიუძღოდა წინ ხალხს და მსვლელობით გააპროტესტეს ანაკლიაში ჩასატარებელი ფესტივალი. წელს, მათი მხრიდან არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ წინა წელს ანაკლიაში გარყვნილების ბუდე შენდებოდა და ხალხს მოუწოდებდნენ, თავი შეეკავებინათ იქ მისვლისგან, წელს რა შეიცვალა?! იგივე ტერიტორია, იგივე თემატიკის ფესტივალი, მუსიკაც იგივე და ახალგაზრდები, ბლომად ახალგაზრდები, სქესისა და ორიენტაციის განურჩევლად. ჩნდება კითხვა, რატომ წელს არ აპროტესტებს საპატრიარქო „სოდომ-გომორს“?

სწორედ ამ კითხვით მივმართეთ საპატრიარქოს წარმომადგენელს, მამა გიორგი რაზმაძეს:

– კაზანტიპის ფესტივალი გავაპროტესტეთ როგორც ქართულმა ეკლესიამ, ასევე საზოგადოების რჩეულმა წევრებმა, რომლებიც სწორად აზროვნებენ. ვისაც აზროვნების უნარი არ გააჩნია, სწორედ ისინი იყვნენ კაზანტიპზე ჩასულები ანაკლიაში. კაზანტიპი – ეს არის აღვირახსნილი, გათახსირებული ფესტივალი, სადაც პორნოგრაფია, ნარკოტიკები, სექსი და ასე შემდეგ, ღვარად მოედინებოდა. რაც შეეხება ანაკლიაში წელს გასამართ ფესტივალს, ჩემი, როგორც სასულიერო პირის, აზრით, წლევანდელ ფესტივალზე არ ხდება მსგავსი სიბინძურეები. როგორც ტელევიზორში გასულ რეკლამებში ჩანს, ჩამოჰყავთ უცხოური მუსიკალური ჯგუფები. ადამიანებს ჩვენ ვერ ავუკრძალავთ მუსიკის მოსმენას, ერთადერთი შეგვიძლია რჩევა მივცეთ და სწორი გზისკენ ვუბიძგოთ.

როგორც მოგეხსენებათ, კაზანტიპის საორგანიზაციო ჯგუფში, აქტიურად მონაწილეობდა Gjem fest-ის მამამთავრად წოდებული გიორგი სიგუა. ის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა არაერთგზის ახსენეს თავიანთ კომენტარებში და არც მამა გიორგი რაზმაძე აღმოჩნდა გამონაკლისი: „ამ პიროვნებაზე ბევრჯერ გვისაუბრია, შეიძლება უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ეს არის პიროვნება, რომელიც სიყმაწვილის ხურუშიანობის ასაკიდან ვერ გამოვიდა. ამ ყველაფერში გიორგი სიგუა კი არ არის დამნაშავე, არამედ ის ხალხი, ვინც მას იყენებს და აკეთებინებს მსგავს სისულელეებს. ის, სამწუხაროდ, არის „პაიკი“, არარაობა, რომელიც ბოროტი სულების მიერ იმართება. სიგუას გადაეცით, რომ ის საცოდავია, საცოდავი ოჯახის შვილია. უბრალოდ, წარწყმედის გზაზე დგას საწყალი. იქნებ თქვენი გაზეთის მეშვეობით მივაწვდინოთ ხმა და გონს მოეგოს ეგ დეგენერატი და იქნებ რამე შეცვალოს თავისი ცხოვრების წესში, თორემ შეიძლება მისმა ასეთმა საქციელებმა თვითონ კი არა, მთელი მისი საგვარეულო ამოწყვიტოს“.

კაზანტიპი ჩატარდა, ვერც საპატრიარქოს წინააღმდეგობამ გაჭრა და ვერც ხალხის სიმცირემ. ფაქტი ერთია, მოლოდინები არ გამართლდა, არც ხალხის და არც ორგანიზატორების. კაზანტიპის სწორედ ამ ფაქტებით უკმაყოფილო პრეზიდენტთან და საორგანიზაციო ჯგუფთან დაკავშირება რამდენჯერმე ვეცადეთ, მაგრამ ამაოდ, მათ არ ისურვეს ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება. კაზანტიპის პრეზიდენტის, ნიკიტა მარშუნოკის ბოლო კომენტარი მის ოფიციალურ „ფეისბუკ“-გვერდზე გავრცელდა: „ცოტა ხნის წინ ქართველებმა ანაკლიაში კაზანტიპის ძეგლი აიღეს. უცნაურია, რომ მათ კონკრეტულად ეს მონუმენტი აიღეს და არა სხვა ყველაფერი, რაც ჩვენ ავაშენეთ. რა თქმა უნდა, ანაკლიაში დარჩენილი ინფრასტრუქტურის საკუთარ დამსახურებად გასაღება მარტივია, ძეგლი კი უმჯობესია, აიღო, რომ ვერავინ მიხვდეს, ვის მიერ არის ეს ყველაფერი აგებული. საინტერესოა, როგორ მოიქცევიან წაქცეულ „Z მეტეორიტს“? Z-ს G-დ გადააკეთებენ თუ ააფეთქებენ? სასაცილოა, საბრალო და ველური ხალხი“!
ამასთან დაკავშირებით Gjem fest-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა წურწუმიამ კომენტარი გააკეთა ჩვენთან საუბრისას და აღნიშნა: „რაც შეეხება კაზანტიპის სიმბოლიკის აღებას, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, რადგანაც წინა წელს სხვა ფესტივალი ტარდებოდა და წლევანდელ ფესტივალთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. მარტივად რომ გითხრათ, Gjem fest-ზე მოსულ სტუმრებს ნამდვილად არ უნდა დახვედროდა კაზანტიპის სიმბოლიკა. ეს იყო ჩვეულებრივი დეკორაცია და არა ძეგლი, როგორც მას უწოდეს, მოხდა მისი ჩანაცვლება Gjem fest-ის სიმბოლიკით“.

მიუხედავად ფარული თუ აშკარა დაპირისპირებისა ამ ორ ფესტივალს შორის, ანაკლიაში Gjem fest-ისთვის მზადება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. მსმენელი, რომელმაც უკვე იყიდა ბილეთი Gjem fest-ზე დასასწრებად, დღეებს ითვლის და ემზადება, ანაკლიაში ათი ფერადი და ხმაურიანი დღის გასატარებლად.

წყარო: http://primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები