დაიდგმება თუ არა გმირთა მოედანზე ჰიპოპოტამის ფიგურა

საზოგადოების ნაწილი გმირთა მოედნის ტერიტორიაზე ჰიპოპოტამის ფიგურის დადგმის იდეით გამოდის და მხარდამჭერთა ხმებს აგროვებს. აღნიშნულის შესახებ თხოვნა manifest.ge-ზე მოქალაქე მაია ჯამბაზიშვილმა გაავრცელა.

„ძვირფასო მეგობრებო! თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების დროს ძალიან ბევრი ჩვენგანისთვის საოცარ, საოცრად შთამბეჭდავ სანახაობად იქცა სრულიად სიურეალისტური სურათი – გმირთა მოედანზე ჰიპოპოტამის გამოჩენა – ჩვენი ჰიპო – დინჯი, მშვიდი, უჩვეულო, კეთილად აოცებდა და ღიმილს გვრიდა სტიქიისგან დაზაფრულ ადამიანებს. როგორც აღმოჩნდა, ბევრი ჩვენგანისთვის ჩვენი ჰიპო ამ დღეს სიკეთის, გადარჩენისა და მომავლის იმედის სიმბოლოდ იქცა! უძველესი მითოლოგიების მიხედვითაც, ჰიპოპოტამი სწორედ იმედის, სიცოცხლის მუდმივი განახლების, სიკეთის სიმბოლოა – აკი, გადარჩა კიდეც, ჩვენი ჰიპო ! უცხოური მედიის მრავალმა წარმომადგენელმაც დიდი ინტერესით გაავრცელა ჰიპოპოტამის გმირთა მოედანზე „მოგზაურობის“ კადრები. გაჩნდა იდეა – გმირთა მოედნის მიდამოებში დაიდგას ჰიპოპოტამის ფიგურა – რომელიც თავის თავში გააერთიანებს ამ დღის უამრავ, განსხვავებულ ემოციას, ამავე დროს განასახიერებს დაღუპული ცხოველების გადარჩენილ თანამოძმეს. თბილისის ჰიპოს ფიგურა იქნება სიკეთის, იმედის, გადარჩენის, სიცოცხლის, ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების სიმბოლო. გამორჩეულად აღნიშნავს თბილისის ისტორიის ამ დრამატულ დღეებს და ამავე დროს განუმეორებელ შტრიხს შემატებს ჩვენს დედაქალაქს“,-წერია საიტზე, რომელსაც ხელს ამ დროისთვის 300 მეტი ადამიანი აწერს.

პეტიციის სრულყოფილებისთვის სულ 2 000 ხმა არის საჭირო, რასაც ამ დროისთვის 1614 ხმა აკლდება. იდეას ინტერნეტში მაშინვე გამოუჩნდნენ მხარდამჭერები. ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში ინტერნეტმომხმარებლებს პეტიციაზე ხელმოწერა მითითებულ ლინკზე შეუძლია: http://manifest.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები